ფერმი ენრიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენრიკო ფერმი − (იტალ. Enrico Fermi, 1901 - 1954), — იტალიელი ფიზიკოსი.

ენრიკო ფერმი

ე. ფერმი დაიბადა რომში, 1901 წლის 29 სექტემბერს, მამა რკინიგზის მოსამსახურე იყო. ბავშვობიდან ენრიკო გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ნიჭით. სწავლაში უსწრებდა თანატოლებს, ყოველთვის იცოდა მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო სკოლის პროგრამით. აინტერესებდა მათემატიკა და ფიზიკა. უმაღლესში შესვლისას შესანიშნავად იცოდა მთელი კლასიკური ფიზიკა. მისაღები გამოცდების დროს განცვიფრებაში მოიყვანა გამომცდელები თავისი ფართო განათლებით, ნათელი და ზუსტი პასუხებით და ფორმულირებებით. იყო განსაკუთრებული მოვლენა. 1922 წ. მიიღო ფიზიკის დოქტორის წოდება რენტგენის სხივების დარგში ექსპერიმენტალური მუშაობისათვის.

ოთხი წლის შემდეგ დაინიშნა თეორიული ფიზიკის პროფესორად რომის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში მუშაობდა იდეალური გაზის თვისებების შესწავლაზე. მისი მათემატიკური დამტკიცებები (რომლებიც განტოლებების სახითაა ფორმულირებული) თეორიული ფიზიკის ძირითად ელემენტს შეადგენენ და მეცნიერებაში შევიდნენ „ფერმი-დირაკის სტატისტიკის“ სახელწოდებით.

ხელოვნურ რადიოაქტივობაში ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურების შრომების გაცნობის შემდეგ ფერმმა გადაწყვიტა ეს მოვლენა გამოეწვია ნეიტრონების დახმარებით, იმ ნაწილაკების დახმარებით, რომლებსაც ელექტრული მუხტი არა აქვთ და უფრო იოლად აღწევენ ატომის ბირთეში. გამოკვლევების პროცესში აღმოაჩინა გახლეჩის მოვლენა. გამოიწვია მრავალი ცნობილი ელემენტის ხელოვნური რადიოაქტივობა, ურან–92-ის დაბომბვის დროს ფერმმა სხვა მეცნიერებთან ერთად აღმოაჩინა ურანის დაშლა. პირველად მეცნიერებს ეგონათ, რომ მიიღეს ახალი ურანი 93-ე ელემენტი, რომლის გამოყოფაზეც ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა, მაგრამ დასკვნა მცდარი აღმოჩნდა.

გერმანელი მეცნიერები მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ გახლეჩა იყო და გააგრძელეს ამ საკითხის შემდგომი დამუშავება. გარდა ამისა ფერმმა აღმოაჩინა ნეიტრონების შენელების მოვლენა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გახლეჩის პროცესის ინტენსიფიკაციისათვის. ამ ნაშრომებისათვის ფერმის 1938 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფერმი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში. იქ შემდეგი დიდი აღმოჩენა გააკეთა. მან განსაზღვრა პირობები, რომლის დროსაც ვითარდება თვითმფლობელი ჯაჭვური რეაქცია, რაც ენერგიის ამოუწურავი წყაროა.

1941 წელს დაიწყო სამუშაოები ჯაჭვური რეაქციის განხორციელებისათვის. ამ სამუშაოებს ფერმი ხელმძღვანელობდა. 1944 წელს ფერმმა განახორციელა პირველი თვითმფლობელი ჯაჭვური რეაქცია და ამით საფუძველი ჩაუყარა ატომური ენერგიის მართვად წარმოებას. ეს მისი ყველაზე დიდი მიღწევაა. სამწუხაროდ იმის გამო, რომ არსებობდა ჰიტლერელების მიერ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე, ფერმი აქტიურად მუშაობდა და მონაწილეობდა ატომური ბომბის შექმნაში. ფერმი, ისევე როგორც მსოფლიოს, მილიონობით ადამიანი, ღრმად შეძრწუნდა ამ იარაღის გამოყენების შედეგებით ჰიროსიმასა და ნაგასაკიში.

შემდეგში ატომური ენერგიის გამოყენება დაიწყეს მშვიდობიანი მიზნებით – ატომური გემებისა და ელექტროსადგურებისათვის.

ენრიკო ფერმი გარდაიცვალა 1954 წლის 24 ნოემბერს. მან დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფიზიკის განვითარებაში, მისი შრომები ფიზიკის სამ ძირითად მიმართულებას ეხებოდა: თეორიულს, ექსპერიმენტულს და ტექნიკურს. მუშაობდა კვანტურ ფიზიკაში, უნდა აღინიშნოს ამ მეცნიერის დიდი წვლილი კვანტური მექანიკის განვითარებაში, რაც ახლა ცნობილია „ფერმე-დირაკის სტატისტიკის“ სახელწოდებით.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები