ფონ ტიშენდორფი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი – (1815-1874), გერმანელი თეოლოგი, უძველესი ენებისა და ქრისტიანული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ადრეული ქრისტიანული ძეგლებისა და ბიბლიის პალეოგრაფიის განვითარებაში.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ 1840 წელს ამოიკითხა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული Codex Ephraemi rescriptus-ის სახელწიდებით ცნობილი პალიმფსესტური ხელნაწერი, რომლის ქვედა ფენაზე დაცულია V ს-ის ბერძნული ბიბლიის ტექსტი, ხოლო ზედა ფენაზე XII ს-ში გადაწერილია ეფრემ ასურის 38 ჰომილია.

1844 წლიდან იგი იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1859 წელს მას გაუხსნეს ბიბლიის პალეოგრაფიის კათედრა. ფონ ტიშენდორფმა ევროპის დიდი ბიბლიოთეკების შემდგომ მიმართა აღმოსავლეთის წიგნსაცავებსაც იქ დაცული მანუსკრიპტების შესწავლისა და გამოცემის მიზნით.

იგი სამგზის იმყოფებოდა სინის მთაზე, სადაც აღმოაჩინა და შემდგომ შესწავლის მიზნით პეტერბურგში ჩაიტანა სინური კოდექსის სახელწოდებით ცნობილი ძველი და ახალი აღთქმის შემცველი ხელნაწერი წიგნი. დღეს სინური კოდექსი 4 მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრში ინახება (ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სინას მთის წმ. ეკატერინეს წიგნსაცავი და რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკა პეტერბურგში.) ბიბლიური ტექსტების გარდა, ფონ ტიშენდორფმა შეისწავლა და გამოსცა ახალი აღთქმის არაერთი აპოკრიფული თხზულება. მან გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი შრომა, რომლებიც სპეციალისტთა წრეში დღესაც აქტუალურ პუბლიკაციებადაა აღიარებული.

მან შექმნა ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და მათ შორის ქართული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების მნიშვნელოვანი კოლექცია. ლაიფციგის ფრაგმენტი ფონ ტიშენდორფმა წამოიღო იერუსალიმიდან 1845 წელს მოგზაურობის დროს. თავის წიგნში „Reise in den Orient“ („მოგზაურობა აღმოსავლეთში“) იგი წერდა, რომ ჯვრის მონასტრიდან ბერძნული თუ ქართული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების წამოღება შეთანხმებული ჰქონდა მონასტრის მაშინდელ მესვეურებთან. სავარაუდოდ, ასევე მოიპოვა მან წერილობითი სიძველეები სინის მთიდან, რომლებიც დღეს დაცულია პეტერბურგშიც, რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, და ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები