ფლეკი იოჰან ფრიდრიხ ფერდინანდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან ფრიდრიხ ფერდინანდ ფლეკი

იოჰან ფრიდრიხ ფერდინანდ ფლეკი − (გერმ. Johann Ferdinand Fleck, 1757-1801), გერმანელი მსახიობი. გერმანიის სასცენო ხელოვნებაში რომანტიზმის ფუძემდებლად ითვლება.

ფლეკი, XVIII საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანელი მსახიობის, რეჟისორის, დრამატურგის - ფრიდრიხ შრიოდერის მოწაფე იყო. მან თავისი მასწავლებლისგან სამსახიობო ტექნიკის საფუძვლები შეითვისა, ამასთანავე, შრიოდერის მსგავსად, დიდი ტემპერამენტის, ემოციური ძალის მფლობელი იყო.

ფლეკი დაიბადა ბრესლაუში, სახელმწიფო მოხელის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჰალეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თუმცა, მალე დაინტერესდა სცენით და 1777 წელს ლაიფციგში მისი სამსახიობო დებიუტი შედგა. ოთხი წლის განმავლობაში ფლეკი შრიოდერის ხელმძღვანელობით ჰამბურგის თეატრში (1779-1783) მოღვაწეობდა, გამოირჩეოდა გმირული და ასევე, სახასიათო როლების კარგი შესრულებით. შემდეგ, გადავიდა ბერლინის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

ბერლინში, 18 წლის განმავლობაში, ფლეკმა შეასრულა ორასზე მეტი როლი. მეშჩანურ-ფილისტერული პიესებისა და მელოდრამების გარდა, იგი ხშირად მონაწილეობდა კლასიკოსთა ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ დადგმებში, რომლებშიც ყველაზე მნიშვნელოვანი სახეები შექმნა.

ფლეკის საუკეთესო როლებია: ლირი, მაკბეთი, შაილოკი, ოტელო - შექსპირის რეპერტუარში; კარლ მოორი, ფერდინანდი, ფიესკო, ვალენშტაინი - შილერის დრამებში. ფლეკი ამ როლების თამაშისას მაყურებელს აღაფრთოვანებდა ემოციურ-გრძნობადი შესრულებით. მსახიობთა ხელოვნების სწორედ ეს თვისება, განსაკუთრებით მოსწონდათ რომანტიკოსებს, მათ შორის ლუდვიგ ტიკს, ფლეკის, როგორც მსახიობის, მაღალ შემფასებელსა და მხურვალე თაყვანისმცემელს. ტიკს მიაჩნდა, რომ ფლეკი გენიალური შემოქმედებითი ფანტაზიის, სტიქიური ემოციურობის მქონე მსახიობია, რომელიც როლის შექმნისას შემოქმედებით ინტუიციას ეყრდნობა და არ აანალიზებს, არ მსჯელობს პიესაზე.

ფლეკი მაყურებელს აღაფრთოვანებდა, არა მხოლოდ ემოციური მუხტით, არამედ, ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის სიმსუბუქით, კონტრასტული გრძნობა-ემოციების საოცარი გადასვლა-შესრულებით: სიცილიდან - ცრემლზე, უცნაურიდან - ყოველდღიურზე (ყოფითზე), ამაღლებულიდან - მდაბალზე. სწორედ ამიტომ, ტიკი ფლეკს შექსპირის როლების იდეალურ შემსრულებლად მიიჩნევდა. მას შეეძლო ტრაგიკულში კომიკური ელემენტების შეტანა და პირიქით.

ფლეკის შესრულების მანერა ნევროტულობით, ემოციურობით გამოირჩეოდა, მისი ე. წ. არათანაბარი თამაში დამოკიდებული იყო შთაგონებაზე, განწყობაზე. ბერლინში იმასაც კი ამბობდნენ - თეატრში წასვლისას, არ იცი, ნახავ „დიდ“ თუ „პატარა“ ფლეკს. მსახიობის მიერ შექმნილი სახეები, ე. წ. წარმატებულ სპექტაკლებში, ტიტანურ მასშტაბებს იძენდა. მაგალითად, კარლ მოორის როლში, რომელიც იმ პერიოდის კრიტიკამ მსახიობის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად აღიარა.

ამ თვისებათა გამო - ემოციურობა, კონტრასტული თამაშის მანერა, ტიტანური სახეები - ფლეკი, გერმანიის სამსახიობო ხელოვნებაში, პრერომანტიკოსად მოიაზრება. სცენის შესანიშნავი ოსტატის შემოქმედებაში რომანტიკული ტენდენციები - თითოეული როლის შექმნა სუბიექტივიზმით და არსებულ, რეალურ სამყაროზე ერთგვარი ამაღლებულობით - მკვლევრებს აძლევს საშუალებას, გერმანიის სასცენო ხელოვნებაში, ფლეკის შემოქმედება განიხილონ, როგორც ერთგვარი ხიდის გამდები შტურმერობიდან XIX საუკუნის დასაწყისის რომანტიზმამდე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები