ფენციკლიდინის ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენციკლიდინის ავადმოხმარება - ფენციკლიდინი შეიქმნა როგორც დისოციაციური ანესთეტიკი, მაგრამ შემდგომ, ისეთი უარყოფითი ეფექტების გამო, როგორებიცაა ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები, უარი თქვეს მის გამოყენებაზე. ფენციკლიდინი დღესდღეობით გამოყენებული ანესთეტიკის - კეტამინის მაგვარი პრეპარატია. ფენციკლიდინის სინთეზირება იოლია, ხოლო მიღება პერორალურად, მოწევით ან ინიექციის მეშვეობით ხდება.

ფენციკლიდინი და კეტამინი N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) რეცეპტორებით წარმოებული ნეიროტრანსმისიის ანტაგონისტებია, რაც მათ ჰალუცინოგენურ ეფექტს განაპირობებს. ჯანმრთელი პირებისთვის დამახასიათებელი კეტამინის ფსიქოლოგიური ეფექტები გამოიყენეს შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებთან, გამოვლენილი ზოგიერთი კლინიკური სიმპტომისა და კოგნიტური ცვლილებების მოდელირებისთვის (Krystal et al., 1999).

ფენციკლიდინი ფართოდაა გავრცელებული აშშ-ში, მაგრამ ნაკლებად - ბრიტანეთში. მისი მომხმარებლების უმეტესობა სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსაც იყენებს, განსაკუთრებით ალკოჰოლსა და კანაბისს. ფენციკლიდინის პერორალური გზით მიღება იშვიათად ხდება, რადგან მას, ეფექტის გასაძლიერებლად, ხშირად „ქუჩის” არკოტიკებთან ერთად მოიხმარენ.

კლინიკური ეფექტები

ფენციკლიდინის მცირე დოზით მიღება იწვევს თრობას, რომელსაც თან სდევს ხელისა და ფეხის თითების ანალგეზია და ზოგჯერ ანესთეზიაც კი. ამ ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაცია ხანგრძლივია და მისი დამახასიათებელი ნიშნებია: აჟიტაცია, ცნობიერების დაქვეითება, აგრესიულობა, ფსიქოზის მაგვარი სიმპტომები, ნისტაგმი და მაღალი სისხლის წნევა. ფენციკლიდინის დიდი დოზით მოხმარებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ატაქსია, კუნთების რიგიდულობა და კონვულსიები. გარდა ამისა, პიროვნება შეიძლება არ რეაგირებდეს გარემოს გამღიზიანებლებზე მაშინაც კი, როდესაც თვალები ფართოდ აქვს გახელილი. ფენციკლიდინის შარდში შემცველობა შეიძლება დაფიქსირდეს უკანასკნელი მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.

ძლიერი ზედოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ადრენერგიული კრიზი ჰიპერტონიულ გულის უკმარისობასთან, ინსულტთან ან ავთვისებიან ჰიპერთერმიასთან ერთად. ზოგჯერ ფიქსირდება ეპილეფსიური სტატუსის შემთხვევები. ძლიერი ზედოზირებისას გვაქვს ლეტალური შემთხვევებიც, რომლებიც ძირითადად ჰიპერტონიული კრიზით და სუნთქვის უკმარისობით არის გამოწვეული. ასევე, დაფიქსირებულია, თვითმკვლელობის ფაქტებიც. ქრონიკულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქცევა, რომელსაც მეხსიერების დაკარგვა ახლავს თან. ფენციკლიდინის ეფექტების მიმართ ყალიბდება ტოლერანტობა, თუმცა, აღკვეთის სიმპტომები იშვიათად აღინიშნება. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფენციკლიდინის ავადმომხმარებლებს შეიძლება მასზე დამოკიდებულება განუვითარდეთ (Abraham, 2000).

ფენციკლიდინით გამოწვეული ინტოქსიკაციის მკურნალობა

მწვავე ინტოქსიკაციის მკურნალობას სიმპტომატური ხასიათი აქვს და დამოკიდებულია გამოვლენილ ნიშნებზე, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. ამ დროს პაციენტს შეიძლება დაენიშნოს დიაზეპამი, ჰალოპერიდოლი ან ორივე ერთად. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მხოლოდ ბენზოდიაზეპინების დანიშვნისას (სხვა მედიკამენტების გარეშე), რადგანაც ეს კიდევ უფრო ზრდის ქცევის განმუხრუჭების რისკს. აგრეთვე, უნდა ვერიდოთ ქლორპრომაზინის გამოყენებას, რადგან ეს პრეპარატი აძლიერებს ფენციკლიდინის ანტიქოლინერგიულ ეფექტებს და აუარესებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ ანტიჰიპერტონიული საშუალებებით, როგორიცაა, მაგ., ფენტოლამინი. განსაკუთრებული გაკონტროლება სჭირდება სუნთქვით ფუნქციებს, რადგან გადაჭარბებულმა სეკრეციამ შეიძლება გააუარესოს სასუნთქი გზების ფუნქციონირება ცნობიერებადაკარგულ პაციენტთან.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები