სტანისლავსკის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტანისლავსკის სისტემა — სასცენო თეორიის, მეთოდის და სამსახიობო ტექნიკის პირობითი სახელწოდება, პრაქტიკული სახელმძღვანელო. შეიქმნა როგორც თავად სტანისლავსკის შემოქმედებითი და პედაგოგიური, ასევე მის წინამორბედთა, მსოფლიოს სასცენო ხელოვნების უდიდეს წარმომადგენელთა გამოცდილების განზოგადების საფუძველზე. ადრე არსებული თეატრალური სისტემებისაგან იმით განსხვავდეაბა, რომ გათვლილია არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ თვით შემოქმედების პროცესზე. მასში მთელი სრულყოფილებით განხილულია არაცნობიერი და ქვეცნობიერი შემოქმედების თავისებურებანი, გამოძებნილია მათი ამოქმედების გზები. ყოველივე ამას სტანისლავსკიმ „განცდის ხელოვნება“ უწოდა.

პოზიტიურ პროგრამასთან ერთად, სტანისლასკიმ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა დილეტანტიზმს, მხატვრული ტექნიკის უგულებელყოფას, მხოლოდ შთაგონების იმედით ყოფნას. იგი მთლიანად გაემიჯნა ხელოსნობასაც, რომელიც სარგებლობს მზა ტრაფარეტებით და შტამპებით, მხოლოდ გარეგნული საშუალებებით გადმოსცემს გმირის რაობას და ვნებებს.

სტანისლავსკის ხელოსნობისგან რამდენადმე განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა წარმოდგენის ხელოვნების მიმართ, რომელიც მსახიობისგან მოითხოვს განცდის სიწრფელეს, მაგრამ მხოლოდ სარეპეტიციო პერიოდში, სცენიდან კი მაყურებელს უჩვენებს მზა შედეგს, როლის ერთხელ და სამუდამოდ შედგენილ ემოციების სპექტრს და გარეგნული გამოსახვის სქემას. წარმოდგენის სამსახიობო სკოლისათვის ნიშნეულია სცენური პირობითობისადმი მონური დამოკიდებულება, აქცენტის გადატანა გარეგნულ ბრწყინვალებასა და ეფექტურობაზე, რაც, სტანისლავსკის აზრით, ბოჭავს მსახიობის ფანტაზიას, უკარგავს კავშირს ინტუიციასთან, ირაციონალურ შემოქმედებით იმპულსებთან.

სტანისლავსკიმ მსახიობისგან მოითხოვა ყოველ სპექტაკლში გმირის ბედის ხელახალი განცდა, რაც, მისი აზრით, ორგანულს ხდის შემოქმედების პროცესს და განსაკუთრებული ძალით ზემოქმედებს მაყურებელზე.

ამრიგად, სტანისლავსკიმ თანაბარი მნიშვნელობა მიანიჭა მსახიობის ინტელექტს და ინტუიციას, თვლიდა რა, რომ მხოლოდ მათი სინთეზია ის ნიადაგი, რომლის წიაღში წარმოიშვება შთაგონების განსაკუთრებული სახეობა – ზეცნობიერი, რაც გულისხმობს გმირის სულიერი ცხოვრების სრულ წვდომას და ამავე დროს გამომსახველი საშუალებების სრულ მართვას.

სტანისლავსკის სისტემის საყრდენი ღერძია სცენური მოქმედება, ცხოვრებისეული მოქმედების მხატვრული ორეული. ორგანული შემოქმედების დროს, მისი აზრით, მოქმედების ცხოვრებისეული და სცენური სტიმულები გათანაბრებულია. სწორედ მოქმედების შემწეობით მსახიობი გრძნობს და ფიქრობს განსასახიერებელი გმირის მსგავსად.

სტანისლავსკიმ მოქმედების გასააქტიურებლად და ორგანული განცდის გამოსაწვევად, მიაგნო სრულიად მარტივ, მაგრამ უაღრესად ეფექტურ ხერხს, რომელსაც ფიზიკური ქმედების მეთოდი უწოდა. მისი აზრით, ელემენტარული ფიზიკური ქმედება ადვილად აგრძნობინებს მსახიობს მოცემულ ვითარებას, ატმოსფეროს, სხვა პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას. ამ მეთოდს სტანისლავსკიმ უწოდა ფიზიკური და სიტყვიერი ქმედების მეთოდი, რითაც სურდა გამოეკვეთა სიტყვის, როგორც ქმედების განსაკუთრებული ფორმის მნიშვნელობა. სტანისლავსკის სწავლეაბა სიტყვიერი ქმედების შესახებ, არსობრივად განსხვავდება იმისაგან, რაც მანამდე იყო შექმნილი სასცენო მეტყველების ტექნიკაში. ხმის დაყენების, დიქციის, წარმოთქმისა და მეტყველების ლოგიკის გარდა, მან შეიმუშავა სპეციფიკური სამსახიობო ტექნიკა – სიტყვიერი ურთიერთზემოქმედების ტექნიკა. პარტნიორის მიმართ ასეთი ცოცხალი დამოკიდებულება, მსახიობს უღვივებს წარმოსახვას და აისახება მის ფიქრებში, ემოციებში, ბოლოს კი, ქმედებაში. ასეთი ორგანულობა უაღრესად გადამდებია და წარმოშობს ურთიერთზემოქმედების საუკეთესო ნიადაგს.

სტანისლავსკი უარყოფდა მსახიობთან საუბრების მნიშვნელობას იმ დრომდე, ვიდრე მსახიობს არ ჩამოუყალიბდება როლის შეგრძნება. იგი თვლიდა, რომ საუბრებამდე მსახიობი ღრმად უნდა შეიჭრას შემოთავაზებულ ვითარებაში და შეეცადოს მოქმედებით უპასუხოს შეკითხვას: რას გავაკეთებდი მე, ახლა, ამ ადგილას, თვითონ რომ ვიყო ჩაყენებული პერსონაჟის მდგომარეობაში. თუკი მსახიობის მოქმედება არ ემთხვევა იმას, რაც როლით არის განსაზღვრული, მაშინ საჭიროა ვიპოვოთ ისეთი ვითარებანი, რომლებიც ხელს შეუწყობენ კერძოდ ამ და არა სხვა მოქმედების განხორციელებას. მოქმედებით პიესის ანალიზი, ანუ – ქმედებით ანალიზი – სტანისლავსკის აზრით, საუკეთესო საშუალებაა დრამატურგის ჩანაფიქრის ამოსახსნელად და ქმნის მაქსიმალურად ხელსაყრელ გარემოს მსახიობის როლში გარდასახვისათვის. ამ გზით ყალიბდება გამჭოლი მოქმედება – ანუ როლის უწყვეტი ხაზი. თუკი ყველა მსახიობი ჩამოაყალიბებს ასეთ უწყვეტ ხაზს, მათი ურთიერთგადაკვეთა თავისთავად მოგვცემს სპექტაკლის პარტიტურას. როლის თამაშის დროს მსახიობმა აღარ უნდა იცოდეს სად თავდება მისი „მე“ და სად იწყება პერსონაჟის „მეობა“. სტანისლავსკი თვლიდა, რომ ასეთ ვითარებაში მაყურებელი ძალიან სწრაფად იზიარებს პერსონაჟის განცდებს და სპექტაკლის თანამონაწილე ხდება.

სტანისლავსკი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ზეამოცანას – ანუ იმას, თუ რისი თქმა, რომელი პრობლემის გაჟღერება სურთ დრამატურგს, რეჟისორს, მსახიობს. იგი თვლიდა, რომ ზეამოცანის ძიება წარმოადგენს შთაგონების მთავარ წყაროს და რომ ძიების ამ პროცესს მიჰყავს მსახიობი გამჭოლ მოქმედებამდე.

განიხილავდა რა სცენურ ცხოვრებას როგორც იდეების, ინტერესების და მისწრაფებების შეურიგებელ ჭიდილს, სტანისლავსკიმ თეატრალურ ლექსიკაში შემოიტანა ცნება კონტრ-გამჭოლი მოქმედება (ანუ კონტრმოქმედება). კონტრგამჭოლი და გამჭოლი მოქმედების შეტაკება შესაძლოა განხორციელდეს ან სხვადასხვა პერსონაჟთა დაპირისპირებით, ან პიესის გმირების მიერ შინაგანი წინააღმდეგობის გადალახვით. ამასთანავე, კონტრგამჭოლი მოქმედების პერსონაჟები აჩქარებენ გამჭოლი მოქმედების გამოკვეთას, რითაც ხელს უწყობენ ზეამოცანისაკენ სწრაფვას.

თუკი ზეამოცანა მოწოდებულია შექმნას საერთო შემოქმედებითი სულისკვეთება, პიროვნულ თვითგამოხატვას ემსახურება ზე-ზეამოცანა. სტანისლავსკის აზრით, სწორედ ზე-ზეამოცანა მსახიობს აქცევს პიროვნებად, აყალიბებს რა მის მსოფლმხედველობას და მსოფლგანცდას.

სტანისლავსკის სისტემაში დიდი ადგილი ეთმობა არტისტულ ეთიკას, რომლის გარეშე, მისი აზრით, არათუ ანსამბლზე, საერთოდ შემოქმედებაზე ზედმეტია საუბარი.

სტანისლავსკი შორს იყო იმ აზრისაგან, რომ თავისი სისტემით ყველაფერი თქვა ხელოვნების ისეთ ურთულეს დარგზე, როგორიცაა თეატრი, მაგრამ ერთი რამ უდაოა, მან ნამდვილად შექმნა თეატრალური ხელოვნების უნივერსალური გზამკვლევი.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები