ფუნქციური სტილისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქციური სტილისტიკა – სტილისტიკის დარგი, რომელიც ავლენს და იკვლევს საერთო ენის სტილისტიკურ სტრუქტურას (ფუნქციურ სტილებს). იგი არ უგულებელყოფს სტილისტიკურ რესურსებს, მაგრამ ენობრივ ერთეულებს განიხილავს არა როგორც ენაში მუდმივად შეფერილ ელემენტებს (მორფემებს, სიტყვებს, სიტყვათა შეხამებებს), არამედ როგორც ფუნქციური დანიშნულების მქონე დინამიკურ ენობრივ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც შეპირობებულია გამონათქვამის შინაარსით, კომუნიკაციის მიზნებით, ტიპებით, სიტუაციებითა და სხვ., ანუ შეპირობებულია ექსტრალინგვისტური ფაქტორებით, მათ შორის მეტყველის მიმართებით მსმენელთან. ამ მიმართებას გამოხატავს, ინტერაქციის ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს ადრესატის პიროვნებას, კოლექტიური ადრესატის ხასიათს, რამდენადაც ადრესატი, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდების ობიექტია, დარწმუნების, გაფრთხილების, მართვის, ინსტრუქტირებისა და, საერთოდ, ზემოქმედების ობიექტიც არის. განსხვავებულია, მაგ., სამეცნიერო და საგაზეთო-პუბლიცისტურ სტილთა ადრესატები. ეს განსხვავება რაოდენობრივიცაა და თვისებრივიც. მაგ., სამეცნიერო ურთიერთობა იმ პირთა შორის მიმდინარეობს, რომელთაც საერთო შეხედულებები და ცოდნის საერთო სფერო აქვთ. ადრესანტიცა და ადრესატიც – ორივე მეცნიერია. ამ ურთიერთობის ეფექტურობა დამოკიდებულია საერთო დენოტაციურ ცოდნასა და შესაბამისი სამეტყველო სტილის ფლობის ხარისხზე, მაშინ როდესაც, მასობრივი კომუნიკაციის ადრესატი (აქ – გაზეთის მკითხველი) მასობრივიც არის და დისპერსიულიც: იგი მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა რანგის რთული სოც. შედგენილობისაა და ერთგვაროვან მცირე ჯგუფზე, ანუ, პირობითად, ერთ ადრესატზე მისი დაყვანა შეუძლებელია. განსხვავებულ (პერსონალურ თუ მასობრივ) ადრესატზე ორიენტაცია მეტყველების განსხვავებულ ფუნქციურ-სტილურ თავისებურებებს წარმოქმნის.

ქართული სალიტერატურო ენას ხუთი მთავარი სტილი აქვს – 4 წიგნური: ოფიციალურ-საქმიანი, სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული და მათთან შედარებით მკვეთრად დაპირისპირებული – სასაუბრო-ყოფითი. წიგნური და სასაუბრო სტილებისათვის დამახასიათებელია განხორციელების ორივე ფორმა – წერილობითიცა და ზეპირიც. ზეპირი სფერო წარმოდგენილია სასაუბრო და საჯარო მეტყველებით. ეს უკანასკნელი სალიტერატურო ენის ზეპირი ფორმაა, სასაუბრო მეტყველება კი შეიძლება იყოს როგორც კოდიფიცირებული (სალიტერატურო-სასაუბრო), ისე არაკოდიფიცირებული (ხალხური მეტყველება, ტერიტორიული და სოციალური დიალექტი). ზეპირ კოდიფიცირებულ ფორმებს – საჯაროსა და სასაუბროს – აქეთ მსგავსი და განსხვავებული მახასიათებლები. მსგავსება ვლინდება იმით, რომ ორივე უპირისპირდება ენის წერილობით ფორმებს, მაგრამ ორივეს ახასიათებს სალიტერატურო ენის ძირითადი ნიშნები: ზედიალექტურობა, მდგრადობა, ნორმატიულობა და პოლიფუნქციურობა. განსხვავებას მათ შორის ქმნის საკომუნიკაციო ფუნქცია, ურთიერთობის თემა, სამეტყველო სიტუაცია და სხვ. ზეპირ საჯარო მეტყველებას (მოხსენება, ლექცია, გამოსვლა, კონსულტაცია…) მიმართავენ მაშინ, როცა თემა ინტელექტუალიზებული და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანია, მიზანი – შეტყობინება და ზემოქმედებაა, ხოლო ადრესატი – აუდიტორია.

ზეპირი მეტყველების არაკოდიფიცირებული ფორმაც შეიძლება იყოს წერილობით ასახული (ყოფითი, არაოფიციალური მიმოწერა, პერსონაჟის საუბარი). სალიტერატურო სასაუბროსგან განსხვავებით, იგი შეზღუდულია როგორც საუბრის თემატიკით, ისე სამეტყველო სიტუაციით – გამოიყენება მხოლოდ ყოფაში და ხასიათდება ფამილიარობით, თავისუფლებითა და წარმოთქმის დაუდევრობით.

ფუნქციურ სტილებს, გარდა წერილობითი და ზეპირი ფორმებისა, ჟანრობრივი მრავალფეროვნებაც ახასიათებთ, მაგ., სამეცნიერო პროზის პირველადი ჟანრებია: მონოგრაფია, სტატია, რეცენზია, სახელმძღვანელო, ლექცია, მოხსენება, საინფორმაციო ცნობა, დისერტაცია, სამეცნიერო მუშაობის ანგარიში. მეორეულ ჟანრებს განეკუთვნება ტექსტები, რომლებიც უკვე არსებული თხზულებების მიხედვითაა შედგენილი: რეფერატი, ავტორეფერატი, კონსპექტი, თეზისები, ანოტაცია. ზემოჩამოთვლილ სამეცნიერო ნაშრომთა მეტყველებით-ტექსტობრივი სტრუქტურები შესაბამისი ჟანრების კანონებს ემორჩილება და, ამდენად, სამეცნიერო ფუნქციური სტილი (ისევე როგორც ოფიციალურ-საქმიანი და პუბლიცისტური) რთულ კომპოზიციურ სისტემას წარმოადგენს, სადაც ქვესტილების, ჟანრებისა და ქვეჟანრების გაერთიანების საფუძველია სამეცნიერო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცნებით-ლოგიკური აზროვნება, გადმოცემის სიზუსტე, სიცხადე, სტანდარტიზაცია, ობიექტურობა, განზოგადებისა და განყენებულობისაკენ მისწრაფება. საერთო ერთი ფუნქციური სტილის ფარგლებში ქმნის სტილურ ხასიათს, ხოლო განსხვავებული ამავე ფარგლებში დანაწევრების საფუძველს იძლევა.

არსებობს განსხვავებული შეხედულება მხატვრული ლიტერატურის ენის ადგილის შესახებ სალიტერატურო ენის სტილისტიკურ სტრუქტურაში. საკითხი ასე დგება: განეკუთვნება თუ არა მხატვრული ენა ფუნქციურ სტილთა კატეგორიას? მკვლევართა ერთი რიგი ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებს, რასაც იმით ასაბუთებს, რომ ესთეტიკური ფუნქცია, რაც მხატვრული ლიტერატურის ენას აქვს, მას პრინციპულად განასხვავებს დანარჩენ სტილთაგან. რომელთა ფუნქციებიც მხოლოდ საკომუნიკაციო ფუნქციის მოდიფიკაციებია (ამიტომ ფუნქციურ სტილებს ზოგჯერ საკომუნიკაციო სტილებსაც უწოდებენ). ენა მხატვრულ ლიტერატურაში არა მარტო აზრის ფორმაა, არამედ მხატვრული სახის ელემენტიც. ენობრივი ფაქტების შერჩევასა და დაჯგუფებას აქ განაპირობებს ესთეტიკური მიდგომა, რის გამოც ეს ფაქტები ხელოვნების ფაქტებად იქცევა და ისინი მხატვრულობის კრიტერიუმებს ექვემდებარება. მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოები თვითკმარი ესთეტიკური ღირებულების მქონე მთლიანი და შედარებით ავტონომიური ობიექტია, რომლის ანალიზიც შეუძლებელია მხოლოდ ენობრივი სისტემის ფარგლებში, ლინგვოსტილისტიკის ცნებები და კატეგორიები საკმარისი არ არის ენობრივი მასალის მხატვრული ფუნქციების გამოსავლენად. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მხატვრული ლიტრის ენა „მრავალსტილებრივია“, მასში ყველა სტილის ელემენტები მონაწილეობენ; იგი იმეორებს საერთო ენის სტილისტიკურ სტრუქტურას, რომელიც აქ მხატვრულად ტრანსფორმირებული და განზოგადებულია. სწორედ ამით უპირისპირდება იგი ენობრივი მოქმედების ყველა სხვა სახეობას. ამიტომ მხატვრული მეტყველების ენა განხილული უნდა იყოს არა როგორც „სტილი“, არამედ როგორც მხატვრული ლიტერატურის ენა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სალიტერატურო ენის შემადგენლობაში. საპირისპირო თვალსაზრისი მას მაინც მიიჩნევს სტილად, მიუხედავად იმისა, რომ მისი გათანაბრება არც ერთ „არამხატვრულ“ სტილთან არ შეიძლება. იგი სტილია, თუმცა არა ჩვეულებრივი და რიგითი, არამედ უფრო მაღალი: ესთეტიკურ-კომუნიკაციური მხატვრულობა არის მისი სტილური ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ყველა ლიტერატურული ტექსტის იდენტიფიცირება და ამოცნობა.

ზემოთქმულის გამო, სტილისტიკაში არსებობს სფერო, რომელიც მხატვრული ლიტერატურის მეტყველებას სწავლობს. ლინგვოსტილისტიკისაგან განსხვავებით, მას ლიტერატურათმცოდნეობით სტილისტიკას უწოდებენ. ამ ორი სტილისტიკის ურთიერთმიმართების საკითხი თითქმის საუკუნეა, ფილოლოგიის ერთ-ერთ კარდინალურ საკითხს წარმოადგენს ისევე, როგორც მხატვრული მეტყველების სალიტერატურო ენისათვის მიკუთვნების საკითხი. პოეტური მეტყველებისადმი ენათმეცნიერთა ინტერესს განსაზღვრავს ის ვითარება, რომ მხატვრულ მეტყველებაში მაქსიმალურად ვლინდება ენის ყველა შესაძლებლობა (მ. ბახტინი: „პოეზია თითქოს ყველაფერს წურავს ენიდან და ენა აქ საკუთარ თავს აღემატება“). ლინგვისტისათვის ამა თუ იმ მწერლის ოსტილიიდის შესწავლა არის არა ხელოვნების თავისებურ ფორმათა შესწავლა, არამედ მეტყველების თავისებურ ფორმათა შესწავლა. ნაწილობრივ ამითაც შეიძლება აიხსნას ის, რომ ქართულ ენათმეცნიერებაში მწერლის ენისა და სტილისადმი მიძღვნილი ნაშრომები რაოდენობით ბევრად აღემატება ყველა სხვა ხასიათისა და მიზანდასახულების სტილისტიკურ გამოკვლევებს. ამგვარად, ენათმეცნიერისათვის მხატვრული ნაწარმოები არის „ენობრივი მოვლენა“, რომელიც საინტერესო მასალას იძლევა ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის საკითხების შესწავლისათვის. ლიტერატურათმცოდნეობით სტილისტიკას კვლევის უფრო ფართო წრე აქვს. იგი სწავლობს არა მარტო სიტყვის, სიტყვა-ფორმის, პრედიკატული სტრუქტურისა და ა. შ. ესთეტიკურად შეპირობებული გამოყენებას. არამედ მხატვრული თხრობის ორგანიზაციის ხერხებსაც. სადაც გამოხატულებას პოულობს „ავტორის სახე“; ამავე დროს, იგი დაინტერესებულია სიტყვაკაზმული მწერლობის ისტორიითა და მემკვიდრეობით, სწავლობს მხატვრული ნაწარმოების, ავტორის, გარკვეული ლიტერატურული მიმდინარეობის ან მთელი ეპოქისათვის დამახასიათებელ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებსა და სხვ. მაგრამ, ამასთანავე, იგი ეყრდნობა ლინგვოსტილისტიკური ანალიზის შედეგებს. ამიტომ მხატვრული მეტყველების სტილისტიკა ორი სტილისტიკის ურთიერთგადაკვეთისა და ინტერესის სფეროა.

გ. კვარაცხელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები