ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი
ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი - ციხე-კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ფხვენისის სამხრეთ ნაწილში, მთავარი გზის პირას. თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით.
აღწეილობა
კოშკი ცილინდრულია (დიამ 10 მ, კედლის სისქე 2 მ), ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, პირველი სართულის გუმბათოვანი კამარა, ნიშების წირთხლები და თაღოვანი გადახურვები აგურისაა. შენობა დაზიანებულია. თითქმის მთლიანად დანგრეულია მეორე სართულის კედლები. კოშკის პირველი სართული წრიულია, გადახურულია გუმბათოვანი კამარით, თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. სართული ნათდება ორი ვიწრო, მაღალი. სწორკუთხა სარკმლით. სარკმლების გადახურვა საფეხურებიანია და შიგნიდან გარეთ მაღლდება. კედელში ორი ფართო, ღრმა, თაღოვანი სათოფურიანი ნიშია, გარდა ამისა, ამ სართულზე კიდევ სამი პატარა ნიში, ერთი ბუხარი და ორი სათოფურია. პირველი სართული მეორეს უკავშირდება შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს კედელში დატანებული კიბით. კიბე ნათდება ერთი სწორკუთხა სარკმლით. მეორე სართული სწორკუთხაა. შემორჩენილია მხოლოდ ბუხრის, ფართო ნიშებისა და შესასვლელის წირთხლების კვალი.