ღაჟოსებრნი
ღაჟოსებრნი (ლათ. Laniidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ღაჟოსებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა და საშუალო ზომის ფრინველები, რომლებიც მთელი რიგი მკვეთრი მორფოლოგიური და ეკოლოგიური ნიშნებით ხასიათდებიან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ნისკარტის აგებულება, რომელიც ძალიან ემსგავსება შავარდნისებრთა ნისკარტს და მტაცებლურ ცხოვრების ნირთანაა დაკავშირებული. ღაჟოსებრთა ნისკარტი მოკლეა და მძლავრი, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული. ნისკარტზედა ბოლოში მოკაუჭებულია, ხოლო მჭრელი კიდეები წვეროს წინ წარმოქმნიან კბილაკებს. ნისკარტის ძირში, მის გვერდებზე კარგადაა განვითარებული ჯაგრისებური ბუმბულები, რაც დამახასიათებელია ბევრი მწერიჭამია ფრინველისათვის. ნესტოები ოვალურია და ღია. ფრთები ბლაგვი და შედარებით მოკლეა. პირველი რიგის მომქნევი 10-ია. მათ შორის პირველი ჩვეულებრივად მოკლეა და ზოგჯერ მეორე მომქნევის მხოლოდ ნახევრამდე აღწევს. კუდი შედარებით გრძელი და საფეხუროვანია, შეიცავს საჭის 12 ბუმბულს. ფეხები ძლიერია, მაგარი გალოთი და თითებით. ბრჭყალები შედარებით დიდი, მოხრილი და ბასრია. სქესობრივი დიმორფიზმი ზოგიერთ სახეობას კარგად აქვს გამოხატული, მაგრამ უმრავლესობის დედალი და მამალი გარეგნულად ერთნაირია. ახალგაზრდა ფრინველებისათვის დამახასიათებელია ბუმბულსაფარველის ე. წ. ქერცლოვანი შეფერილობა.
ღაჟოსებრნი სავანის ტიპის ტყის ფრინველებია და ხშირ, მაღალტანიან ტყეში არ შედიან. ისინი ირჩევენ მეტწილად ტყისპირებს, ბუჩქნარებს, ნათელი ტყის ფრაგმენტებს, კულტურულ ლანდშაფტს როგორც ბარში, ისე მთებში — 2000 მ-მდე ზ. დ.
მრავლდებიან მონოგამიურად. ბუდეს იკეთებენ მხოლოდ ხეებსა და ბუჩქებზე; ბუდე დახურული არასოდეს არაა. დებენ 3-დან 8-მდე, უფრო ხშირად 4-6 კვერცხს. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები, მაგრამ ბარტყების გამოკვებაში დედალს მამალიც ეხმარება. საინკუბაციო პერიოდი 12-21 დღემდე გრძელდება.
ღაჟოსებრნი იკვებებიან დიდი ზომის მწერებით და პატარა ზომის ხერხემლიანებით — მღრღნელებით, წვრილი ბეღურასნაირი ფრინველებით, მათი კვერცხებითა და ბარტყებით, ხვლიკებითა და ამფიბიებით. დამახასიათებელია ე. წ. სამარაგო საკვების — თაგვების, ხვლიკების, კალიებისა და სხვათა წამოგება ბუჩქებისა და ხეების ეკლებზე.
ღაჟოსებრთა ოჯახში 10 გვარის 76 სახეობას ითვლიან. გავრცელებული არიან აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში ამ ოჯახის ერთი გვარია.
- ღაჟო (ლათ. Lanius)