ფშნის ეკალი
ფშნის ეკალი - (Ononis arvensis L. = Ononis spinosa subsp. hircina [Jacq.] Gams);
ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae).
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. ღერო სწორია ან წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. ფოთლები სამფოთოლაკიანია, კერნწრულები ერთფოთოლაკიანი, ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი ღია ვარდისფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და მდინარეების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კონდოლის მიდამო ებში. ცნობილია მთელ საქართველოში.
ღეროს და ფოთლებს იყენებენ ხალიჩების შესაღებად. ნორჩ ფოთლებს ხმარობენ საჭმელად (მხალეულად). კარგი თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა.
სამკურნალო ნედლეულს ფესვები წარმოადგენს, რომელიც შეიცავს გლიკოზიდებს (ონონიდს და ონონინს, ასტრალგინს), საპონინებს (ონოცერალს), ფლავონოიდებს, მთრიმლავ და ფისოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს და ცხიმზეთებს, ორგანულ მჟავებს, ცილებს, სახამებელს, ლორწოს და 10 %-მდე მინერალურ მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს – ბორი, იოდი, სპილენძი, ქრომი, სტრონციუმი, მოლიბდენი, რკინა, თუთია, ნიკელი, მაგნიუმი, კალციუმი, მარგანეცი, ვანადიუმი, კალიუმი, ალუმინი.
ფესვებს იყენებენ ბუასილის დროს როგორც სისხლშემაჩერებელ, გამაუმტკივნებელ და საფაღარათო საშუალებას; ასევე ხასიათდება ეფექტური შარდმდენი, მადეზინფიცირებელი და ოფლმდენი მოქმედებით, რის გამოც ხშირად რეკომენდირებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისათვის, კენჭების დასაშლელად და თირკმელებსა და შარდის გამტარი გზების ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ფესვებს ასევე იყენებენ ნიკრისის ქარის, კანის დაავადებების, საშვილოსნოდან სხვადასხვა ეთიოლოგიის სისხლდენის, განსაკუთრებით კლიმაქტერიუმის პერიოდში. ასევე შედის სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც იყენებენ რევმატიზმის, ქრონიკული ყაბზობის, გლომერულონეფრიტის, ბუასილის, ურეტრიტის, ცისტიტის, პროსტატიტის შარდკენჭოვანი დავადებების, დერმატიტის, ეგზემისა და ა. შ.