ტიგრან II დიდი
ტიგრან II დიდი – (სომხ. Տիգրան Մեծ, ბერძ. Τιγρανης, ლათ. Tigranes), სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-55 არტაშესიდთა დინასტიიდან.
ტიგრანის საშინაო პოლიტიკის ძირითადი შტრიხებია:
ა) კონკრეტული ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონის პოლიტიკური ინტეგრაციის რეალიზაცია. მან სოფენე (სომხ. წოფე) შემოიერთა.
ბ) ქვეყნის ძალდატანებითი ელინიზაციის ცდა. დიდი სომხეთის ბასილევსმა კილიკიელი ბერძნები აჰყარა და ტიგრანაკერტში დაასახლა. ის ნაბუქოდონოსორის და დარითოსის შორეული ეპიგონია. ექსპერიმენტმა სრული კრახი განიცადა.
გ) აქტიური საფინანსო რეგალიის განხორციელება. სომხეთის სინქრონული საგარეო-პოლიტიკური კურსი ემყარებოდა არა ძალთა შეფარდებით უპირატესობას, არამედ უაღრესად ხელსაყრელ კონიუნქტურას. მცირეაზიური ელინიზმი რომსა და პონტოს შორის მერყეობს, აქვე წყდება სირიის ბედიც, პართიაში პოლიტიკური ქაოსია. ტიგრანის უფლებათა განვრცობას აღმოსავლეთით, მიდიაზე და სამხრეთ-დასავლეთით, სირია-ფინიკიაზე და სხვ. შედეგად მოჰყვა სომხური იმპერიის გენეზისი და სომხეთის მეფის მიერ „მეფეთა მეფის ტიტულის უზურპაცია, რაც უდრიდა პრეტენზიას აზიაში პირველობაზე. ამ მოვლენების შორეული რემინისცენციაა ფსევდო მოვსეს ხორენაცთან დაცული ცნობა „ორი ტახტის“, ირანულ სომხური დუალისტური სახელმწიფოს შესახებ, სადაც უპირატესობა ერთ დროს არტაშატის მფლობელს ეკუთვნოდა. იმპერიული ექსპერიმენტი მარცხით, დასრულდა. პომპეუსი ტიგრანს მხოლოდ სომხეთს უტოვებს.
კონკრეტული პიროვნების ქართულ ეთნოკულტურასთან მიმართების მოკლე მონახაზი ასეთია:
ა) ტიგრანის სამეფოში შედიოდა გუგარქის საპიტიახშო (მესხეთის ნაწილი და ქვემო ქართლი) ბაგრატიონთა (ბაგრატუნების) საერისთავო დინასტიით სათავეში. ფსევდო-მოვსეს ხორენაცის მიხედვით, თითქოს მეფე მათ არ სწყალობდა.
ბ) ძვ.წ. I ს-ის დასაწყისში მითრიდატე ევპატორს და ტიგრან II-ს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება. იბერიაც ამ ალიანსს შეუერთდა, ყოველივე, გარკვეულწილად, სომხეთის ჩრდილოური შეტევის წინააღმდეგ მიმართული გარანტიაც იყო.
გ) ძვ. წ. 69-68 იბერი შუბოსნები ტიგრანის მხარდამხარ იბრძვიან სომხეთში შემოჭრილი რომაელი სარდლის ლუკულუსის ლეგიონების წინააღმდეგ. ქართველი მეომრების აქ ყოფის მატერიალური დადასტურებაა აღაიანის სამაროვანზე აღმოჩენილი ტიგრან II-ის სამი ტეტრადრაქმა, მოჭრილი ორონთის ანტიოქიაში. ტიგრანის შემდგომ სომხეთი კელავ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა.