ტეკენუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტეკენუ – ეგვიპტური დაკრძალვის რიტუალის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და დღემდე ბუნდოვანი მონაწილე.

ბალზამირების სახლში მუმიაზე ჩატარებული ლიტურგიის შემდეგ სამგლოვიარო პროცესია საფლავისაკენ მიემართებოდა. პროცესია მიჰყვებოდა სამ ციგას, რომლებზეც მიცვალებულის სარკოფაგი, კანოპები და ტეკენუ იყო მოთავსებული. ნახატებზე ტეკენუ გამოიყურება, როგორც მოხრილი მძინარე ადამიანი, რომელსაც ცხოველის ტყავი აქვს გადაფარებული. მას ხსნიან, როგორც არქაული დაკრძალვების (Hockerbestattung) რუდიმენტს, როცა მიცვალებულს მოხრილ მდგომარეობაში კრძალავდნენ. გარკვეული ცერემონიები უშუალოდ დაკრძალვის წინ მოიცავდა რიტუალს, სახელად „ტეკენუს ძილი“. მძინარე ტეკენუ გამოსახულია მოხრილი სკამზე ან პატარა ლოგინზე, მისი სხეული, თავის გარდა, ისევ ცხოველის ტყავით არის დაფარული.

ზოგიერთი მოსაზრებით, ისტორიულ დროში ტეკენუ წარმოადგენდა ჩალის და ლერწმისაგან გაკეთებულ ადამიანის ფიგურას, თავით ან უთავოდ. ხარებს, რომლებსაც მიცვალებულის სარკოფაგი და დასაკრძალი ინვენტარი მიჰქონდათ, ჩვეულებრივ სამარხთან კლავდნენ, და იმავდროულად ხდებოდა ტეკენუს ჩალის ფიგურის დაწვა. ამ მოსაზრების თანახმად, ეს იყო ეგვიპტის ისტორიის უძველესი პერიოდის ჩვეულების გადმონაშთი, როცა მოხელეებს, ომის ტყვეებს და სხვა პირებს მსხვერპლად სწირავდნენ სამარხის წინ, რომ ისინი გარდაცვლილი მეფის თანმხლებნი საიქიოშიც ყოფილიყვნენ. ტეკენუს გამოსახულებები რამესიდების პერიოდიდან ქრება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები