ტეკილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეკილა

ტეკილა – მაგარი ალკოჰოლური სასმელი, მესკალის სახეობა, რომელიც მიიღება აგავას ფერმენტირებული წვენის გამოხდით.

ტეკილას შექმნის ისტორია იწყება VIII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც მექსიკაში ინდიელმა ტომებმა ისწავლეს აგავისგან პულკეს (რძისფერი, ბლანტი, ოდნავ ქაფიანი, 4-6 მოც% სიმაგრის აგავის ფოთლებისგან დადუღებული წვენი) მომზადება. დიდი ხნის მანძილზე პულკე ითვლებოდა მექსიკელების ერთადერთ ალკოჰოლურ სასმელად მანამ, სანამ ესპანელმა კონკისკადორებმა ევროპიდან არ ჩაიტანეს ახალი ტექნოლოგია (გამოხდა). პირველადი „მესკალი“ (აგავის წვენის დუღილის და გამოხდის შედეგად მიღებული ხსნარი, რომლის შემდგომი გამოხდის შედეგად მიიღება ტეკილა) მიღებულ იქნა 1521 წელს, ხოლო ისტორიულად ტეკილას მამამთავრად სახელდება დონ პედრო სანჩეს ტაგლი, ალტამირის მარკიზი, რომელმაც პირველმა 1600 წელს დაარსა ტეკილას საწარმო. ტეკილას პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა და 1608 წელს ადგილობრივმა მმართველებმა შემოიღეს სპეციალური გადასახადი ამ სასმელით ვაჭრობაზე.

XVIII საუკუნეში ტეკილა გახდა მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომლის წარმოება ესპანეთის მეფის კონტროლზე იყო აყვანილი. პირველი მწარმოებელი, რომელმაც 1795 წელს ოფიციალურად მიიღო ლიცენზია ტეკილას წარმოებაზე, იყო ჟოზე მარია კუერვო. ტეკილას მარკა „ჟოსე ჩუერვო“ დღესაც არსებობს და ითვლება ერთ-ერთ უძველეს მარკად. ტეკილასათვის „ოქროს ხანად“ იქცა XIX საუკუნე, როცა მან დაიპყრო აშშ და დაიწყო ევროპაში ექსპორტი. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა მესკალისა და ტეკილას ერთმანეთისგან განცალკევება. ისევე, როგორც შამპანურის წარმოების უფლება აქვთ მხოლოდ შამპანის პროვინციაში, ტეკილას წარმოების და მისი სახელის ტარების უფლება მოიპოვა მესკალმა, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იწარმოება ჰალისკოს შტატში, ქალაქ ტეკილას მიდამოებში.

გამოყოფენ ტეკილას შემდეგ სახესხვაობას:

Blanco – უფერო ტეკილა, რომელსაც არ განუცდია დაძველება;
Joven – ახალი ტეკილა დაძველების გარეშე, რომელიც შეიძლება იყოს არომატიზებული. ამ ჯგუფში შედის აგრეთვე ოქროსფერი ტეკილა, რომლის ფერი მიიღება კოლერის დამატებით;
Reposado – ტეკილა, რომელიც 2 თვის განმავლობაში ძველდება მუხის კასრებში და აქვს ოქროსფერი შეფერილობა;
Anejo – ხანგრძლივი დროით მუხის კასრებში დაძველებული ტეკილა, რომელსაც კონიაკის შეფერილობა აქვს.

ტეკილას ცნობილი მარკებია: Tres Magueyes, Jose Cuervo, Mariachi, Matador, Olmeca, Pepe Lopez, Sauza.


იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები