უჯრედოვანი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უჯრედოვანი ბეტონიმსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელიც მზადდება ფორწარმომქმელის მეშვეობით აქაფებული შემკვრელის, კაჟმიწა კომპონენტისა და წყლის ნარევის გამყარებით. საწყისი ნარევის აქაფებისას წარმოიქმნება დამახასიათებელი „უჯრედოვანი” სტრუქტურა თანაბარგანაწილებული ჰაერული ფორებით, შედეგად ბეტონს აქვს დაბალი სიმკვრივე და მცირე თბოგამტარობა. უჯრედოვანი ბეტონის ფორიანობა შედარებით ადვილად რეგულირდება მომზადების პროცესში, რის შედეგადაც მიიღება სხვადასხვა სიმკვრივისა და დანიშნულების ბეტონი. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, კირი, თაბაშირი, ხოლო კომპონენტად – დაფქული კვარცის ქვიშა, წანატაცნაცარი და მეტალურგიული წიდა. კომპონენტი ამცირებს შემკვრელის ხარჯს და ბეტონის შეკლებას, რაც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სასარგებლოა. უჯრედოვანი ბეტონის სამი ჯგუფი არსებობს:

1) თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 500 კგ/მ3-მდე, სიმტკიცე 0,5-1,5 მპა;
2) კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 500-900 კგ/მ3, სიმტკიცე 2,5-7,5 მპა;
3) კონსტრუქციული (სიმკვრივე 900-1200 კგ/მ3, სიმტკიცე 7,5-15 მპა).

სიმტკიცის კლასი კუმშვაზე B0,35-B12,5-ის ფარგლებში. ბეტონის მისაღებად გამოიყენება შემკვრელის როგორც ბუნებრივი გამაგრება, ისე მისი გააქტიურება გაორთქვლით (ავტოკლავური დამუშავებით). როდესაც შემკვრელად გამოყენებულია კირი, მაშინ ავტოკლავური დამუშავება აუცილებელია.

ფოროვანი სტრუქტურის მიღების მეთოდის (შემკვრელის აქაფება) მიხედვით არჩევენ: აირბეტონს, აირსილიკატს, ქაფბეტონსა და ქაფსილიკატს. აირბეტონი და აირსილიკატი მიიღება შემკვრელის ცომის აფუებით იმ აირით, რომელიც გამოიყოფა შემკვრელსა და ქაფწარმომქმნელ ნივთიერებას შორის ქიმიური რეაქციის შედეგად. ყველაზე ხშირად ქაფწარმომქმნელია ალუმინის ფქვილი, რომელიც რეაქციაში შედის კალციუმის ჰიდროქსიდთან და გამოყოფს წყალბადს. ქაფბეტონი და ქაფსილიკატი კი მიიღება შემკვრელის ცომის შერევით წინასწარ მომზადებულ მდგრად ტექნიკურ ქაფთან. უჯრედოვანი ბეტონის თვისებას განსაზღვრავს ფორიანობა, შემკვრელის სახეობა და გამაგრების პირობები. უჯრედოვანი ბეტონის მოცულობის 60-85% შედგება 0,2-2 მმ ზომის დახურული ცემენტის ქვის ფორებისგან (უჯრედებისგან), რომლებიც დახშულია ჰაერისათვის, მაგრამ ღიაა წყლისათვის. ამიტომ უჯრედოვანი ბეტონის წყალშთანთქმა საკმაოდ მაღალია და ყინვამედეგობა, შესაბამისად, დაბალი, მკვრივი სტრუქტურის ბეტონთან შედარებით.

ცემენტის ქვის ჰიდროფილურობა და დიდი ფორიანობა განაპირობებს მაღალ სორბციულ ტენიანობას, რაც გავლენას ახდენს უჯრედოვანი ბეტონის თბოსაიზოლაციო თვისებაზე, ამიტომ გადამღობ კონსტრუქციაში გამოყენების შემთხვევაში, ის დაცული უნდა იქნეს წყალთან კონტაქტისაგან ან მოხდეს მისი ჰიდროფობიზაცია. უჯრედოვანი ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია მის საშუალო სიმკვრივეზე და იცვლება 1,5-15 მპა-ის ფარგლებში. დრეკადობის მოდული ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონისა, ე.ი. უფრო დეფორმადია. გარდა ამისა უჯრედოვან ბეტონს ახასიათებს მომატებული შეკლება და ცოცვადობა. უჯრედოვანი ბეტონი და მისგან დამზადებული ნაკეთობანი ხასიათდება კარგი ბგერასაიზოლაციო თვისებით, ცეცხლმედეგია და ადვილად მუშავდება (იხერხება, იბურღება, ილურსმნება). უჯრედოვანი ბეტონის გამოყენების სფეროა: გადამღობი კონსტრუქციები (კედელები) საცხოვრებელი და სამრეწველო შენობისათვის; მზიდი კონსტრუქციები – დაბალსართულიანი და არამზიდი – მაღალსართულიანი კარკასული შენობებისათვის. ასევე გავრცელებულია კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო უჯრედოვანი ბეტონი. არმატურის კოროზიისაგან დასაცავად მას ფარავენ ცემენტ-ბიტუმის ან ცემენტ-პოლისტირენის მასტიკით.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები