სტავრიდის გვარი
სტავრიდის გვარი – Trachurus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სტავრიდისნაირნი
ოჯახი: სტავრიდისებრნი
გვარი: სტავრიდები
თევზების გვარი სტავრიდისნაირთა რიგისა. ანალური ფარფლის წინ ორი გამოცალკევებული ქიცვი აქვს. გვერდითი ხაზი ძვლოვანი ფარებითაა დაფარული. ზურგის ორი ფარფლი აქვს. კუდის ღერო წვრილია.
გავრცელებულია შავ ზღვაში და წარმოდგენილია ერთი სახით, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება.
სტაგრიდები ზღვის პელაგური მარდი და გუნდური თევზებია. უფრო მეტად, ფსკერს ეტანება, მაგრამ ნადავლის (მსხვერპლის) დადევნებისას დიდ ჯგუფებად იკრიბებიან და სანაპიროებისაკენ წყლის ზედაპირზე მოცურავენ.
ტოფობა ივნის-აგვისტოში ხდება; ივლისში გაცხარებული ხასიათისაა. ქვირითს წყლის ზედაპირზე საღამოს ყრის.
სტავრიდის ნაყოფიერება 17,5-დან 116 ათას ქვირითამდე შეადგენს.
ქვირითი თავისუფლად მცურავი და გამჭვირვალეა. მისი დიამეტრი 0,84-1,1 მმ-ია, ყვითრი სეგმენტირებულია და ცხიმოვან წვეთს შეიცავს. გამოჩეკილი ლარვების სიგრძე 2,5 მმ-ს აღწევს, ლიფსიტები მსხვილი მედუზის ქოლგის ქვეშ არიან, ისინი შემოდგომაზე 5,6-6,2 სმ ხდებიან.
სტავრიდა შავ ზღვაში 40 სმ აღწევს, სხვა ზღვებში კი – 50 სმ და 0,4 კგ იწონის. სარეწაო ზომა 10-15 სმ-ია.
ნ. ვახვახიშვილის ცნობით, კავკასიის სანაპიროებში გვხვდება სტავრიდა 45 სანტიმეტრამდე და წონით ერთ კილოგრაზე მეტი. ასეთი ეგზემპლარები დაჭერილი იყო გაგრის მეთევზეების მიერ 1949-1950 წლებში.
ახალგაზრდები პლანქტონით იკვებებიან, ზრდასრული თევზები სხვა ახალგაზრდა თევზებით (ქაფშიებით, ქარსალებით, ატერინებით, კეფალებით), წვრილი ღორჯოებით, გორბილებით და ჭიებით.