ტემპერა
ტემპერა — (ლათ. tempera - შეერთება), საღებავი, რომელიც მზადდება კაზეინის წებოსა კვერცხის ხსნარისაგან. ამ საღებავის გამოყენებით კედელზე გამოსახულმა მხატვრობამ საღებავის სახელწოდება მიიღო. ტემპერა ძალზე გავრცელებული სახეა მონუმენტური ფერწერისა.
XV-XVI საუკუნეებში იტალიაში ტემპერას ფერთა შემაკავშირებელ ნივთიერებას უწოდებდნენ. ტემპერას სხვადასხვანაირად ამზადებდნენ. მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის წებო. ამათგან უმთავრესი იყო ქათმის კვერცხი, როგორც შემკვრელი საშუალება. კვერცხის გულს ტემპერის დასამზადებლად ჯერ კიდევ ეგვიპტელი მხატვრები ხმარობდნენ და ის დღემდე არ გამოსულა ხმარებიდან.
განსაკუთრებით ცნობილი იყო ორი სახის ტემპერა, რომელთაგან ერთს კვერცხის გულის, ცილის, ლეღვის ხის წვენისა და წყალ-ღვინოს შეზავებით ამზადებდნენ, მეორე კი — კვერცხის გულისა და ლეღვის ხის წვენის შერევით. ასეთი წესით მიღებული ტემპერით მარტო კედელზე კი არა, ხისა და რკინის ფურცლებზეც კი ხატავდნენ.
უცნაური ისაა, რომ მხატვრები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ ქალაქში გაზრდილ ქათმის კვერცხს სოფელში გაზრდილი ქათმის კვერცხისაგან. ქალაქში გაზრდილ ქათმის კვერცხს იყენებდნენ თეთრგვრემანი სახის დასახატად, ხოლო სოფელში გაზრდილისას — შავგვრემანი სახის შესაქმნელად.
ტემპერის საღებავიც და მისი ხატვის ტექნიკაც საუკუნეების მანძილზე უმჯობესდებოდა და შეიქმნე კიდევ ტემპერის ახალ-ახალი სახეები. გასულ საუკუნეში ბარონმა პრეიერმა მიიღო ტემპერის ახალი საღებავები, რომელიც თავისი ფაქტურით პასტელს მოგვაგონებს და ზეთის ფერებსაც არ უდებს ტოლს.
დღევანდელი მხატვრები დიდი წარმატებით იყენებენ ემულსიურ ტემპერას, რომელიც ხელოვნური და ბუნებრივი ემულსიის და ფერთა პიგმენტის ნაერთია.
ტემპერა ცნობილი იყო ძველი ეგვიპტელი მხატვრებისთვისაც, შუა საუკუნეებში ის დაზგურ ფერწერაში და ხატწერაშიც გამოიყენეს.
საქართველოში ტემპეტით კედლის მხატვრობას XI საუკუნიდან ასრულებდნენ. დასავლეთ ევროპაში - XV საუკუნიდან, რუსეთში ტემპერით კედლების მოხატვა XVIII საუკუნიდან დაიწყეს.
მართალია XIX-XX საუკუნეებში ზეთის საღებავებმა ტემპერა შეცვალა, მაგრამ ტემპერას მაინც იყენებდნენ დაზგურ და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. ტემპერით დახატული ნახატები ზეთის საღებავებთან შედარებით გამძლეა, არ იბზარება და არ სკდება.
ტემპერით ხატავდნენ მსოფლიოში ცნობილი მხატვრები ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, გირლანდაიო, სანდრო ბოტიჩელი, ანდრეი რუბლიოვი და სხვა.
საბერძნეთის ეკლესიების მოსახატავად დღესაც მხოლოდ ტემპერას იყენებენ.
წყარო
სახვითი ხელოვნება,ნელი როსტომაშვილი