სცენური ხასიათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სცენური ხასიათი – (ბერძნ. charakter – ანაბეჭდი, თვისება, განმასხვავებელი ნიშანი), როლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მახასიათებლები, გამოკვეთილი საჭირო სიღრმით და აღბეჭდილი ინდივიდუალური ნიშნებით. სცენურ ხასიათში მოცემული უნდა იყოს ისტორიულად და სოციალურად განსაზღვრული ტიპი (რაც უნდა აისახოს გმირის საქციელში, აზრებში, განცდებში, მეტყველებასა და ტანის მოძრაობაში). სცენურ ხასიათში გამოკვეთილ უნდა იქნას, აგრეთვე, პერსონაჟის ზნეობრივი მრწამსი, მენტალობა და მსოფლმხედველობა. ზოგადი განმარტებით, მხატვრული სახე არის მუდამ განმეორებადის, საერთოსა და ინდივიდულურის ნაზავი, ობიექტურის (ისტორიულ-სოციალური რეალობა) და სუბიექტურის (ფსიქოტიპი, გენოტიპი) სინთეზი.

სცენური ხასიათი შესაძლებელია საგრძნობლად დაშორდეს დრამატურგიულ პირველწყაროს, რაც გაპირობებულია გარდასახვის სპეციფიკით სცენური ხასიათის შექმნის პროცესში მსახიობი ეძებს შეხების წერტილებს საკუთარ სულიერ და ფიზიკური რაობასა და დრამატურგის მიერ შემოთავაზებულ პერსონაჟს შორის. ასეთი შერწყმის შედეგად იბადება სცენური ხასიათი, რომელიც მრავლად შეიცავს მსახიობის და პერსონაჟის საერთო თვისებებს. გარდასახვის ბოლო სტადიაში არც მსგავსება და არც განსხვავება აღარ ფიქსირდება მსახიობის მიერ, რადგან იგი უკვე გადაზრდილია ორგანულ ქმედებაში. მსახიობის ამ მდგომარეობას მიხაილ ჩეხოვმა უწოდა „მესამე ცნობიერება“. რაც უფრო ძლიერია პიესით შემოთავაზებული დრამატული მუხტები, მით უფრო უადვილდება მსახიობს „იგრძნოს და იფიქროს პერსონაჟის მსგავსად“ (კ. სტანისლავსკი).

სცენური ხასიათის შექმნის დროს, მსახიობი ითვალისწინებს რეჟისორის საერთო ჩანაფიქრს, სპექტაკლის „თამაშის წესს“, ჟანრს, სტილს, ანსამბლურობის მოთხოვნებს. სცენური ხასიათი, ნებისმიერი კონკრეტიზაციის პირობებშიც კი, მხატვრული მოვლენაა და იქმნება კიდეც თეატრალური ესთეტიკის კანონების მიხედვით.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი[[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები