ტიტუს ლივიუსი
ტიტუს ლივიუსი - ანტიკური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
დაიბადა ძვ. წ. 59 წელს ტრანსპადანური გალიის ქ. პატავიუმში (ამის გამო ლიტერატურაში ზოგჯერ „პატავიელადაც“ იწოდება). ლივიუსი ეკუთვნოდა პროვინციულ არისტოკრატიას. მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი თვალსაჩინო როლს თამაშობდა რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებით 15 წლის ასაკში ჩასულა ლივიუსი რომში, სადაც საფუძვლიანი რიტორიკული განათლება მიუღია. იგი შორს იდგა პოლიტიკური ცხოვრებისაგან, მაგრამ ამავე დროს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმპერატორ ავგუსტუსთან. მოხუცებულობაში ლივიუსი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც, გარდაიცვალა ახ. წ. 17 წელს.
ტიტუს ლივიუსის მოღვაწეობა დაემთხვა იმპერატორ ავგუსტუსის ხანას, ამ გარემოებამ მრავალმხრივ განაპირობა მწერლის შემოქმედების საერთო ხასიათი. პოლიტიკური მართვა-გამგებლობის ახალ სისტემას, რომლის ფორმალურ გამოხატულებას „პრინცეპსის“ ძალაუფლება წარმოადგენდა, იმპერატორი ავგუსტუსი უდიდესი სიფრთხილითა და წინდახედულობით ამკვიდრებდა. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული რესპუბლიკურ ტრადიციებს. რესპუბლიკური წყობილება რომის ხალხმა დათმო მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმმართველობამ შეძლო სამოქალაქო ომების შეწყვეტა. საზოგადოებამ ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნა აღიქვა არა როგორც საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, არამედ როგორც შედარებით ნაკლები ბოროტება. ეს გარემოება მრავალი, ძნელად გადასაჭრელი ამოცანის წინაშე აყენებდა პრინცეპსს. ავგუსტუსს კარგად ესმოდა, რომ საჭირო იყო ძალაუფლების საფუძვლების განმტკიცება. საამისოდ გამიზნულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი ქმედითი იარაღი ერთმმართველობის იდეოლოგიური პროპაგანდა იყო, სადაც გადამწყვეტი როლი ლიტერატურული დარგის მოღვაწეებს უნდა შეესრულებინათ. ამიტომ, რომში, რომელიც ლიტერატურული ცენტრი იყო, ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის მუშაკებს შემოქმედებითი მუშაობის ფართო შესაძლებლობა შეექმნათ. ვერგილიუსი, ჰორაციუს და ავგუსტუსის ეპოქის სხვა პოეტები, რომელთა ნაწარმოებები რომის ლიტერატურის ე. წ. „ოქროს საუკუნის“ საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ, თავისი მაღალმხატვრული პოეტური შემოქმედებით ემსახურებოდნენ ერთმმართველობის შექმნის მიზანშეწონილობის პროპაგანდას. ავგუსტუსის პოეტებს ვიწრო მეგობრულ წრედ აერთიანებდა არა მარტო ერთნაირი მსოფლმხედველობა ხელოვნებაზე, არამედ ღრმა, გულწრფელი რწმენა იმ პოლიტიკური რეჟიმის აუცილებლობისა, რომელმაც რომი საბოლოო მშვიდობამდე მიიყვანა.
ანალოგიურ ასპექტში ქმნიან თავის ნაწარმოებებს ამავე ეპოქის მხატვრული პროზისა და, კერძოდ, ისტორიული ჟანრის მწერლები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტუს ლივიუსი იყო.
შემოქმედება
ლივიუსის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ჩვენს დრომდე მოაღწია ისტორიულმა ნაშრომმა, რომელიც შედგებოდა 142 წიგნისაგან. ამ დიდი შრომიდან შემორჩა მხოლოდ მცირე ნაწილი – 35 წიგნი; კერძოდ, I-X და XX-XLV წიგნები (ამათ გარდა XVI და XVIII წიგნები ნაკლულია). ლივიუსის ნაშრომში მოთხრობილი იყო რომის ისტორია უძველესი დროიდან (იტალიაში ენეასის მოსვლიდან) ძვ. წ. 9 წლამდე. შრომის შემორჩენილ მონაკვეთში თხრობა მთავრდება ძვ. წ. 167 წლით.
წარმოდგენას ლივიუსის ისტორიული ნაშრომის დაკარგულ ნაწილებზე რამდენადმე ავსებს ზოგიერთი გვიან აღმოჩენილი ფრაგმენტი და სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებებში ჩართული ნაწილები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით ლივიუსის თხზულებიდან შედგენილ რამდენიმე ამონაკრეფს. ასეთებია:
- „პერიოქები“ - შეიცავდა თითოეული წიგნის მოკლე შინაარსს (გარდა 136 და 137 წიგნებისა).
- ამონაკრეფი, რომელიც შეიცავდა თხრობას საოცარ მოვლენებზე ძვ. წ. 190-12 წლებში საფუძვლად დაუდო ისტორიკოსმა იულიუს ობსექვენსმა (ახ. წ. II ს.) თავის ნაშრომს, რომელსაც ეწოდებოდა „საოცარ მოვლენათა შესახებ“.
- კასიდიორუსის ქრონიკა (ახ. წ. V- VI სს) შეიცავს რომის კონსულთა ლივიუსისეულ სიას ძვ. წ. 31 წლამდე.
- ზოგიერთ ამონაკრეფს შეიცავს ე. წ. ოქსირინქის პაპირუსი, აღმოჩენილი 1903 წელს.
ლივიუსის ისტორიული ნაწარმოების ზუსტი სათაური ცნობილი არ არის; თვით ლივიუსი მას ზოგჯერ „ანალებს“, უწოდებს, პლინიუს უფროსი – „ისტორიებს“, ხოლო პერიოქებში, ანტიკურ ავტორთა შრომებსა და უძველეს ხელნაწერებში ნაწარმოებს ეწოდება „წიგნები ქალაქის დაარსებიდან“.
ლივიუსს მიზნად დაუსახავს დაეწერა რომის ისტორია უძველესი დროიდან. რომის ისტორიას იგი გადმოსცემს, როგორც რომაელი ხალხის გმირულ წარსულს. თავის თხრობაში ლივიუსი აცოცხლებს ამ წარსულის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებსა და გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებათა მოღვაწეობას.
პოლიტიკური მსოფლმხედველობით ლივიუსი რესპუბლიკური მმართველობის მომხრე იყო, რასაც აშკარად ამჟღავნებდა, როგორც ისტორიულ პიროვნებათა დახასიათებაში, ისე რესპუბლიკური დაწესებულებების შეფასებაში. ტაციტუსის ცნობით, დაუფარავი რესპუბლიკური განწყობილებისათვის, იმპერატორმა ავგუსტუსმა მას მეტსახელად „პომპეუსელი“ უწოდა. მიუხედავად ამისა, ლივიუსი არათუ არ იყო ოპოზიციურად განწყობილი ერთმმართველობის მიმართ, არამედ თავისი კალმით ხელს უწყობდა მის განმტკიცებას. საქმე იმაშია, რომ ავგუსტუსის საშინაო პოლიტიკაში დიდი ადგილი ეჭირა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ძველი რესპუბლიკური ტრადიციების აღდგენა იყო. პრინცეპსის ეს რესტავრატორული საქმიანობა მიზნად ისახავდა საზოგადოების მაღალი ფენების პოლიტიკური სიფხიზლის მოდუნებას და პრინციპატის იდეურ-პოლიტიკური საფუძვლების განმტკიცებას. ამდენად, რესპუბლიკის წარსულის აღდგენა მაღალმხატვრულ ისტორიულ ნაწარმოებში, სადაც რომაელების გმირული წარსული ნაჩვენები იყო საუკეთესო მაგალითების სახით, სავსებით უპასუხებდა ავგუსტუსის პოლიტიკურ ინტერესებს. წარსულის საუკეთესო მაგალითების წარმოჩენით ლივიუსი ასაბუთებდა იმპერიის, ანუ ერთმმართველობის შექმნის კანონზომიერებას. ტენი წერს, ტიტუს ლივიუსი მოგვითხრობს, თუ როგორ გადაიქცა სამყარო რომის საკუთრებად, ხოლო თვითონ რომი - იმპერატორის საკუთრებად.
ლივიუსმა თავის ისტორიულ თხზულებაში აღადგინა რომის არა მარტო პოლიტიკური, არამედ სოციალ-ეკონომიკური ისტორია. შრომაშა მოთხრობილია ერთ–ერთი უძველესი სოციალური რეფორმის შესახებ, რომელიც მეფე სერვიუს ტულიუსმა გაატარა. რეფორმა ითვალისწინებდა რომის საზოგადოების დაყოფას ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. ნაშრომში მკაფიოდ არის ასახული რომის საზოგადოების ქონებრივი და სოციალური დიფერენციაციის სურათი, რაც. აპირობებდა მის შიგნით ღრმა სოციალური კონფლიქტის მომწიფებას. მიუხედავად პატრიციებისადმი სიმპათიისა, ლივიუსი საგანგებოდ უსვამს ხაზს პლებეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. განსაკუთრებით დიდ ადგილს უთმობს სავალო კაბალას და აღნიშნავს პლებეების სრულ დამოკიდებულებას მდიდარი პატრიციების მიმართ. აღნიშნავს სავალო კაბალის გაუქმების ფაქტს.
ლივიუსი ცდილობდა ისტორიული ფაქტების გადმოცემაში ობიექტური ყოფილიყო. ამას ადასტურებს თუნდაც მისი დამოკიდებულება ჰანიბალის მიმართ, რომლის შთამბეჭდავ დახასიათებაში მწერალმა ჩააქსოვა არა მარტო ბრწყინვალე ლიტერატურული ნიჭი, არამედ კეთილშობილი რომაელის თვისება ყოფილიო რომაელთა მოსისხლე მტრისა და კართაგენელთა გამოჩენილი სარდლის მიუდგომელი შემფასებელი. ლივიუსის სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ მან სათანადოდ მიუზღო თავის თანამემამულეებს იმ უღირსი და მზაკვრული ხერხისათვის, რომლითაც მათ სიცოცხლე მოუსპეს რომაელთა ამ საშიშ მტერს (XXXIX, 52), ამასთან დაკავშირებით, კოლინზი სამართლიანად შენიშნავს: „ისტორიკოსს, რომელიც შეგნებულად წე– რომაული დიდების ქრონიკას, არ შეეძლო მეტი მიუდგომლობით ულაპარაკა რომაელთა მოქმედების შესახებ მათი ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ. ლივიუსს, რომელმაც მიუხედავად მხურვალე პატრიოტიზმისა, იცოდა სათანადოდ გამოხატვა განცვიფრებისა ყოველი კეთილშობილისა და მნიშვნელოვანისადმი და გმობა სიმდაბლისა“.
ლივიუსის თხზულებაში დიდი ადგილი უჭირავს რელიგიას. მწერალი აშკარად ამჟღავნებს ისტორიული ფაქტებისა თუ მოვლენების რელიგიური ინტერპრეტაციის ტენდენციას ლივიუსის სიტყვებით, ღმერთების უპატივცემლობა ხშირად ყოფილა რომაელი ხალხის უბედურების მიზეზი; ადამიანთა ცხოვრება ბევრად არის განპირობებული ღმერთების მათდამი კეთილგანწყობილებით და მარცხიანობა ომებში ღმერთების უპატივცემლობის შედეგია; ზოგჯერ, ღმერთების ჩარევა იმდენად აშკარაა, რომ ისინი თავად იწყებენ და ამთავრებენ ომს ადამიანის ჩაურევლად. ლივიუსის რელიგიური რწმენა ფატალიზმამდე მიდის. განსაკუთრებით შეიგრძნობა ბედ– იღბლისა და განგების ყოვლისშემძლეობის რწმენა რომის ისტორიის უძველესი პერიოდის გადმოცემისას, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა, დამაჯერებელი წყაროების სიმცირე. ლივიუსი დიდ ადგილს უთმობს თავის ნაშრომში ზებუნებრივი მოვლენებისა და წინანიშნეულობათა აღწერას. აღსანიშნავია, რომ ლივიუსის შრომის ეს ნაწილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა II საუკუნის პროზაულ ლიტერატურაში, როდესაც, ლიტერატურული შემოქმედების საერთო დაქვეითების პირობებში, ერთობ გაძლიერდა ინტერესი მისტიკისა და მაგიისადმი. ასე მაგალითად, ამ პერიოდის მწერალმა იულიუს ობსექვენსმა , შეადგინა წინანიშნებათა ნუსხა, რომელშიც ლივიუსის ნაშრომში მოცემული შესატყვისი მასალა იყო გამოყენებული, ხოლო ფირმიკუს მატერნუსმა იმავე მასალაზე დაყრდნობით შეთხზა ასტროლოგიური ტრაქტატი. ასევე პოპულარული იყო ლივიუსის რელიგიურ-მისტიკური სიუჟეტები; მოგვიანებით ისტორიკოსმა ლიცინიანუსმა (ახ. წ. III ან IV ს.) დაწერა ისტორიული ნაშრომი, რომელიც ლივიუსის თხზულებაში მოცემულ ზებუნებრივ მოვლენათა აღწერას ემყარებოდა.
ლივიუსი თავის ნაშრომს თვლიდა არა მატიანედ, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებად. ისტორიული წარსულის გაცოცხლება მხატვრულ თხრობაში სავსებით პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ისტორიულ თხზულებას უყენებდნენ ცნობილი რომაელი მოაზროვნეები. მათი გაგებით ისტორია მჭევრმეტყველური ხელოვნების დარგი იყო. ციცერონი ისტორიულ ნაშრომს თვლიდა ორატორული ხასიათის ლიტერატურულ ნაწარმოებად, ხოლო კვინტილიანე – პროზად და, ამდენად, ახლოს აყენებდა პოეზიასთან. ლივიუსის მიერ თავისი ხალხის ისტორიის მხატვრულად გააზრება იმითაც იყო შეპირობებული, რომ მას რიტორიკულ ფილოსოფიური განათლება ჰქონდა მიღებული.
ლივიუსი გაგებით, ისტორიულ მოვლენათა განვითარების პროცესში დიდ როლს ასრულებდნენ მტკიცე ნებისყოფის მქონე პიროვნებანი, ამიტომ თხრობის ცენტრში მწერალი აყენებს ისტორიულ პირებს, რომელთა სახეებსაც უდიდესი ოსტატობით ძერწავს. მთავარი ლიტერატურული ხერხი, რომელსაც ისტორიკოსი იყენებს რომაელ მოღვაწეთა მხატვრულ-ისტორიული სახეების გამოსაკვეთად, არის სიტყვები, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ. თხზულება შეიცავს 400– მდე ამგვარ სიტყვას, რომელთა დიდი ნაწილი ავტორის მიერ არის შეთხზული, ან წარმოადგენს წყაროებიდან ამოღებულ მასალის თავისუფალ იმპროვიზაციას.
ლივიუსის ლიტერატურული ენა უკვე ანტიკურ ხანაში გახდა შესწავლის საგანი. ანტიკური ავტორები მაღალ შეფასებას აძლევდნენ ლივიუსის მაღალმხატვრულ სტილს. კვინტილიანე წერდა: „ნუ განრისხდება ჰეროდოტე, თუ მისი თანატოლია ლივიუსი, რომელიც თავისი თხრობით საოცარი სიამის მომგვრელია და გამოირჩევა სიფაქიზითა და სინატიფით“…
ლივიუსის დიდ პოპულარობას ანტიკურ ხანაში ადასტურებს ფაქტი, რომელიც მოჰყავს პლინიუს უმცროსს; ამ ცნობის თანახმად, ლივიუსის სახელი იმდენად შორს იყო ცნობილი, რომ მის სანახავად რომში ჩამოსულა შორეული ესპანეთის მოქალაქე ქალაქ ჰადესიდან. პლინიუსი დასძენს, რომ დიდი ხელოვანის პირადად ნახვა და გაცნობა ყოველი სწავლულის მოთხოვნილება უნდა იყოს და გმობს სხვისი ღირსებისა და პატივის შეუფასებლობას.