ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა
ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (ლათ. Buteo lagopus Brünnich, 1764) – ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 385-470 მმ-ია, კუდი 215-250 მმ, წონა — 800-1280 გ. შეფერილობაში ინდივიდუალური პოლიმორფიზმი არ შეიმჩნევა. მამალი და დედალიც მსგავსი შეფერილობისანი არიან, მხოლოდ სიდიდით ჭარბობს დედალი მამალს. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა, განსაკუთრებით ზამთარში, მოთეთრო-რუხი შესახედაობისაა. ზურგის, მხრების, ფრთებისა და კუდის ზემო მფარავი ბუმბულები მოწაბლისფროა, ფართო მოთეთრო, აქა-იქ ცვილისფერი არშიებით. ყელი და თავის გვერდები მოთეთროა, გასწვრივი მუქი შტრიხებით. მომქნევები მურა ფერისაა, მუქი განივი ზოლებით და გარეთა მარაოებზე მოცისფრო ელფერით. საჭის ბუმბულები თეთრია, რამდენიმე მკვეთრი შავი ზოლით ან მხოლოდ ერთი ზოლით ბოლოში. ქვემო მხარე ჭრელია: მკერდი ყავისფერია, თეთრი ლაქებით; მუცელი, პირიქით, მოთეთროა, მურა განივი ლაქებით. გალო თითებამდეა შემოსილი. ცვილანა, პირის ჭრილის კიდეები და თათი ყვითელია; ნისკარტი — შავი, მოცისფრო ძირით; ბრჭყალები — შავი.
ცნობილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა — B. l. lagopus Brünn., 1764.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზონებს, ნაწილობრივ იჭრება ტაიგის ჩრდილოეთ ნაწილშიც (კამჩატკაზე). მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება: შუა ევროპაში — სამხრეთით პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებამდე, ყირიმში და კავკასიაში; აზიაში — თურქმენეთში, მონგოლეთში, მანჯურიაში, ჩრდილოეთ იაპონიაში; ამერიკაში – კალიფორნიის, ტეხასის, ლუიზიანისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
გამრავლების პერიოდში ბინადრობს ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ღია ლანდშაფტში, კამჩატკაზე — ტყეშიც. ზამთარში ეტანება ველებსა და კულტურულ ლანდშაფტებს, ხოლო ტყეს თავს არიდებს.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ქმნიან მუდმივ წყვილებს. გამრავლება იწყება მაისის ბოლოს. ბუდეს იკეთებს ფლატეებზე, ტუნდრის სწორ, ტენიან ადგილებში, იშვიათად ხეზე ან კლდეზე, ბუდე სქლადაა ამოფენილი ხმელი ბალახით. ივნისის პირველ რიცხვებში დებს 2-7 კვერცხს. კვერცხის რაოდენობა დიდადაა დამოკიდებული საკვების რაოდენობაზე. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება
ბუდობის რაიონში ძირითადი საკვებია ლემინგები. როცა ლემინგების ნაკლებობაა, იკვებება სხვა მღრღნელებით და ფრინველებითაც, განსაკუთრებით თეთრი გნოლით.
მნიშვნელობა
მეტად სასარგებლო ფრინველია, რამდენადაც მრავლად ანადგურებს მავნე მღრღნელებს.