ფაქტორინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაქტორინგი - (factoring აგენტი, შუამავალი), სავაჭრო-საკომისიო ოპერაციების ნაირსახეობა, შერწყმული კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, რომლის დროსაც სპეციალიზებული კომპანია - ფაქტორ-კომპანია იძენს კლიენტის დებიტორულ დავალიანებას, რათა შემდეგში გადაახდევინოს იგი მევალეს. უფრო ხშირად ფაქტორ-კომპანია იძენს კლიენტის ანგარიშფაქტურას იმ პირობით, რომ მიწოდების ღირებულების 20%-მდე გადაიხადოს დაუყოვნებლივ, დარჩენილი ნაწილი (კრედიტისათვის პროცენტის გამოკლებით) - მკაცრად დადგენილ ვადაში. საფაქტორინგო მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია მის სახეზე, ოპერაციის მოცულობაზე, საგადასახადო ვალდებულებათა ხარისხზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფაქტორინგი აღიარებულია კლიენტის მომსახურების უნივერსალურ ფორმად. კლიენტი ფაქტობრივად ინარჩუნებს მხოლოდ წარმოებრივ ფუნქციას. ამის შედეგად დაზოგილი ფულადი სახსრები ხმარდება საფაქტორინგო მომსახურების ამაღლების ანაზღაურებას. კლიენტი მიღებულ კრედიტზე პროცენტის გარდა იხდის საკომისიოს წლიური საბრუნავი თანხის 0,75-4%-ის ოდენობით. ფაქტორინგი აჩქარებს კლიენტის კაპიტალის ბრუნვას და აფართოებს საბანკო კრედიტის მიზიდვის შესაძლებლობებს. საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მოკლევადიან დაკრედიტებასა და საშუამავლო კომერციულ საქმიანობაში ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ფაქტორინგი. ფაქტორ-კომპანია ათავისუფლებს ექსპორტიორს საკრედიტო რისკისაგან (განსაკუთრებით - აუთვისებელ ბაზრებზე) და, აქედან გამომდინარე, კრედიტის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები