ფილისტიმელთა არმია
ფილისტიმელთა არმია (ზღვის ხალხები) – ზღვის ხალხები მრავალი სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც შიმშილმა და სიღარიბემ აიძულა მდიდარი ქვეყნებისაკენ გადასახლებულიყვნენ ძვ.წ. XIII საუკუნის ბოლოდან. ამას გარდა ძვ.წ. XII საუკუნეში დორიელების შეჭრა საბერძნეთში და იქაური სამეფოების დამხობა იქცა მიზეზად აქაელი და მიკენელი ბერძნების ნაწილის მიერ ქვეყნის დატოვებისა. ეს ხალხებიც ზღვის ხალხებს შეუერთდნენ. ზღვის ხალხებს შორის ყველაზე ძლიერი და ცნობილი ტომი იყო ფელესეტები, ანუ ფილისტიმელები. ასევე შერდანები, რომელთაც ძლიერი ფლოტი ჰყავდათ.
მათ გარდა ზღვის ხალხები იყვნენ: შეკელეშები, ლუკიებთ, ტერეშები, ტშეკერები, ტირსენები, ტეკელები, დენიენები, ვეშეშები, ტევკრები, აკავაშები, და ზაკარუები.
დიდი ხანია ითვლებოდა, რომ ამ ტომების უმეტესობა წარმოდგებოდა სიცილიიდან, სარდინიიდან, კრეტადან და პელოპონესის ნახევარკუნძულიდან. ზოგიერთი თანამედროვე ავტორის აზრით ზღვის ხალხები მცირე აზიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილიდან და ახლო კუნძულებიდან იყვნენ, ხოლო შერდანები კვიპროსიდან. ეს ხალხები მცირე აზიის ღრმა რაიონებში დასახლდნენ მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა პალესტინიდან შეავიწროვეს ხეთების იმპერია. რამზეს III-მ, ეგვიპტის ძლევამოსილმა მეფემ და ზღვის ხალხების გამანადგურებელმა ზღვის ხალხები აღწერა, როგორც სახელმწიფოების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები.
მათ კავშირში შედიოდნენ ფილისტიმელები, ტშეკერები, შეკელეშები, დენიენები და ვეშეშები. ლაშქრობების დროს ზღვის ხალხებს თან თავიანთი ოჯახებიც დაჰყავდათ ხარებშებმული ურიკებით. ისინი თითქმის მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ეგვიპტელებისა და ზღვის ხალხების პირველი სერიოზული დაპირისპირება ძვ.წ. XIII საუკუნეში მოხდა. ფარაონმა მერენპტაჰმა ახალჩამოსახლებული ზღვის ხალხები გაანადგურა, რომელთაც დახოცილებსა და ტყვეების სახით 5000 კაცი დაკარგეს. ძვ.წ. 1193 წელს ეგვიპტის ახალმა ფარაონმა რამზეს III-მ ისევ გაანადგურა ზღვის ხალხები, რომელთაც 13500 მეომარი დაკარგეს. სამი წლის შემდეგ რამზესმა ისევ დაამარცხა ზღვის ხალხები ხმელეთზეც და ზღვაზეც. ეს ბრძოლები მედინეთ-ხაბუს რელიეფზეა გამოსახული. დამარცხებებმა, რომელიც ზღვის ხალხებმა განიცადეს დიდად დააზარალა ისინი, თუმცა მთლიანად არ განადგურებულან და დარჩენილ ნაწილთან ფარაონმა ზავი დადო. ზღვის ხალხებს უფლება მიეცათ პალესტინის სასაზღვრო მიწებთან დასახლებულიყვნენ. ეს ეგვიპტისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ეგვიპტის მოკავშირე ზღვის ხალხები ჩრდილოეთ საზღვარს საიმედოდ დაიცავდნენ.
პალესტინის მიმდებარე მიწებზე ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა შექმნეს ხუთი ქალაქის კავშირი: აშკელონის (ასკალონი), აშდოდის, ღაზის, ეკრონის (ბიბლიური ყეკრონი) და გათის. ფილისტიმელებმა და ზღვის ხალხთა სხვა ტომებმა ნელ-ნელა ბოლო მოუღეს დასუსტებულ ხეთების იმპერიას. ფილისტიმელებმა ისწავლეს რკინის დამუშავება და ამით რეგიონში უპირატესობას მიაღწიეს. ფილისტიმელებს არ უნდოდათ ვინმესთვის რკინის იარაღის საიდუმლო გაენდოთ. ბიბლიაში წერია, რომ ფილისტიმელებმა ყველა ისრაელიანი მჭედელი მოკლეს, რომ მათ იარაღი არ დაემზადებინათ. ძვ.წ. 1050 წლიდან ფილისტიმელებისა და ისრაელიანების ურთიერთობა გამწვავდა და მათ შორის მუდმივი ომები მიმდინარეობდა. ებრაელები ფილისტიმელებს ჯერ კიდევ მსაჯულთა დროიდან ებრძოდნენ, შემდეგ კი მეფეებმა დავითმა და საულმა მოახერხეს მათი შემოსევების აღკვეთა და ამ მამაცი ხალხის დამარცხება.
ზღვის ხალხები კარგი მეომრები იყვნენ. რამზეს II-ს. (ძვ.წ. 1290-1223) თავის არმიაში შერდანთა რამდენიმე რაზმი ჰყავდა. ცნობილია, რომ შერდანები მაშინაც კი იბრძოდნენ ეგვიპტის არმიის რიგებში, როდესაც ეგვიპტელები მათ თანამოძმე ზღვის ხალხებს ეომებოდნენ. შერდანები ფარაონის დაცვაში და სპეციალურ დამრტყმელ რაზმებში შედიოდნენ. შერდანებთან ერთად ეგვიპტის ჯარში ზოგჯერ ფილისტიმელებიც იბრძოდნენ.
ცნობილია, რომ თავიდან ზღვის ხალხებს შორის მხოლოდ ტევკრები იყენებდნენ საბრძოლო ეტლებს, ხოლო ყველა დანარჩენი ტომები ქვეით რიგებად იბრძოდნენ. მშვილდოსნები ზღვის ხალხების არმიის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენდნენ. ისრაელიანებთან ომების დაწყების შემდეგ ფილისტიმელები ყველა სხვა ზღვის ხალხებისგან განსხვავდებოდნენ, რადგან უკვე 150 წელიწადი იყო რაც ერთ ადგილზე ცხოვრობდნენ თავიანთ ქალაქებში. ფილისტიმელთა არმია შეიცავდა ეტლების მცირე რაოდენობას(ფილისტიმელთა ეტლები ხეთების მსგავსად სამკაციანი იყო) და მსუბუქ და მძიმე ქვეით ჯარს (შეიარაღებულები იყვნენ ორი შუბით და მახვილით). არმიის მთლიანი რაოდენობა დაუდგენელია.