სუსანოო
სუსანოო – (იაპონ.) ღვთაება, რომელიც იძანაკის განმწმენდელი წყლის წვეთისგან წარმოიშვა. სამყაროს განაწილებისას სამ ღმერთს შორის, სუსანოოს იძანაკიმ ოკეანე შეახვედრა, რისთვისაც უკმაყოფილო სუსანოომ იმზომამდე იტირა, რომ წვერები წელამდე ჩამოეზარდა, მისმა მოთქმამ ყველაფერი გაახმო გარშემო: მდინარეები, ზღვები, მდელოები, ტყიანი მთები... ბოლოს, გადაწყვიტა თავისი დედის, იძანამის ქვეყანაში, მკვდართა სამეფოში წასულიყო. ამით უკმაყოფილი იძანაკიმ იგი განდევნა ტაკამა-მო ხარადან (ზეციური ვაკეებიდან). ვიდრე გაეცლებოდეს ღმერთების საყოფელს, სუსანოო განზრახ სჩადის სამ „ციურ დანაშაულს“ რვათაგან: მოშლის ამატერასუს დამუშავებულ ყანებში მიჯნებსა და არხებს, გააბინძურებს განავლით ღმერთების სანადიმო დარბაზს, ცოცხალი ცხენისგან გახდილ ტყავს დააგდებს ოთახში, სადაც ამატერასუ ციურ ფეიქრებთან ერთად წმიდა სამოსელს ქსოვს. ამით მან მოიჭრა უკან დაბრუნების გზები. ამიერიდან მიწაზე ჩამოსული სუსანოო ადამიანებზე მზრუნველი ღმერთი ხდება – იხსნის მათ რვათავიანი და რვაკუდიანი გველეშაპისგან, რომელიც ქვეყანას ჩაყლაპვით ემუქრებოდა.
სხვა გადმოცემით, ამ დანაშაულებისთვის ციდან განდევნილი სუსანოო ხეტიალობს და სთხოვს ღმერთებს თავშესაფარს, მაგრამ ამაოდ – მას არავინ შეიფარებს და იგი იძულებული ხდება ქვესკნელს მიაშუროს, რისგანაც მას არავინ და არაფერი აკავებს.