ფულის რაოდენობრივი თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულის რაოდენობრივი თეორია - (quantity theory of money) - ფულზე მოთხოვნის თეორია, რომლის მიხედვითაც საქონლის ფასების დონე და ფულის ღირებულება განისაზღვრება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობით. ეს თეორია XVIII საუკუნეში წამოაყენა ფრანგმა შ. მონტესკიემ და ინგლისელმა დ. იუმმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა დ. რიკარდო. ფულის რაოდენობრივი თეორიის მოდიფიცირებული ვარიანტი განხილული აქვს ჯ. კეინზს ნაშრომში - „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“.

კეინზიანური ვარიანტის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა იყოფა ორ ნაკადად: „სამომხმარებლო დოვლათის“ და „საინვესტიციო დოვლათის“ მოძრაობის მომსახურე ნაკადებად, განსხვავებული ფასებით. კეინზის აზრით, ფულის რაოდენობის მატება ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ფასებზე მანამ, სანამ არსებობს უმუშევრობა, ვინაიდან დასაქმება იზრდება მოთხოვნის გადიდების პროპორციულად, რაც გამოწვეულია ფულის რაოდენობის ზრდით. ამასთან, სრული დასაქმების პირობებში მდგომარეობა ძირფესვიანად იცვლება. ასეთ შემთხვევაში ფულის რაოდენობისა და მოთხოვნის გადიდება ვეღარ გამოიწვევს დასაქმების გაზრდას, მაგრამ გამოიწვევს ფასების ამაღლებას. კეინზმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ფულის რაოდენობრივი თეორია: სანამ არსებობს უმუშევრობა, დასაქმება შეიცვლება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ფულის რაოდენობა, ხოლო თუ სრულია დასაქმება, მაშინ ფასები შეიცვლება იმავე პროპორციით, როგორითაც შეიცვლება ფულის რაოდენობა.

გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი ირვინგ ფიშერი, რომელსაც თანამედროვე ფულის რაოდენობრივი თეორიის ფუძემდებლად თვლიან, თავის ცნობილ ნაშრომში „ფულის მსყიდველობითი უნარი“ (1911) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები - მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული.

მ. ფრიდმენმა, ი. ფიშერის თეორიაზე დაყრდნობით, ახალი მომენტები შეიტანა ფულის რაოდენობრივ თეორიაში. ნაშრომში «ფულადი ანალიზის თეორიული ჩარჩოები» (1971) იგი შეეცადა მოეძებნა კავშირი კვლავწარმოების პროცესში ფულადი მასის დინამიკასა და ეკონომიკის მერყეობას შორის. მ. ფრიდმენი უდიდეს როლს ანიჭებს ფულად მასას ფასების დონის განსაზღვრაში. მისი აზრით, ფულადი ფაქტორები გადამწყვეტ გავლენას ახდენს მშპ-ის დინამიკასა და ეკონომიკის ციკლურ ხასიათზე. მონეტარული თეორია გვთავაზობს გაცვლის შემდეგ ფორმულას:

MV=PQ,

სადაც, M არის ფულის მიწოდება, V - ფულის ბრუნვის საშუალო რიცხვი, P - ფასების დონე, Q - წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფიზიკური მოცულობა. მონეტარული შეხედულების თანახმად, ფულის მიწოდების (M) ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და დასაქმების რეალურ მოცულობაში მოკლევადიანი ცვლილებები, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში M-ის ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები