ტურანგალილა-სიმფონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტურანგალილა-სიმფონია“ – (ფრანგ. Turangalîla Symphonie), ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები.

დირიჟორმა სერგეი კუსევიცკიმ მესიანს შესთავაზა დაეწერა ნაწარმოები ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისთვის. ასე შეიქმნა ტურანგალილა-სიმფონია. ეს გრანდიოზული ათნაწილიანი სიმფონიური ციკლი ოთხი თემის ციკლური გამეორების საფუძველზეა აგებული. ესენია: ქანდაკების თემა, ყვავილის თემა, სიყვარულის თემა და აკორდის თემა, რომლებიც ციკლის მანძილზე ძირითადად ვარიაციულ-ვარიანტულად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესიანის აზროვნებას ახასიათებს არა დიალექტიკურ-პროცესუალური, არამედ ვარიაციულ-ვარიანტული განვითარების ხერხების უპირატესობა, საწყისი მხატვრული სახის გრადაციულად გარდაქმნების პრინციპი. სწორედ ამის გამო მისი ნაწარმოებები, კერძოდ კი სიმფონია, აგებულია არა ტრადიციულად, ძირითადი იდეის ხარისხობრივი გარდაქმნის პრინციპზე, არამედ გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნის დემონსტრირებაა. უფრო ზუსტად, მთლიანობა წარმოიქმნება, როგორც განსხვავებულ მდგომარეობათა თანმიმდევრობა, რომელთაც ერთგვაროვანი, სტაბილური მუსიკალური მახასიათებლები აქვთ – რიტმი, ბგერათსიმაღლეობა და სხვ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტურანგალილა სიმფონიის ტემბრული თავისებურება. ნაწარმოები დაწერილია დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, რომლის შემადგენლობა გაფართოებულია სოლო ფორტეპიანოთი, დასარტყამი ინსტრუმენტებით და მარტენოს ტალღებით. ორკესტრის მსგავსი შემადგენლობა სტაბილურად გვხვდება მესიანის შემდგომი პერიოდის საორკესტრო პარტიტურებში.

ტურანგალილას ტემბრული დრამატურგია ორი პრინციპის დაპირისპირებიდან ამოიზრდება. ერთი მხრიე, ფართოდ გვხვდება საკრავთა სოლოები, სუფთა ტემბრები, ხოლო მეორე მხრივ, – რთული ზემრავალხმიანი ფაქტურული შრეები, რომლებიც, ხშირად, რამდენიმე თემას აერთიანებენ და ჟღერადობის განსაკუთრებულ ხარისხს ქმნიან.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები