უმმაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმმაჲ / უმამჲ-ბიჲჩე / უმმაჲ-ანა (ბალყ.-ყარაჩ. Уммай-бийче – „ქალბატონი უმაი“, Уммай-ана – „დედა უმაჲ“; ნოღ. Умай / Ыммай / Май) – მიწის ნაყოფიერების, დედობისა და ბავშვების მფარველი ქალღმერთი კავკასიის თურქულენოვანი ხალხების (ბალყარულების, ყარაჩელებისა და ნოღაელების) მითოლოგიაში. ბალყარულ-ყარაჩული მასალების თანახმად, არის გუმაჲსა და ხუმაჲს დაჲ.

ლეგენდის მიხედვით, მაშინ, როდესაც ყარაჩს ასხაქ თემირი (თემურ-ლენგი) თავს დაესხა, უჩყულანის საზოგადოებაში, სოფ. ოღარი-უჩყულანის მაღლა, უმაჲს სალოცავი (Уммай-бийчени дарийгъыны) მდებარეობდა. ამ სალოცავში, რომლის მცველები დიდგვაროვანი ყარაჩელები ყოფილან, ხალხი უმაჲს სახელზე ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.

ბალყარელები და ყარაჩელები ბავშვის დაბადებისას მის მომყოლს (сабий къаб), რომელსაც „მიწის უმაჲ“ (Уммай-джер) ერქვა, ზოგჯერ სახლთან ან სასაფლაოსთან ახლოს მარხავდნენ, ან კიდევ მდინარეში აგდებდნენ. დედის პირველ რძეს, რომელსაც ჩვილს პირში შეასხურებდნენ, მოფერებით უმაჲკუნას (Уммайчыкъ) უწოდებდნენ. ზოგიერთი ნოღაური გადმოცემით, ქალღმერთ უმაჲს ავადმყოფი ბავშვებისთვის ოქროს თასით რძე მოჰქონდა და მკურნალობდა.

ბალარელები და ყარაჩელები მეწველი ძროხის მფარველი სულის – გაუასას, სახელობის წეს-ჩვეულებებში უმაჲსა და მის ძმებსაც მოიხსენიებდნენ. უმაჲ, როგორც ჩანს, გარკვეულ კავშირში იყო ჭექა-ქუხილის ღვთაება ჩოფასთან: როდესაც ადამიანს (უმაის გაჩენილს) მეხი დაეცემოდა, იმეორებდნენ:

ჩოფა, ჩოფა, ჩოფუნია (კნინობითი ფორმა – ნ. ა.)
ჩოფა, ჩოფა, უმაიკუნა (კნინობითი ფორმა – ნ. ა.)

ბალყარელთა და ყარაჩელთა რწმენით, უმაჲ თეირის (თენგრის) ქალიშვილი იყო (შდრ. ძველთურქული წარმართული პანთეონის ქალღვთაება უმაი – თენგრის ასული), რომლის ეპიკურ დახასიათებაში კარგად ჩანს ქალღმერთის მითოლოგიური ხატი:

ნართი ვაჟები – თეირის მსახურნი,
ნართი ვაჟები – გმირი ბავშვები,
ნართი ვაჟები – ძუ მგლის შვილები,
ყველაზე მეტად ქალღმერთ უმაჲს ეთაყვანებიან,
ქალღმერთი უმაჲ – თეირის ასულია!
ქალღმერთი უმაჲ – უმშვენიერესი,
მისი სხეული – საოცრება,
მისი სიარული – ვარსკვლავის ფრენა,
მისი რქები – მიწებებული მთვარე,
მისი ფრთები – არწივის ფრთები,
მისი თვალები – ცისკრის ვარსკვლავი,
მისი კანი – მზის სხივი,
უმაჲ – სამფეხა მშვენიერება,
უმაჲ – სამფეხა თეთრი ირემი,
უეშმაკო, თავისი სიტყვის ერთგული უმაჲ.

ნოღაელთა რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, უმაჲს საყვარელი ფრინველი გედია. არის გადმოცემა, რომელშიც გარკვეულ სიტუაციაში იგი გედად იქცევა და ამ სახით დაფრინავს ზეცაში და დაცურავს ზღვაში. არაერთ გადმოცემაში ნაამბობია იმის თაობაზე, თუ როგორ იხსნის უმაჲ ქალიშვილებს და როგორ გადააქცევს მათ წყლის ფრინველებად.


ლიტერატურა

  • Народная поэзия балкарцев и кара-чаевцев. Нальчик, 1988;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები