ტელეგონოსი
ტელეგონოსი – (ბერძნ.) „მამისგან მოშორებით დაბადებული“ – ასე ერქვა ოდისევსისა და კირკეს ვაჟიშვილს.
ტელეგონოსის მითოსი მოგვიანებით შეუთხზავთ მითოგრაფოსებს. მათი გადმოცემით, ოდისევსმა კირკეს კუნძულზე ერთი წელი დაჰყო. ვაჟი კი მაშინ დაიბადა, როდესაც გმირი ითაკასაკენ გაეშურა. ტელეგონოსი რომ წამოიზარდა, კირკეს რჩევით, მამის საძებრად გაემართა. იგი მაშინ მიადგა კუნძულ ითაკას, როდესაც ოდისევსი იარაღით ხელში მომხდურებს ეომებოდა.
ჭაბუკი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება და შუბის წვერით განგმირა მამა. აღსრულდა ტირესიასის მისნობა. მან ხომ ოდესღაც განაცხადა: ზღვაში კი არა, ზღვიდან ისწრაფებსო სიკვდილი ოდისევსისკენ.
როდესაც ტელეგონოსმა გაიგო, რომ მოკლა მამა, მისი ნეშტი თავის ხომალდზე დაასვენა და დედის კუნძულისაკენ გაემგზავრა. თან გაიყოლა პენელოპე (რომელიც მოგვიანებით ცოლადაც შეირთო). გრძნეულმა კირკემ გააცოცხლა ოდისევსი. შემდეგ კი მასაც, პენელოპესაც და ტელეგონოსსაც უკვდავება მიანიჭა და სამთავე ერთად „ნეტართა კუნძულებზე“ დაავანა.