უბრალო დამატება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უბრალო დამატება – პირმიუმართავი დამატება, წინადადების მეორეხარისხოვანი წევრი, რომელიც ახლავს შემასმენელს ან ზმნური წარმოშობის წევრს (აგრეთვე, ზოგ ზედსართავ სახელსა და ზმნისართს) და იმართვის მათგან ბრუნვაში. უბრალო დამატება არ არის შეწყობილი ზმნის ობიექტურ პირთან. იგი ძირითადად ოთხ ბრუნვაში დასმული სახელით გამოიხატება: მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, და ვითარებით ბრუნვებში, თანდებულით ან უთანდებულოდ.

მიცემით ბრუნვასთან გამოიყენება თანდებულები: -ზე, -ში, -თან (აგრეთვე –შორის, -შუა): „ელიზბარზე ამბობდა“, „ხუმრობაში გაატარეს“, „დედასთან გაგზავნეს“: „ჩვენ ორს შორის…)

ნათესაობით ბრუნვასთან გვხვდება -გან, -მიერ, -თვის, შესახებ, მიმართ და სხვა თანდებულები. იმის მიხედვით, თუ საიდან მიიღება პირმიუმართავი დამატება, გამოყოფენ სუბიექტისებრ, პირდაპირისებრ და ირიბისებრ დამატებებს (ა. შანიძე).

ნათესაობითში დასმული უთანდებულო სახელის ნაზმნარ სახელთან ურთიერთობა მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამგვარ სახელს სინტაქსურად პირმიუმართავ დამატებად განიხილავენ (ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე). სხვა მოსაზრებით, ნათესაობითში დასმული სახელი განსაზღვრებაა (შდრ. „ქვის გათლა“, „ქვის მთლელი“ და „ქვის სახლი“) (ე. თოფურია).

მოქმედებით ბრუნვაში დასმული სახელი პირმიუმართავი დამატების ფუნქციით ან უთანდებულოდ გვხვდება, ანდა დაირთავს -ურთ თანდებულს („აგურით აშენებენ“, „ვიღუპები მემკვიდრითურთ“…).

ვითარებითი ბრუნვა პირმიუმართავი დამატების ფუნქციით ყოველთვის უთანდებულოა და გარდაქცევა- გარდაქმნას ან თანაობას გამოხატავს („მოჯამაგირედ დადგა“, „სტუმრებიანად გამოჩნდა“…).

ხშირად ხდება გარემოებისა და უბრალო დამატების ურთიერთაღრევა: არა გვაქვს სანდო სინტაქსური კრიტერიუმი ამ ორი სინტაქსური კატეგორიის (წინადადების წევრის) გასამიჯნავად (შდრ. „კარადაზე დევს“ – „სად? თუ „რაზე?').

კ. გაბუნია


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკა. ნაწ. 2, თბ., 1948;
  • თოფურია ე. ქართული ენის გრამატიკის საკითხები, თბ., I967;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბ., 1977.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები