სპის კონფერენცია 1920
სპის კონფერენცია 1920 – ანტანტის სახელმწიფოთა უმაღლესი საბჭოს სხდომა 1920 წლის 5-16 ივლისს ქ. სპაში (ბელგია) ჩატარდა სან-რემოს კონფერენციის 1920 გადაწყვეტილებით. მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, პორტუგალია, ბელგია. ესწრებოდნენ აგრეთვე გერმანია და პოლონეთი – იმ საკითხების განხილვის დროს, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებოდა. ამ კონფერენციაზე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ანტანტისა და გერმანიის წარმომადგენლები.
სხდომაზე განიხილეს გერმანიის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების 1919 სამხედრო მუხლების შესრულების საკითხი. როგორც გაირკვა, გერმანიას ჯერ კიდევ შემონახული ჰყავდა 200 ათასიანი არმია, ე.ი. ორჯერ მეტი იმაზე, რაც დაშვებული იყო ვერსალის მოლაპარაკების მიხედვით. ამასთან, ფლობდა ნებადართულზე გაცილებით მეტ სამხედრო ტექნიკას. გერმანიის მთავრობა შიშობდა, რომ სახელმწიფოში იყო „რევოლუციის საფრთხე“, ამიტომ მოკავშირეებისაგან მისი განიარაღების გადავადებას ითხოვდა. მხარეებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს ეს თხოვნა და დაადგინეს, რომ არმია უნდა შემცირებულიყო 150 ათას კაცამდე 1920 წლის 10 ოქტომბრისათვის და 100 ათასამდე – 1921 წლის იანვრისათვის. კონფერენციაზე განიხილეს აგრეთვე გერმანიის მიერ სარეპარაციო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. სამხედრო სანქციის მუქარის შედეგად გერმანიამ განაცხადა მზადყოფნა რეპარაციების ანგარიშში ყოველთვიურად 2 მლნ ტ. ქვანახშირი გადაეხადა. მოკავშირეებმა კი, თავის მხრივ, გერმანიას სურსათის შესაძენად კრედიტების მიცემა აღუთქვეს. საფრანგეთსა და ინგლისს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების პირობებში, სპის კონფერენციაზე არ იქნა დადგენილი გერმანიის რეპარაციების საერთო თანხა, განისაზღვრა მხოლოდ კვოტა ყოველი ქვეყნისათვის, რომლებსაც მისი მიღების უფლება ჰქონდა, კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დახმარებოდნენ პოლონეთს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამ მიზნით პოლონეთში გაიგზავნა ინგლის-საფრანგეთის მისია.