ურიელ აკოსტა (გუცკოვი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლ. ალექსი-მესხიშვილი სპექტაკლში "ურიელ აკოსტა" ურიელის როლში, ღია ბარათი

ურიელ აკოსტა – გერმანელი დრამატურგის კარლ ფერდინანდ გუცკოვის დრამა (1846).

პიესა რეალურ ისტორიულ ფაქტებს ემყარება. მთავარი მოქმედი პირი აკოსტა XVII საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო. იგი ცნობილია, როგორც იუდეველთა რელიგიური დოგმატების გაბედული კრიტიკოსი. თავისუფალი აზროვნებისა და იუდეველთა ეკლესიის მაღალჩინოსანთა მონურ მორჩილებაზე უარის თქმის გამო, აკოსტას სასტიკად დევნიდნენ. იგი იძულებული გახდა, საჯაროდ ეთქვა უარი საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე, აიძულეს, საეკლესიო მორჩილება-მონანიების დამამცირებელი პროცედურა გაევლო, მალევე მან თავი მოიკლა. ჭეშმარიტი ტრაგიკულობით აქვს დამუშავებული გუცკოვს აკოსტას ცხოვრების ეს ეპიზოდი, როგორც თავისუფლი და დოგმატური, რეაქციული აზრის დაპირისპირება.

გუცკოვმა ურიელის გმირ-პერსონაჟში გააერთიანა თავისუფალი და მამაცი მოაზროვნის, ჰუმანისტის და სიმართლის მაძიებელი პიროვნების თვისებები. ავტორმა გმირის გასაადამიანურებლად და დრამატული კონფლიქტის გასამწვავებლად, სასიყვარულო ინტრიგაც ჩართო. გუცკოვის ურიელი ქალისადმი ვნებიანი გრძნობით არის აღვსილი, მას ფაქიზი დამოკიდებულება აქვს დედის მიმართ, მზრუნველი ძმაა - მოკლედ, მისთვის უცხო არ არის ადამიანური გრძნობები თუ სისუსტეები.

ისტორიული ფაქტების თანახმად, პიესა ურიელ აკოსტას თვითმკვლელობით მთავრდება. ამისდამიუხედავად, თავისუფლ, პროგრესულ და დოგმატურ, დრომოჭმულ, რეაქციულ იდეათა ბრძოლაში გმირი დაუმარცხებელია. ეს აზრი ნათლად ჩანს სინაგოგის სცენაში, სადაც აკოსტა, თავისი იდეების სახალხოდ უარყოფისა და მონანიების ტექსტის წაკითხვის შემდეგ, ტაძრის შესასვლელში მიწაზე უნდა გაერთხას, რათა ყოველმა შემომსვლელმა გადააბიჯოს. აკოსტა ვერ უძლებს პიროვნულ, გამანადგურებელ დამცირებას, მასში იღვიძებს კაცობრიობის ღირსების დამცველი და გამარჯვებული, მოზეიმე იერით სახეში მიახლის მტრებს: - ყველაფერი, რაც აქ წავიკითხე, სიცრუეა!

„ურიელ აკოსტა“ ფილოსოფიური დრამაა. პიესა ხაზგასმულად იდეოლოგიურია, პერსონაჟების ხასიათთა განვითარებაში ერთდროულადაა ემოციურობა, თითოეული პერსონაჟისათვის დამახასიათებელი ქცევების, ქმედებების განსაკუთრებული ინტელექტუალობა. გუცკოვი განზოგადებულ ხასიათთა შექმნას ცდილობს, რათა ხაზი გაუსვას, არა მარტო მათ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას, არამედ მისდევს შილერის მსგავს, ტრადიციულ, პათეტიკურ იდეურ-მხატვრულ დრამატურგიულ სტრუქტურას. ავტორი ქმნის ურიელის ჰეროიკულ-გმირულ სახეს, ნაწარმოებისა და პერსონაჟთა ხასიათების რომანტიზირების გზით.

„ურიელ აკოსტა“ ძალიან ხშირად იდგმებოდა გერმანიაში, იგი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის თავისებურ ბარომეტრად იქცა. ვითარების ცვლილებების ფეხდაფეხ, მას ხან კრძალავდნენ და ხან კი, ტრიუმფით აბრუნებდნენ სცენაზე. გერმანიის გარეთაც ძალიან ხშირად დგამდნენ. საქართველოში, ქართული თეატრის რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა 1929 წელს განახორციელა - უშანგი ჩხეიძითა და ვერიკო ანჯაფარიძით მთავარ როლებში, სცენოგრაფიისა და კოსტიუმების შექმნა კი, დღეს მსოფლიო დონის სცენოგრაფად აღიარებულ, მაშინ კი, სულ ახალგაზრდა პეტრე ოცხელს მიანდო. მას შემდეგ სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში რამდენჯერმე აღადგინეს და ყოველთვის წარმატებით სარგებლობდა მაყურებელში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები