უჟმური (ავი სული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უჟმური − ავი სული, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევდა, მაგალითად თავბრუსხვევას, ღებინებას, მოლანდებებს, შიშს, ტირილს... ამ შემთხვევაში ამბობდნენ: „უჟმური აყვა”, „დაუჟმილია”, „უჟმურიანი უნდომია”.

უჟმურის მკურნალობა

უჟმურის მკურნალობის არაერთი საინტერესო ხერხია დადასტურებული: კარის ზღურბლის ანდა კარის სოიას ანათალებს ერთმანეთში შეურევდნენ, შემდეგ, „აბლაბუდას, ფქვილსა და სანთელს ნაკვერჩხალზე დადებდნენ და იქვე „დაახრჩოლებდნენ”. ავადმყოფს თუ ეს არ მოუხდებოდა, შემდეგ შეულოცავდნენ, ასევე, შვიდი წყარო და შვიდი წისქვილი, რომ ბრუნავდა და ბორბალზე წყალი ასხამდა, იმ წყალს შეაგროვებდნენ და ვისაც უჟმური ჰქონდა წაკრული, ამ წყლით დაბანდნენ. სხვათაშორის, წყლის ასეთი მაგიური და სამკურნალო ფუნქცია ცნობილი იყო საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ნაკურთხი წყალი მოსახლეობას ოჯახებში მიჰქონდათ. ზოგჯერ, ნაკურთხი წყლით სპილენძის ქვაბებს ავსებდნენ, მათში ჯვრებს ავლებდნენ, უკურთხებლებს − აკურთხებდნენ. ნაკურთხი წყალი სასმელად გამოიყენებოდა, ხოლო ტრადიციული გაგებით, როცა „გეუჟმურებოდა”, მისი ოთახებში მოსხმა უჟმურისაგან დასაცავად და განსაკურნებლად იყო სასარგებლო.

აჭარაში, როცა თვალი გტკიოდა და არსებობდა ეჭვი, რომ იგი უჟმურით იყო გამოწვეული, მაშინ გველის „პერანგს” – ტყავს „დუუდებდნენ წინწკალაზე, გაფუტდებოდა, მოგივიდოდა თვალზე და მორჩებოდი”. ზოგჯერ გველს ენას ამოართმევდნენ და იქვე სახლის კარში დაწვავდნენ, საოჯახო კერაზე მისი დაწვა არ შეიძლებოდა, ეს რიტუალი სახლის გარეთ უნდა განხორციელებულიყო. დასაშვებია ენა და ტყავი ერთდროულად დაეწვათ. გველს სახელით არ იხსენიებდნენ, მას „უხსენებელი” ერქვა.

ცნობილი იყო უჟმურის „გოჟოდ” გადაქცევის ფაქტიც. უჟმურშეყრილს უჟმური სხვისთვისაც, უმეტესად, ბავშვებისათვის, შეეძლო გადაეცა, რის გამოც ეს დაავადება ინფექციურ დაავადებათა ციკლშია გაერთიანებული. ამიტომაც იყო, რომ ორმოცი დღის ათავებამდე ახალდაბადებული ბავშვის ნახვას ერიდებოდნენ, სახლში შესული ჯერ ცეცხლთან მივიდოდა − „უჟმური არ შემომყვესო”, ანდა „ბეწვს „დახრუკავდნენ”, საწინააღმდეგო შემთხვევაში, მელოგინეს ანდა „ბავშვს დაუჟამავდა”. თვით ბავშვის დედაც, რომ გასულიყო სახლის გარეთ, უღრან ადგილებში, უკან დაბრუნებული ანთებულ ცეცხლს თავზე სამჯერ მაინც შემოიტარებდა. ოჯახისათვის მისალოცად მისული სოფლის ქალები, მელოგინესთან შესვლამდის კაბას და წინსაფარს ცეცხლზე დაიფერთხავდნენ და საწოლისაგან მოშორებით სხდებოდნენ, რათა „უჟმური თვალ-უჩინარი” არ შეჰყოლოდათ. ორმოცი დღის მანძილზე „უჟმურის წაკვრის” თავიდან აცილების მიზნით ჩვილს მარტო არ დატოვებდნენ, მაგრამ თუ მოხდებოდა ისე, რომ ჩვილის მარტო დატოვება აუცილებლობით იყო გამოწვეული, მაშინ აკვანთან მაკრატელს ანდა სანთელს დადებდნენ. უჟმური უმთავრესად საბავშვო დაავადება იყო.

დაავადების დროს მოსახლეობა მძივების მაგიურ ძალას აღიარებდა. მძივებს უჟმურის ძივი ეწოდებოდა. უჟმურის მძივი შავი ფერის იყო, რომელსაც ასხმული სახით ყელზე იბნევდნენ და ისე ატარებდნენ. უჟმურით დაავადებულმა იცოდა ბოდვა, ღებინება, თავის ტკივილი, სიცხე, ოფლიანობა. მას თვალის, ყურის ტკივილის გამოწვევა და ადამანის ჭკუიდან შეშლაც კი შესძლებია. თუ მძივი ყელზე გექნებოდა დაბნეული, ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით, მაშინ უჟმური არ „წაგეკარებოდა”. უჟმურის შეყრა − (უჟმურის წაკვრა ანდა უჟმურის აკვრა) საღამოობით, „ღორღნალ”, წყლიან და ქვიან ადგილებში, მინდორში თუ მიუვალ ადგილებში ხდებოდა.

ხალხურ დაკვირვებით, უჟმური მინდორში ბუდობდა. იგი ხის ან და ქვის ძირშიც შეიძლებოდა აგყოლოდა. უჟმურის სამყოფად მოსახლეობა სასაფლაოებსა და „ყრუ ადგილებსაც” მიიჩნევდა, რის გამოც სასაფლაოზე დაძინება და ხშირი სიარული იკრძალებოდა. საღამოპირს მინდორში მოსიარულე თუ მჯდომარე ადამიანს − „უჟმური წეეკრებოდა” და „სამოელის ქარი” დაეტაკებოდა. უჟმურწაკრული „აჟინჟღლდებოდა”. თუ ბავშვი იტირებდა, მაშინ მას უჟმურშეყრილს − „თვალწაკრულსაც” ეძახდნენ. როგორც თვალნაცემის, ისე უჟმურის წინააღმდეგ, ცეცხლის გამოყენება თავდაცვის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება იყო. უჟმურშეყრილს გამოულოცადნენ, „საკმიელს დუუბუღებდნენ”, ასევე „ჯაუშს დუუბუღავდნენ” და, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, „გველის პერანგიც „დაებუღებინათ”.


უჟმურს შელოცვითაც მკურნალობდნენ: 1. „სახელითა ღვთითა, მამითა, ძითა, სულითა წმინდთა,/ლოცვა უჟმურისა, თავლუჩინარისა,/უჟმურო გამოდი, გამოეშურე, შორსა წადი,/სადაც არ იყურებოდეს ძაღლის ყეფა, კაცისა უჰუი (კიჟინა), მამლისა ყივილი,/იქ გასუმენ, იქ გაჭუმენ, იქ გაპატიებენ,/გამოდი უჟმურო, გამოეშურე,/თუ არა, აგჭრი, დაგჭრი, ანითა, მანითა, შავტარიანი დანითა, გრძელტარიანი წალდითა,/გაგიტან ცხრა მთას იქით, ჩაგყრი რვალისა (ბრინჯაოსა) ქოთანში,/გადუღებ და გაფოფინებ, გაგადნობ წყალსაებ, გაგაქრობ ქარსაებ”;

2. „ეგერ მუა შავი კაცი, მისი ჯარითა, მისი შავი ურმითა, მისი შავი კბილებითა,/აქ ისმის თეთრი მამლის ყივილი,/იქ წევდეს უჟმური, სადაც არ ისმის თეთრი მამლის ყივილი, იქ იყოს მისი ადგილი”;

3. „ეს ალაგი ფასაცია,/ფასაცს გვარი შვენერგია,/შიან, ჯაჭვი, გარეთ ხმალი, ეშმაკისა მათრახია”. შებერვით სამჯერ შეულოცავდნენ.

ლიტერატურა

კოხრეიძე, 1958:26; ნოღაიდელი, 1971:33-34; 2014:314; აბაშიძე, კომახიძე, 1998:199; მგელაძე, 2018.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები