ტენიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტენიანობა – ტენის შემცველობა მყარ სხეულში, ფხვნილსა ან აირში. აბსოლუტური ტენიანობა არის სითხის მასის ფარდობა მასალის მშრალი ნაწილის მასასთან, ხოლო ფარდობითი ტენიანობა განისაზღვრება სითხის მასის ფარდობით ტენიანი მასალის (სხეულის) მასასთან. ტენიანობა ცნებაში არ განიხილება ქიმიურად შეკავშირებული ან კრისტალებში შემავალი სითხე, რომელიც მხოლოდ ქიმიური დაშლის შედეგად გამოიყოფა. სამშენებლო კონსტრუქციებში ტენიანობას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ხის კონსრტუქციებზე, ნაკლები ბეტონზე, ლითონზე, ფოროვან მასალებზე, ქვაზე. მერქნის დატენიანობა და გამოშრობა იწვევს მისი უჯრედების კედლების ზომების ცვლილებას, რასაც მოსდევს მერქნის ელემენტების გაჯირჯვებისა და შეშრობის დეფორმაციები. იმის გამო, რომ ამ დეფორმაციათა სიდიდეები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარია, მერქნის ტენიანობის ცვლილება იწვევს დახერხილი ხის მასალის დაბრეცას, დააფრაკებასა და ბზარების გაჩენას, ხოლო მომატებული ტენიანობა (მეტი 20%-ზე) ლპობის ძირითადი მიზეზია. ყველაზე მაღალი ტენიანობა (200%-მდე) აქვს მდინარეში დაცურებულ მორებს. ახლადმოჭრილი ხის მერქნის ტენიანობა 80-100 %-ია. დასაწყობების პროცესში და შრობისას მერქნის ტენიანობა მცირდება 40-დან 10%-მდე. მშრალად ისეთი მერქანი ითვლება, რომლის ტენიანობა W < 15%. მერქანში შეიძლება იყოს ორი სახის წყალი (ტენი) – შეკავშირებული (ჰიგროსკოპული) და თავისუფალი (კაპილარული). შეკავშირებული წყალი იმყოფება მერქნის ბოჭკოების შიგნით, ხოლო თავისუფალი – ავსებს სიცარიელეს ბოჭკოებს შორის. მათ გარდა მერქანში აგრეთვე შეიძლება იყოს ქიმიურად შეკავშირებული წყალი, რომელსაც მხოლოდ მერქნის ქიმიური გადამუშავების დროს აქვს მნიშვნელობა. მერქნის ტენიანობის გასაზომად არსებობს პირდაპირი და ირიბი მეთოდები. პირდაპირს და ყველაზე ზუსტს წარმოადგენს საშრობ-წონითი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ეტალონად. ირიბს მიეკუთვნება ნემსოვანი, ტევადობითი, ზემაღალსიხშირიანი, ოპტიკური, რადიომეტრული, ინფრა-წითელი და კომბინირებული. დღეისათვის პრაქტიკაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული გამოშრობის, ნემსოვანი (კონდუქტომეტრული) და ტევადობითი (დიელკომეტრული) მეთოდები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები