სტილისტიკა
სტილისტიკა – (ფრანგ. stylistique < style – სტილი), სტილის შემსწავლელი ფილოლოგიური დისციპლინა, რომელიც ენათმეცნიერებას ეფუძნება, მაგრამ მისგან განსხვავებული ასპექტით იკვლევს ენას, როგორც გამოყენებას, შეისწავლის მას „მოქმედებაში“; იხმარება „სტილის“ სინონიმადაც ამა თუ იმ ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ა. შ. მხატვრული გაფორმების თავისებურ ნიშანთა ხაზგასასმელად (მაგ., „გ. დოჩანაშვილის პროზის სტილისტიკა“: „ამ მოთხრობის უჩვეულო სტილისტიკა“.
სტილისტიკის ძირითადი ცნებებია: სტილი (ენობრივი, ფუნქციური, ინდივიდუალური), ენის სტილისტიკური სტრუქტურა, ენობრივ საშუალებათა სტილისტიკური ორგანიზაცია, სტილისტიკური შეფერილობა, სტილური ნიშანი, ენობრივ ერთეულთა სინონიმია, შესაბამისობა და ვარიაციულობა, სტილისტიკური ნორმა და მისი ფუნქციურ-სტილური სახესხვაობანი. რამდენადაც ენის ეკოლოგია, ანუ მისი არსებობის გარემო, მრავალფეროვანი და ისტორიულად ცვალებადია. სტილიც ისტორიული მოვლენაა და, ამდენად, ცვლილებას განიცდის მისი შემსწავლელი დისციპლინის ცნებებისა და კატეგორიების შინაარსიც. ამის გამო სტილისტიკა შეისწავლის არა მარტო სტილს (ამ ტერმინის ყველა ენათმეცნიერული მნიშვნელობით), არამედ სტილთა ევოლუციასაც სალიტერატურო ენის ისტორიასთან მიმართებით, ისტორიულად შეისწავლის აგრეთვე მეტყველების ფიგურებისა და ტროპებსაც.
სტილისტიკის სათავეებთან
უკვე ანტიკურ პოეტიკასა და რიტორიკაში მოცემული იყო სტილისტიკის ელემენტები (პოეტური და სასაუბრო მეტყველების განსხვავება, მეტყველების ღირსებათა დახასიათება და შეფასება, ფიგურათა შერჩევა, სამი სტილის აღიარება): სტილისტიკის პრობლემებს უფრო ვრცლად ეხებიან სანსკრიტის გრამატიკოსები (V–II სს. ძვ. წს.) და, განსაკუთრებით, ძველი ინდოეთის პოეტიკური ტრაქტატები (IV–VII სს.) ანტ. ტრადიციები მოქმედებდა შუა საუკუნეების ფილოლოგიაშიც, ამასთანავე, კვლევებს კვლავ პრაქტიკულ-ნორმატიული ხასიათი ჰქონდა: ადგენდნენ, თუ რა ლექსიკა-ფრაზეოლოგია, ტროპები და ფიგურები „შეშვენის“ სიტყვიერების სხვადასხვა სახეს (ანტიკურ მოძღვრებას სამი სტილის შესახებ კლასიციზმამდე მნიშვნელობა არ დაუკარგავს).
საკუთრივ ენათმეცნ. სტილისტიკას სათავე დაუდო შ. ბალიმ („ტრაქტატი ფრანგული ენის სტილისტიკის შესახებ“, 1909). მისი მოძღვრების ბევრ დებულებას ემყარება და ავითარებს თანამედროვე ლინგვისტიკა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია „ნეიტრალური ფონის“ საკითხი, ენობრივ ერთეულთა ფუნქციური შერჩევა, ექსპრესიულ ფაქტთა კლასიფიკაცია, რასაც უკავშირდება მოგვიანებით დასმული „დამატებითი ინფორმაციის“ პრობლემა; ასევე საყურადღებოა დიქტუმისა და მოდუსის ცნებები, რომელთა მიხედვით გამონათქვამი ორ ნაწილად იყოფა. დიქტუმი გარკვეული ექსტრა-ლინგვისტური სიტუაციის ამსახველ პროპოზიციას მოიცავს, ხოლო მოდუსი ამ სიტუაციის მიმართ სუბიექტის დამოკიდებულებას გამოხატავს (შდრ. „სუბიექტური დანართი“ – არჩ. ჩიქობავა). ე. ბენვენისტის კონცეფციიდან მომდინარეობს ენის შესწავლა „მოქმედებაში“, სადაც მეტყველ სუბიექტს ცენტრალური ადგილი უკავია, ამდენად, მის სახელთანაა დაკავშირებული სტილისტიკის თანამედროვე გააზრება, როცა იგი გაგებულია როგორც სხვადასხვა სიტუაციაში მოლაპარაკის მიერ ენის გამოყენების შესახებ ზოგადი მოძღვრება. საბოლოოდ, როგორც დამოუკიდებელი დარგი. სტილისტიკა პრაღის ლინგვისტურ წრეში ჩამოყალიბდა, ჩეხ ენათმეცნიერთა ზოგად ლინგვისტიკური მოძღვრების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა პეტროგრადის ფილოლოგ-თეორეტიკოსთა და მოსკოვის ლინგვისტთა გაერთიანებამ – „პოეტური ენის თეორიის შემსწავლელმა საზოგადოებამ“, რომელიც ნომინალურად 1919 გაფორმდა. პირველად აქ იქნა შემუშავებული თანამედროვე სტილისტიკისთვის პროდუქტიული იდეები, რომლებიც უკავშირდება ფუნქციონალიზმსა და ტელეოლოგიზმს, ფუნქციური სტილის ცნებას, ანტითეზას – პოეტური მეტყველება და პრაქტიკული მეტყველება. „გაუცნაურების“ მეთოდს, რამაც პარალელებთან ენობრივი ფაქტურის ავტომატიზაცია-აქტუალიზაციის სახე მიიღო (შდრ. გრ. კიკნაძესთან „ფიქსირებული ფორმის გამეორება და ფიქსირებული ფორმის დარღვევა“), ასევე შეხედულებას ენობრივი ნიშნის ავტონომიური ღირებულების შესახებ მხატვრულ მეტყველებაში, ინდივიდუალურ გამონათქვამთა განხილვას ნორმათა არსებულ კომპლექსთან მიმართებით, მხატვრული მეტყველების სტილისტიკის ორიენტაციას ენათმეცნიერებაზე და სხვ.
თანამედროვე სტილისტიკას მიმართულებები
თანამედროვე სტილისტიკას მრავალი მიმართულება აქვს, რომლებიც განსხვავდებიან შესწავლის მასალით, პრობლემატიკით, საგნობრივი სფეროებით, ასპექტებითა და კვლევის ხერხებით.
ტრადიციულია მიმართულება, რომელიც ენის სტილისტიკურ საშუალებებს სწავლობს, ანუ რესურსების სტილისტიკა. მისი დანაყოფებია: ფონეტიკური სტილისტიკა, ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური სტილისტიკა, მორფოლოგიური სტილისტიკა, სინტაქსური სტილისტიკა და სიტყვაწარმოებითი სტილისტიკა. რესურსების სტილისტიკა აღწერითი ხასიათისაა და ენაში სინონიმიის არსებობას ემყარება (ჰ. ჰოკეტი: „ერთი და იმავე ენის ორი შეტყობინება, რომელიც დაახლოებით ერთნაირ ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ რომელთაც განსხვავებული ენობრივი სტრუქტურები აქვთ, შეიძლება განიმარტოს როგორც სტილისტიკურად განსხვავებული“). საპირისპირო აზრის თანახმად, ინფორმაციათა იდენტურობა საეჭვოა იქ, სადაც ამ ინფორმაციათა შემცველი გამონათქვამები სტილისტიკურად ერთმანეთს უპირისპირდება (ნ. ენკვისტი).
სამეტყველო აქტის მონაწილეთა როლების მიხედვით გამოყოფენ მეტყველების გამგზავნის სტილისტიკას და მეტყველების მიმღების სტილისტიკას. პირველს, ჩვეულებრივ, კოდირების, ხოლო მეორეს დეკოდირების სტილისტიკას უწოდებენ. მათი ობიექტი უფრო ხშირად მხატვრული მეტყველებაა, სადაც სამეტყველო აქტის სამწევროვანი დაყოფა იცვლება მისი ანალოგიური სისტემით „ავტორი – ნაწარმოები – მკითხველი“. კოდირების სტილისტიკას აინტერესებს მწერლის შემოქმედებითი პროცესის მამოძრავებელი ძალები, დეკოდირების სტილისტიკას კი – თვით ტექსტი, რომელსაც მკითხველი აღიქვამს. ამიტომ ამ დისციპლინებს, შესაბამისად, ავტორის სტილისტიკას და აღქმის სტილისტიკას უწოდებენ. მხატვრული ნაწარმოების, როგორც ცოცხალი პროცესის, არსს სწორედ აღქმის სტილისტიკა ავლენს, რომელიც ავტორისა და ნაწარმოების უცვლელობის პირობებში მკითხველის სხვადასხვაობას ითვალისწინებს. გარკვეულ დროსა და სივრცეში შექმნილი, ფიზიკურად უცვლელი ნაწარმოები ცვალებადი მკითხველის გამო ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად იკითხება. აქ დგება ინტერპრეტაციისა და მკითხველის თვისებრიობის საკითხები, „ავტორის სახისა“ და სხვა პრობლემები, რომელთა არსი ისევ ენობრივი მასალითაა მატერიალიზებული. ამიტომ ორივე აღნიშნული სტილისტიკა პრინციპულად არაენათმეცნიერული ვერ იქნება.
განასხვავებენ შიდაენობრივ და გარეენობრივ სტილისტიკას. პირველი შეისწავლის ამა თუ იმ ენის სტილისტიკურ სტრუქტურას, მის შინაგან, ინტელექტუალურსა და აფექტურ ელემენტებს, განსაზღვრავს მათ ურთიერთ ზემოქმედებას. გარეენობრივი, ანუ შედარებითი, სტილისტიკის შექმნის იდეა შ. ბალის ნაშრომებში ჩაისახა და ახლა შეპირისპირებით სტილისტიკას უწოდებენ. მისი კვლევის საგანია ორი ან მეტი ენის სტილისტიკურ საშუალებათა და სტილისტიკურ სტრუქტურათა შედარებითი შესწავლა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა. კონტრასტული ანალიზი საშუალებას იძლევა უკეთ გამოვლინდეს თითოეული შეპირისპირებული ენის სტილისტიკური თავისებურებანი, რომლებიც შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს შიდასტილისტიკური შესწავლისას. შ. ბალიმ, მაგ., ფრანგული ენის სტილისტიკის უკეთ დახასიათებისათვის გერმანული ენის სტილისტიკური თავისებურებანი მოიშველია. შესადარებელ ენათა სტილისტიკური სტრუქტურების შეპირისპირება თვალსაჩინოს ხდის ენის სტილისტიკური აგებულების როგორც საერთო, ინვარიანტულ, ისე სპეციფიკურად ეროვნულ თავისებურებებს. მაგ., ადიღეურ ენაში ძირითადი ფუნქციური სტილებია: ზეპირ-პოეტური, ლიტერატურულ-მხატვრული და სამეცნიერო-პუბლიცისტური (ზ. და მ. კუმახოვები), მაშინ როდესაც, ქართულში კარგადაა გამიჯნული სამეცნიერო და პუბლიცისტური ფუნქციური სისტემები; ასევე, ფუნქციური სტილის გამოკვეთილი სტატუსი აქვს ოფიციალურ-საქმიან სტილს (ფუნქციური სტილისტიკა). შეპირისპირებითი სტილისტიკის მონაცემები მნიშვნელოვანია როგორც ზოგადთეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ისინი ფართოდ გამოიყენება ლინგვოპედაგოგიკასა და თარგმნის სფეროში.
გამოყენებითი, ნორმატიული დისციპლინაა პრაქტიკული სტილისტიკა, რომელიც, ენობრივ-სტილისტიკური ნორმების შესაბამისად იძლევა მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციებს ენის გამოყენების შესახებ სხვადასხვა გარემოსა და სფეროში.
აღწერითი სტილისტიკისგან განსხვავებით, ისტორიული სტილისტიკა ენის გამოყენების ისტორიას შეისწავლის. იგი ადგენს როგორც სტილისტიკურ ნორმათა ცვლას, ისე სალიტერატურო ენის სტილისტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.