ფრისტაილი
ფრისტაილი – (ინგლ. Free stile სიტყვასიტყვით – თავისუფალი, ლაღი სტილი). სამთო-სათხილამურო სახეობა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ საჰაერო-აკრობატულ დისციპლინებს.
ისტორია
ფრისტაილი წარმოიშვა XX საუკუნის შუა ხანებში, როცა ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამთო მოთხილამურეები გაიტაცა შეჯიბრებამ არა მარტო დაშვების სისწრაფეში, არამედ მოძრაობის, მოხვევის, ხტომისა და სხვა ტექნიკური ელემენტების შესრულების სილამაზეშიც. მისი ფუძემდებლები არიან სპორტსმენები, რომლებიც ტრასაზე ფათერაკებს დაეძებდნენ და სლალომის ტრადიციულ ტექნიკას უგულებელყოფდნენ. მაგალითად, 1990-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი მოგულისტი, ფრანგი ედგარ გროსპირონი, რომელიც ფერდობზე მუხლებმიტყუპებული ეშვებოდა, უპერსპექტივობის გამო სამთომოთხილამურეთა გუნდიდან გარიცხეს, ფრისტაილში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ახალ სახეობას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, კანადაში, ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში. როცა ადგილობრივი მნიშვნელობის სახელდახელო ტურნირები ეროვნულ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში გადაიზარდა, შეიქმნა წესების უნიფიცირების აუცილებლობა. ახალი წესებით პირველი დიდი ტურნირი 1966 წელს მოეწყო აშშ-ის ქალაქ ატიტაშში. 1979 წელს შეიქმნა ფრისტაილის ტექნიკური კომიტეტი და სპორტის ეს სახეობა FIS-ის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებათა პროგრამაში ჩართეს 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე (კალგარი) მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები ფრისტაილის სამ დისციპლინაში, შემდეგი თამაშების პროგრამაში კი (1992, ალბერვილი) ოფიციალურად შეიტანეს ქალთა და კაცთა მოგული. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დონა უეინბრეხტი (აშშ) და ედგარ გროსპირონი (საფრანგეთი).
ბოლო წლებში ფრისტაილის ოლიმპიური პროგრამა მნიშვნელოვნად გაიზარდა და რამდენიმე ახალი დისციპლინა დაემატა, მათ შორის – შერეული გუნდური შეჯიბრება საჰაერო აკრობატიკაში.
წესები
აკრობატული ნახტომებისთვის განკუთვნილი თხილამური უფრო მოკლეა, ვიდრე სამთომოთხილამურეებისა. მოგულის თხილამურების სიგრძეა არანაკლებ 190 სმ (კაცებისთვის) და 180 სმ (ქალებისთვის), სათხილამურო ბალეტისა კი სპორტსმენის სიმაღლის 80 პროცენტი უნდა იყოს. სპორტული ფორმის ქვედა და ზედა ნაწილები სხვადასხვა ფერისაა, რათა მსაჯებს გაუადვილდეთ სპორტსმენზე დაკვირვება.
სათხილამურო ბალეტში (ინგლ. acro) შეჯიბრება იმართება გლუვ, თოვლიან ფერდობზე, სადაც არ არის ბორცვები და წინაღობები. ტრასის სიგრძეა 150 მ, სიგანე – 35 მ, დახრილობა – 24 პროცენტი. სპორტსმენმა დაშვებისას უნდა შეასრულოს პროგრამა, რომელიც შეიცავს ბრუნებს, ხტომებს, ქორეოგრაფიულ და აკრობატულ ელემენტებს. პროგრამა სრულდება თვითონ სპორტსმენის მიერ შერჩეული მუსიკის თანხლებით. გამოსვლას აფასებს შვიდი მსაჯი ორი კრიტერიუმით: ტექნიკა და მხატვრული გამომსახველობა.
შეჯიბრება საჰაერო აკრობატიკაში (ინგლ. aerial) ეწყობა ტრასაზე, რომლის საწყისი 55 მ გლუვი ფერდობია (დახრილობა 23%). მას მოსდევს სწორი მონაკვეთი, სადაც მოწყობილია „კიკერები“, თოვლისა და ყინულისგან ნაგები მრუდი პანდუსი, რომლის დახრილობის კუთხეა 55-65%. მოთხილამურე ფერდობიდან მთელი სისწრაფით ეშვება, ასრიალდება პანდუსზე და ჰაერში ასრულებს აკრობატულ ნახტომს. ტრასის მომდევნო ნაწილი დაშვების ზონაა, რომლის სიგრძეა 30 მ, დახრილობის კუთხე – 37%. სპორტსმენის გამოსვლას აფასებს 7 მსაჯი. ცალ-ცალკე ფასდება ნახტომი (ჰაერში ასვლა, ნახტომის სიგრძე და სიმაღლე), ჰაერში მოძრაობა (სხეულის პოზიცია, შესრულების სიზუსტე, ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა) და თოვლზე დაშვება (წონასწორობის დაცვა).
შეჯიბრება მოგულში (ინგლ. mogul – უსწორმასწორობა, ბორცვი სათხილამურო ტრასაზე) იმართება ფერდობზე, სადაც მოწყობილია ხელოვნური წინაღობები – ერთმანეთისგან დაახლოებით 3,5 მეტრით დაშორებული ბორცვები. სპორტსმენმა ეს დაბრკოლებები სხვადასხვა მოძრაობისა და ილეთების შესრულებით უნდა გადალახოს. ტრასის სიგრძეა 220- 270 მ, სიგანე – 25 მ, დახრილობა – 28-32 %. მოგულში შესრულებული მანევრები ჯგუფდება: თხილამურების პოზიციისა (ერთად ან განზიდული) და ჰორიზონტალურ სიბრტყეში ბრუნვის (360-დან 720 გრადუსამდე) მიხედვით. მოთხილამურეთა გამოსვლა ფასდება სამი კრიტერიუმით: მოძრაობის ხარისხი (დაშვების ზოლი, ბორცვების გავლა, მოქნილობა, სხეულის პოზიცია), ნახტომები (სირთულე, მანძილი, შესრულების ტექნიკა) და სისწრაფე (კონკრეტული ტრასის სტანდარტულ დროსთან შეფარდებით).