ფრიდმენი მილთონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Milton.jpg

ფრიდმენი მილთონ - (1912 - 2006) (Friedman Milton) - ჩიკაგოს სკოლის მთავარი წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში (1976).

იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი იყო. ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს 1967 წელს. მისი ძირითადი ნაშრომებია: „დაბეგვრა ინფლაციის ალაგმვის მიზნით“ (1943), „ნარკვევები პოზიტიურ ეკონომიკაში“ (1953), „სამომხმარებლო ფუნქციის თეორია“ (1957), „ფასების თეორია“ (1962), „შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია 1867-1960 წლები“ (1963), „ინფლაციის მიზეზები და შედეგები“ (1963) და სხვ.

ფრიდმენი ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციის შემუშავების პიონერია, ხოლო მისმა „სამომხმარებლო ფუნქციის თეორიამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პერმანენტული შემოსავლის ჰიპოთეზის ფორმულირებაში. პოზიტიური ეკონომიკის მეთოდოლოგიური დასაბუთებით, უმუშევრობის ბუნებრივი დონის ფორმულირებით, ეკონომიკაში ფულადი ფაქტორების ახლებური გააზრებით ფრიდმენი დაუპირისპირდა კეინზიანელობას და მკაცრად გააკრიტიკა იგი სტაბილიზაციის პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც კეინზიანური ეკონომიკა თავის გამარჯვებას ზეიმობდა, მ. ფრიდმენი და მონეტარული სკოლის სხვა წარმომადგენლები ანგრევდნენ მის საფუძვლებს.

ანა შვარცთან ერთად, ფრიდმენმა დაწერა „აშშ-ის ფულადი მიმოქცევის ისტორია“, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფულის რაოდენობრივი თეორიის განვითარებასა და ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის კეინზიანამდელი რწმენის გამოცოცხლებაში. ფიშერის განტოლებაში ისეთი ცვლადების ჩართვით, როგორიცაა სიმდიდრე, სარგებლის განაკვეთი და მოსალოდნელი ინფლაციის ტემპი, ფრიდმენმა განავითარა მონეტარული მიმართულება მაკროეკონომიკაში.

ფრიდმენის მიმდევართა შორის გამოირჩევიან მონეტარიზმის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან თ. შულცი, ჯ. სტიგლერი და სხვები. მონეტარისტები ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ფულად სფეროს ანიჭებენ და მოითხოვენ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ყველა ფორმის მკვეთრ შეზღუდვას. ფრიდმენისა და საერთოდ, „ჩიკაგოს სკოლის“ თეორიაზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას (სოციალური პროგრამების შეკვეცის, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის დახმარების შემცირების, ხელფასის მინიმალური განაკვეთის „გაყინვის“ გზით), პროფკავშირების შესუსტებასა და ა.შ.

მილთონ ფრიდმენის მონეტარული თეორიის ნაკლოვანებები XXI საუკუნის დასაწყისში აისახა თანდათან მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში ხედავენ. ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა. ამაში ფრიდმენის მონეტარული პოლიტიკის ფართომასშტაბიანმა და უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა.

მსოფლიო ფინანსური კრიზისი მეტ-ნაკლები ზომით აისახა ნებისმიერ ქვეყანაში, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. ასეთ სიტუაციაში სავსებით ლოგიკურად, წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია. ეს გამოიხატა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გააქტიურებაში, სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდასა და გადასახადების შემცირებაში, ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერასა და ა.შ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები