ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაძრისი - წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი

ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი - (ინგლ. Tadzrisi) – IX-X საუკუნეების ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი, ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სოფელი ტაძრისი გამორჩეული ადგილია. როგორც დასახელება მიგვანიშნებს, ეს სახელწოდება მას ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია და ასე შემორჩა დღემდე. ტაძრისის მონასტრის ისტორია კი ორ სულიერ წინამძღვართან გრიგოლ ხანძთელთანა და გიორგი მთაწმინდელთან არის დაკავშირებული.

ისტორიული ცნობების თანახმად, ტაძრისის სამონასტრო კომპლექსი სამონასტრო ეკლესიების, წინამძღვრის რეზიდენციისა და ციხისგან შედგებოდა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ტაძარი: წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკებია შემორჩენილი. აქ სამონასტრო ცხოვრება XVI საუკუნის შუა წლებამდე გრძელედებოდა, ვიდრე ამ მხარეს თურქეთის ოტომანთა დინასტია არ დაეპატრონა. ტაძრისის მონასტერი განადგურდა. XVIII საუკუნეში, რეგიონი ისევ საქართველოს სამეფოს ნაწილად იქცა, მაგრამ მონასტერი არ განახლებულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2009 წელს, ღირსი გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავის აღსანიშნავად ტაძრისში ღვთისმსახურება კვლავ აღდგა.

სამონასტრო ნაგებობები წარმოადგენს ერთმანეთთან მიჯრილ, მცირე ზომის, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კომპარტიმენტებს, რომლებიც დიდი ზომის, დაუმუშავებელი ქვებით არის ამოყვანილი, დუღაბის გარეშე. მონასტრის განვითარების შემდგომ ქრონოლოგიურ ეტაპს (დაახლოებით XI ს.) წარმოადგენს მისგან ოდნავ მოცილებული, სამხრეთ-დასავლეთით, ბორცვის თავზე განთავსებული ციხის გალავნით გარშემორტყმული წინამძღვრის რეზიდენცია. კომპლექსი არის შედარებით უფრო დიდი ზომის სათავსებიც, რომელთა შორის გამოიყოფა დიდი, სამნაწილიანი დარბაზი ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით. მცირე ზომის დამხმარე სათავსები კი ერთ მწკრივშია განთავსებული.

წმინდა მარიამის სახელობის მოკრძალებული ზომის, სადა დარბაზული ეკლესია განთავსებულია მონასტრის ტერიტორიაზე, სამეკლესიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით. პატარა ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია რუხი ფერის ფორებიანი ქვის წყობით.

მონასტრის მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის ეკლესია. იგი წარმოადგენს დიდი ზომის სამეკლესიიან ბაზილიკას (15,0x6,0 მ.), რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც ნაგებია ღია ფერის საშუალო ზომის ქვიშაქვით. ეკლესია გეგმით განიერ, სივრცობრივ დარბაზს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის, გაშლილი ფორმის საკურთხევლით სრულდება. საკურთხევლის ცენტრში, სარკმელია გაჭრილი, რომელიც ფლანკირებულია ღრმა, მაღალი ნიშებით. ნიშები ტრაპეციის ფორმისაა, ზევითკენ შევიწროებული, თაღოვანი დასრულებით. აფსიდის ცენტრში კედელზე მიდგმული სადა ტრაპეზის ქვაა მოთავსებული.

მონასტრის ტერიტორიაზე დაცულ ნაგებობათა ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ დიდია: სამონასტრო ეკლესიები – X საუკუნე, წინამძღვრის რეზიდენცია – XI საუკუნე, ციხე – XIII საუკუნე. ტაძრისის კომპლექსი სხვადასხვა დროის (X-XIII სს.) ნაგებობათა ერთიანობას წარმოადგენს. მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ისტორიული და სულიერი განვითარების გზაზე. იგი ერთიან წარმოდგენას გვიქმნის შუა საუკუნეების საქართველოს სამონასტრო ცხოვრებაზე. ასეთი სტრუქტურის მქონე სამონასტრო ანსამბლი, რომლის შემადგენლობაში წინამძღვრის რეზიდენციაა დაცული, იშვიათაობაა დღემდე გამოვლენილ ქართულ სამონასტრო არქიტექტურის ძეგლებს შორის.

ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები