სტროფი
სტროფი – (ბერძნ. strophe – სიტყვასიტყვით მობრუნება), ორი ან რამდენიმე ტაეპისაგან შედგენილი რიტმული პერიოდი – ხანა სტროფისათვის დამახასიათებელია შინაარსის, ბგერწყობისა და მეტრული აღნაგობის ერთიანობა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ტაეპთა საკუთრივ რითმით დაკავშირებაც ურთიერთთან.
სტროფები შეიძლება იყოს ორტაეპიანი – მრჩობლედი, სამტაეპიანი – ტერცეტი, ოთხტაეპიანი – კატრენი, ხუთტაეპიანი – მუხამბაზი, ექვსტაეპიან – სექსტინა, რვატაეპიანი – ოქტავა, ცხრატაეპიანი – ნონა, ათტაეპიანი –– დეციმა და სხვ.
სტროფში გაერთიანებული ტაეპები შეიძლება იყოს თანაბარმარცვლიანი, თანაზომიერი (იზომეტრული სტროფი) და „არათანაბარმარცვლიანი, არათანაბარზომიერი (ჰეტერომეტრული სტროფი).
ქართული ლექსისათვის დამახასიათებელია ოთხტაეპიანი და ორტაეპიანი სტროფები, როგორც იზომეტრული, ისე ჰეტერომეტრული წყობით. ხალხურ პოეზიაში შეიმჩნევა ასტროფიაც: ლექსის სტროფული დანაწევრების არათანაბარზომიერება.