ქარვასლის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარვასლის თეატრი – 1847-1851 წლებში არქიტექტორ ჯ. სკუდიერის პროექტითა და მისი ხელმძღვანელობით აგებული ქარვასლის თეატრი ერევნის მოედანზე — პირველი, ახალი ტიპის სათეატრო ნაგებობაა თბილისში, რომელსაც, მართალია, ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ შემორჩენილი დოკუმენტური, გრაფიკული და ფოტომასალა ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის სათეატრო შენობის როგორც არქიტექტურაზე, ისე მის შიდა გაფორმებაზე.

ერევნის მოედნის ცენტრალურ ადგილას აღმართული თეატრის ოთხსართულიანი სწორკუთხა ნაგებობა (78X47 მ.) დომინანტურ მნიშვნელობას იძენდა გარშემო განთავსებული შენობების არქიტექტურულ სივრცეში. მონუმენტურობით გამორჩეული შენობის მრავალსართულიანობა ვიზუალურად არ იკითხებოდა. მიწის დონეს მხოლოდ ორი სართული ემიჯნებოდა, ქვედა სართულები (I და II) საწყობებს, სარდაფებს და დამხმარე სათავსოებს ეკავა. თეატრისა და ქარვასლის ფუნქციათა ერთ ნაგებობაში გაერთიანებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამფინანსებლის ინტერესები აპირობებდა (ქალაქის მმართველობას თეატრის ასაგებად საჭირო თანხა არ გააჩნდა, ამიტომ მ. ვორონცოვმა სახსრების შესაგროვებლად ქალაქის საპატიო მოქალაქეებს მიმართა. წინადადებას გამოეხმაურა გაბრიელ თამამშევი. კონტრაქტის მიხედვით „დუქნები და სარდაფები გადადიოდა თამამშევის, ხოლო თეატრი ქალაქის განკარგულებაში. ყოველი ხარჯი თეატრის მოხატვა-მოწყობასთან ერთად უნდა გაეღო თამამშევს“. მესამე სართული, რომელიც უკვე მიწის დონიდან იკითხებოდა, მთელს შემოყოლებაზე მაღაზიებს ჰქონდა დათმობილი. აქ 23 დიდი მაღაზია იყო, სადაც სრულიად სხვადასხვა ტიპის საქონელი იყიდებოდა. საინტერესოა, რომ იმავე კონტრაქტის მიხედვით ხაზგასმულია, რომ დუქნები უნდა დათმობოდა მხოლოდ მოდურ, ლამაზ საქონელს, საგალანტერიო და საკონდიტრო ნაწარმს, ანუ ისეთს, რაც არ დაამახინჯებდა შენობის ვიზუალურ მხარეს. ტროტუარი ქარვასლის შენობას მესამე სართულზე უკავშირდებოდა. თავდაპირველად დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თეატრის შენობა ორსართულიანი ნაგებობაა, სარდაფებით, მაგრამ საძირკველის გათხრის დროს ნაყარი მიწის სიღრმემ სარდაფის კიდევ ერთი სართულის მიმატება განაპირობა. ამიტომ სარდაფის სართულებისთვის შუქის მიწოდებისა და სოლოლაკის წყლებისაგან მათი დაცვის მიზნით, თეატრის შენობის გარშემო გაკეთდა საგანგებო თხრილი კონტრფორსული კედლებით, რომელზეც გადებული 15 ხიდითა და ეტლებისთვის გამიზნული ორი მისადგომით უერთდებოდა ტროტუარი ქარვასლის თეატრს. მეოთხე სართულზე (ანუ მიწის დონიდან მეორეზე) განთავსებული იყო სავაჭრო კანტორა, ბიბლიოთეკა, თეატრის ბუფეტი და ფოიე. შენობის ცენტრალური ნაწილი, შუაგული ეჭირა საკუთრივ სათეატრო ნაწილს – სცენასა და მაყურებელთა დარბაზს. თეატრის ინტერიერი შთამბეჭდავი იყო თავისი ზომებით (36X23,5 მ.). მთლიანობაში დარბაზი რვაასამდე მაყურებელს იტევდა. პარტერის გარდა, ჰქონდა ორი იარუსი, რომელიც ლოჟებად იყოფოდა და ქანდარა.

კლასიკური რენესანსული ფასადების საპირისპიროდ, გ. გაგარინმა თეატრის ინტერიერი აღმოსავლურ სტილში გადაწყვიტა.

თეატრის მშენებლობა ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა (საფუძველი ჩაეყარა 1847 წლის 15 აპრილს. 1851 წლის 12 აპრილს კი გაიხსნა). ქარვასლის თეატრის საზეიმო გახსნის მოვლენების გაშუქებისას გაზეთი „Кавказ“ (1851 წ. №1 №29) წერდა, რომ თეატრი „გასულ ხუთშაბათს გაიხსნა მასკარადით და არა დრამატული წარმოდგენით, ვინაიდან ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არის ისეთი წარმოდგენა, რომელიც მის დიდებულებასა და ზნეობრივ მიზანს შეესაბამება”. რეალურად კი მასკარადის გამართვა თეატრის შენობის, კერძოდ, სცენის მოწყობილობისა და დეკორაციების დაუსრულებლობამ განაპირობა. ამიტომ სპექტაკლების გამართვა შემოდგომისთვის გადაიდო. ამავე პერიოდიდან გადმოდის გ. ერისთავის დასი მანეჟის თეატრიდან ქარვასლის თეატრში.

თბილისის თეატრის საზეიმო გახსნის ამსახველი ორი ფოტო და სტატია ვინმე ედმონდ დე ბარერის ხელმოწერით 1851 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პარიზის ერთ-ერთ დიდი ფორმატის გამოცემაში – „ილუსტრირებული უნივერსალური ჟურნალი”, რომელიც მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებელი. სტატიის ავტორი აღფრთოვანებით წერს, რომ „... ეს ერთადერთი თეატრია, რომლის შიგა სამკაული მთლიანად მავრიტანული სტილისაა, იგი უდაოდ და უეჭველად წარმოადგენს ერთ-ერთს, ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ, ყველაზე უფრო წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რაც კი შეუძლიან წარმოიდგინოს ადამიანმა... შექმნილია თავისებური რამ... ღირსი აღტაცების გამოწვევისა და მიბაძვისა დასავლეთში; ქმნილება, რომელსაც შესწევს უნარი მიანიჭოს აღმაფრენა და ცხოველმყოფელობა აზიის ხელოვნებას. აი, ორგვარი დახმარება რაც გაუწია თავადმა გაგარინმა საერთოდ ხელოვნებას და უწინარეს ყოვლისა – მთელს აღმოსავლეთს”.

ქარვასლის თეატრი XIX საუკუნის ევროპასა და რუსეთში გავრცელებული იარუსული ტიპის თეატრია, ღრმა პერსპექტიული სცენა-კოლოფით. თეატრის ეს ტიპი ჩამოყალიბდა რენესანსული ეპოქის იტალიაში და XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით წარმოადგენდა სათეატრო არქიტექტურის თითქმის ერთადერთ სახეობას. სწორედ ამ პრინციპით, ანუ ევროპული და რუსული სათეატრო არქიტექტურის გამოცდილების გამოყენებით, აიგო ეს პირველი სათეატრო ნაგებობაც XIX საუკუნის თბილისში.


წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები