ფრჩხილები (პუნქტუაცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრჩხილები – ვერტიკალური, მიმართულებით ერთმანეთის შემხვედრი წყვილი ნიშანი. ფრჩხილები არის მრგვალი ( ) და კვადრატული [ ].
1. მრგვალ ფრჩხილებში ჩაისმება:
- ა) სიტყვა, ფრაზა ან მთელი წინადადება, რომელიც განმარტავს ან ასუსტებს სათანადო წინამავალი სიტყვის, ფრაზისა თუ წინადადების მნიშვნელობას. ძირითადად დამახასიათებელია პუბლიცისტური და სამეცნიერო სტილისათვის. მაგ: „…გვერდით საინით (გობი) მწვადად გამოჭრილი… ხორცი ედგა“ (ვაჟა-ფშაველა); უცებ მიგიზიდავდათ ჭკვიანური თვალებით (მის თვალებს დღესაც აქეთ იმის უნარი). ( რ. ინანიშვილი);
- ბ) ფრჩხილებში ჩაისმის აგრეთვე კომენტარის ტოლფასი უცხოური (ძირითადად ლათინური) შემოკლება: (resp.), (sic!). ეს უკანასკნელი იხმარება ძახილის ნიშნით – ყურადღების გასამახვილებლად;
- გ) ამა თუ იმ ლიტერატურული წყაროდან ციტირებისას, ილუსტრაციის მოყვანისას ფრჩხილებში ჩაისმის ავტორის გვარი, ნაწარმოების სათაური, გამოცემის დრო და ადგილი, გვერდი, სტრიქონი;
- დ) ცალი, მარჯვნივ გაზნექილი ფრჩხილი ახლავს ჩამონათვალის პუნქტების აღმნიშვნელ ციფრებს ან ასოებს: 1), 2),–ა), ბ). - ეს წესი განასხვავებს თანამედროვე ქართულს დასავლეთის ქვეყნებში (განსაკუთრებით აშშ-ში) მიღებული წესისაგან, რომელიც გულისხმობს განსახილველი საკითხების ან ილუსტრაციების ნუმერაციას ორმხრივი ფრჩხილის მეშვეობით: (1), (2), –
2. კვადრატულ 9-ში ჩაისმის:
- ა) ლიტერატურული წყაროდან დამოწმებულ ილუსტრაციაში მაციტირებლის მიერ აზრის სიცხადის ან დაზუსტების მიზნით აღდგენილი სიტყვა ან მისი ნაწილი თუ მთელი გამოთქმა. ეს წესი განსაკუთრებით დამახასიათებელია ლექსიკოგრაფიული პრაქტიკისათვის. მაგ.: „[სამხედველო] ნერვი რომ გადაიჭრას, კაცი მაშინ ვეღარაფერს დაინახავს“ (ი. გოგებაშვილი);
- ბ) კვადრატულ ფრჩხილში შეიძლება ჩაისვას აგრეთვე განმარტებული სიტყვის წარმომავლობა და ეტიმოლოგია. მაგ., ვექსილი [გერმ. Wechsel რუსული ენის მეშვეობით];
- გ) ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული შემდგენელთა კვალიფიკაციები ამა თუ იმ ვარიანტის აკრძალვის მისანიშნებლად. მაგ., [ჭადი კი არა] მჭადი.