სტილოსტატისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტილოსტატისტიკა – სტატისტიკური სტილისტიკა, სტილისტიკის ნაწილი. მათემატიკური სტატისტიკისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ალბათობათა თეორიის მეთოდებით იკვლევს სტილისტიკურ მონაცემებს. აღნიშნულ მეთოდებს იყენებენ შეპირისპირებითსა და ფუნქციურ სტილისტიკაში, უფრო ხშირად – მხატვრული ტექსტის ანალიზისას. სტილოსტატისტიკა ძირითადად ეხება სტილისტიკური ანალიზის კრიტერიუმების დადგენისა და ინდივიდუალური სტილის (იდიოსტილის) პრობლემატიკას, რასაც პრაქტიკული მიზანიც შეიძლება ჰქონდეს, კერძოდ, ანონიმური და ფსევდონიმური ნაწარმოებების ავტორობის დადგენა (ატრიბუცია), ტექსტების დათარიღება, ფუნქციურ სტილთა დიფერენციაციის დასაბუთება და სხვ.
გ· კვარაცხელია
ლიტერატურა
- აბულაძე ლ. ვაჟა-ფშაველას მხატვრული პროზის ლექსიკის სტატისტიკური ანალიზი. – თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, I, თბ. 1966;
- კვარაცხელია გ. სტატისტიკური მეთოდებით ლექსიკის სტილისტიკურ-შედარებითი კვლევა. – იქვე. II თბ., 1967;
- მისივე, ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბ., I990;
- მისივე, მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები, თბ., 1995.