ფოთოლეთის ეკლესია
ფოთოლეთის ეკლესია – სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია (IX-X სს.) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბიდან სამხრეთით 5 კმ მანძილზე, ტყეში.
ფოთოლეთის ეკლესია სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძარი ნაშენია მოვარდისფრო-მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული ზომის ქვებით, რომელიც მხოლოდ პირითა მხრიდანაა მოსწორებული. შედარებით წესიერად გათლილი დიდრონი ქვები ნახმარია პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის. შუა ძირითად სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერტყმის ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთის ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში გამოეყოფა მოგრძო აფსიდიანი ცალკე სათავსი – სამკვეთლო. ეკლესიის შუა ნაწილს გარშემოსავლელთან ორი კარი აკავშირებს – სამხრეთისა და დასავლეთისა, რომელთა პირდაპირ არის გაჭრილი თვით ეკლესიის შესასვლელებიც. სამკვეთლო თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ ნაწილთან და გარშემოსავლელთან. VIII-IX საუკუნეების ბორჯომის ხეობის სხვა ეკლესიების მსგავსად, ფოთოლეთის ტაძარს ახასიათებს სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა.
1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. ამ დროს გამოვლინდა ტაძარში X საუკუნის კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე ამოკაწრულია XI საუკუნის წარწერები.
2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები. ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
აღნიშნული წარწერები პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე XI საუკუნით თარიღდება. წარწერები შინაარსობრივი თვალსაზრისით სავედრებელ წარწერათა ჯგუფს მიეკუთვნება: ა) ქ[რისტ]ე შ[ეიწყალ]ე ნიკოლოზ; ბ) ქ. უფალო შ[ეიწყალ]ე საწყალობელი სული შალვასი, ლოცვა ყავთ ღ{მრ}თისათუ{ი}ს ღ[მრ]თისა მოყ{ვ}არენო; გ) ქ[რისტ]ე შ{ეიწყალ}ე ი{ო}ვანე; დ) ღ[მერ]თმ[ა]ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ა}თესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს; ე) ქ. წმიდა გ[იორგ]ი შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხოანი ზრახვიენ რაიმე გრქუა შენ, გონიერო ხეო, უფალო, შუენიერო სამყარო, სა…; ვ) წ[მიდა]ო გ[იორგ]ი შ(ეიწყალ)ე თორნიკ; ზ) ქ[რისტ]ე ღ{მერ}თო.“
ზემოთმოყვანილი წარწერები მყარ არგუმენტს წარმოადგენს იმისას, რომ დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრება ფოთოლეთის ეკლესიის გაიგივებისა კვირიკეწმინდის ეკლესიასთან უარყოფილ იყოს. ჩვენ წარწერების მეშვეობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ფოთოლეთის ეკლესია თავიდანვე წმიდა გიორგის სახელობის იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში წარწერაში მოხსენიებული პირები სასოებას წმიდა კვირეკესაგან ითხოვდნენ, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს ასე არ არის.
XVI საუკუნის დასასრულს ეკლესია წყვეტს ფუნქიონირებას. 2011 წლიდან ეკლესია მოქმედია და აქ მამათა მონასტერია. მთავარი ტაძარი წმიდა გრიგოლ ხანძთელის, სამხრეთი ნავი კი – წმიდა სერაფიმე საროველის სახელობისაა, ხოლო ჩრდილოეთ ნავში სამკვეთლოა განთავსებული. სახელი ეწოდა ფოთოლეთად წოდებული ტყიდან, სადაც მდებარეობს.
წყარო
- ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი