ფილარიატები
ფილარიატები – (Filariata; ლათ. filum ძაფი), ნემატოდების ქვერაზმი.
ფილარიატების სხეული ძაფისებრია. ცნობილია ფილარიატები 400-მდე სახეობა, რომლებიც გაერთიანებულია 86 გვარში და მიეკუთვნებიან Filariidae-ს, Setariidae-სა და Aproctidae-ს ოჯახებს.
ფილარიატების უმრავლესი გვარების (Loa, Dipetalonema, Onchocerca, Setaria, Wuchereria) სახეობები პარაზიტობენ ცხოველების ორგანოებსა და ღრუებში (საჭმლის მომნელებელი ტრქტის გარდა), რომლებიც არ არიან დაკავშირებული გარემოსთან (კუნთებშორისი შემაერთებელი ქსოვილი, მყესები, სასახსრე ჩანთები, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემები, ნერვული ქსოვილი).
ფილარიატები, რომლებიც მიეკუთვნებიან Parafilaria-სა და Stephanofilaria-ს გვარებს, პარაზიტობენ ჩლიქიანი ძუძუმწოვრების კანსა და კანქვეშა უჯრედისში, რის გამო კანზე სისხლდენადი ჭრილობები წარმოიქმნება. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – სისხლმწოვი ფეხსახსრიანები (კოღო, ქინქლა, ოფა, სისხლისმწოველა, ბუზანკალი, ტკიპები და სხვ.).
ფილარიატების მდედრი ინდივიდები ჩაბუდების ადგილებში შობენ ლარვებს ან დებენ კვერცხებს, რომლებიდან ლარვები (მიკროფილარიები) იჩეკებიან. სისხლმწოვი მწერების მიერ სისხლის წოვისას მიკროფილარიები ხვდებიან მათ ნაწლავებში, შემდეგ - მწერის მუცლის ღრუში, სადაც ინვაზიურ სტადიამდე ვითარდებიან. დეფინიტური მასპინძლის დაინვაზიება განმეორებითი სისხლის წოვისას ხდება, რა დროსაც ინვაზიური მიკროფილარიები გადადიან საბოლოო მასპინძლის ორგანიზმში. ფილარიატები ცხოველებისა და ადამიანის ფილარიატოზების აღმძვრელებია, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში.