ტურინის ზამთრის XX ოლიმპიური თამაშები (2006)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XX ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

ტურინის ზამთრის XX ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა იტალიაში 2006 წლის 10-26 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

ორმოცდაათი წლის შემდეგ იტალიამ მეორედ უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 1956 წლისგან განსხვავებით, როდესაც ოლიმპიადა საკურორტო ქალაქ კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდა, ამჯერად მასპინძელი აღმოჩნდა ინდუსტრიული ტურინი. ზამთრის XX ოლიმპიადისთვის ბრძოლაში ტურინს შვეიცარიის სიონი ეცილებოდა, მაგრამ საქმე პირველივე ტურში იტალიელთა განაცხადის გამარჯვებით დასრულდა.

ტურინელებმა ოლიმპიადის მისაღებად და ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არც ძალ-ღონე დაიშურეს და არც სახსრები. გარდა ამისა, აღმართეს ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მაღალი ოლიმპიური ცეცხლის ფიალა (57 8). ყველაზე დიდი აღმოჩნდა ტურინული მედლებიც, რომელთა დიამეტრმაც 107 მმ შეადგინა.

საქართველოს დელეგაცია ტურინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში სარბიელზე პირველად გამოჩნდნენ ალბანეთის, ეთიოპიისა და მადაგასკარის წარმომადგენლები. ზამთრის თამაშებზე სერბეთის და მონტენეგროს სახელით პირველად და ერთადერთხელ წარდგა ყოფილი იუგოსლავიის ორი მოკავშირე რესპუბლიკა.

ტურინის თამაშებზე თხუთმეტმა სპორტსმენმა შეძლო ერთზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება, საერთო ჩათვლაში პირველობა კი გერმანიას დარჩა, რომელმაც 29 მედალი დაისაკუთრა, მათ შორის 11 – უმაღლესი სინჯის.

ინდივიდუალური შედეგებიდან აღსანიშნავია ბიათლონში გერმანელ მიხაელ გრაისის ასპარეზობა, რომელიც ხუთიდან სამ დისციპლინაში იყო პირველი. ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნორვეგიელი ულე ეინარ ბიორნდალენი ტურინში ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ თავის მდიდარ კოლექციას 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მაინც შემატა.

წარწერის ტექსტი

სამგზის ჩემპიონები გამოვლინდნენ შორტ-ტრეკშიც. ამასთან, როგორც ვაჟებში, ისე ქალებში და ორივე შემთხვევაში, ეს სამხრეთკორეელებმა შეძლეს. შესაბამისად, თავი გამოიჩინეს ან ჰიუნ სუმ (2011 წლიდან – ვიქტორ ანი) და ჩინ სონ იუმ. სათხილამურო ტრასებზე ორ-ორი ოქროს მედლით საუკეთესონი იყვნენ ავსტრიელები – ბენჟამინ რაიხი და მიხაელა დორფმაისტერი. ავსტრიელებს სხვა სინჯის მედლებიც საკმარისად აღმოაჩნდათ, რამაც მათ სამთო მოთხილამურეთა გუნდურ ჩათვლაში ლიდერობა მოუტანა. ვაჟებში და ქალებში 4 ოქროსთან ერთად, ავსტრიელთა მონაგარში 5 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალიცაა.

ტურინში ისტორია გადაწერა სოლტ ლეიკ სიტის თამაშების 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მფლობელმა იანიცა კოსტელიჩმა. მან ტურინული მონაგარით ოლიმპიური ჯილდოების კოლექცია ექვსამდე გაზარდა და გახდა პირველი სამთომოთხილამურე, რომელმაც მსგავს შედეგს მიაღწია. სათხილამურო ტრასებზე იანიცას პარალელურად იასპარეზა მისმა ძმამ ივიცამ და ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ტურინში ყველაზე მეტი მედალი კანადელი სინდი კლასენის ანგარიშზეა

ასევე ისტორიული გამოდგა ტურინული სარბიელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისთვის, ნორვეგიელი ჩეტილ ანდრე ომოდტისთვის. ტიტულიანი ნორვეგიელი სუპერ გიგანტში გამარჯვებით და ოთხამდე გაზრდილი ოქროს ჯილდოებით გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვაჟი სამთომოთხილამურე, რომელიც ოთხგზის ჩემპიონად იწოდება და ასევე ერთადერთია, ვის კოლექციაშიც 8 ოლიმპიური ჯილდოა (2018 წლის ჩათვლით).

მასპინძელთა გმირად იქცა ენრიკო ფაბრისი. იტალიელმა ციგურებით რბოლაში 3 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2 ოქროს მედალი. ასევე ორგზის იზეიმა ჩემპიონობა ბარის თხილამურობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სახელოვანი მანუელა დი ჩენტას ძმამ ჯორჯო დი ჩენტამ. ტურინში ყველაზე მეტი მედალი კანადელი სინდი კლასენის ანგარიშზეა. ჩრდილოეთამერიკელმა ციგურებით რბოლაში ჩემპიონობასთან ერთად ორი-ორი ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ყველაზე დიდ მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს ბარის თხილამურობაში ნორვეგიელთა შედეგები. სპორტის ამ სახეობის ლიდერმა ქვეყანამ, რომელსაც ალბერვილის თამაშებიდან (1992) მოყოლებული, უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე არ დაუტოვებია ასპარეზი, ამჯერად მხოლოდ 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო.

საიუბილეო XX ოლიმპიადა მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. კერძოდ, ასპარეზობებისთვის თვალ-ყურის მიდევნება შესაძლებელი გახდა მობილური ტელეფონების დახმარებით.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები