უვერტიურა
უვერტიურა – (ფრანგ.ouerture, ინგლ. overture, გახსნა, დასაწყისი), საორკესტრო პიესა, რომელიც წინ უძღვის ოპერას, ორატორიას, ბალეტს, დრამას, კინოფილმსა და ა. შ. ასევე დამოუკიდებელი სონატური ფორმის საორკესტრო ნაწარმოები.
საოპერო უვერტიურა ამზადებს მსმენელს მომავალი მოქმედებისათვის. საოპერო უვერტიურის ყველაზე ადრეული სახეა მონტევერდის ოპერის „ორფევსის“ შესავალი (1607). XVII ს. დასასრულს ჩამოყალიბდა უვერტიურის 2 ძირითადი ტიპი: ფრანგული უვერტიურა ნელი შესავალით, სწრაფი პოლიფონიური ნაწილით და ნელი (მდოვრე) დასკვნით. იტალიური უვერტიურა სწრაფი, ნელი და ისევ სწრაფი ნაწილების მონაცვლეობით. უვერტიურის ორივე ტიპმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სონატურ-სიმფონიური ციკლის განვითარებაში. თავდაპირველად საოპერო უვერტიურა თემატურად არ იყო დაკავშირებული თვით ოპერასთან. XVIII ს. II ნახევრიდან მას სიმფონიური პროლოგის სახე აქვს და ოპერის შინაარსს განმარტავს. საოპერო უვერტიურების სახეებია; კლასიკური უვერტიურა და პოპურის ფორმის უვერტიურა, დრამატული პიესების უვერტიურიდან აღსანიშნავია ბეთჰოვენის უვერტიურები გოეთეს „ეგმონტისა“ და კოლინის „კორიოლანის“ დადგმებისათვის, აგრეთვე შექსპირის „მეფე ლირისა“ და „ზაფხულის ღამის სიზმრის“ უვერტიურები (ბალაკირევი, მენდელსონი) და სხვ.