ქართული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული დამწერლობაქართული ანბანური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი და ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი დამწერლობაა მსოფლიოში. ქართული ენის ყოველ ბგერას ანბანში საკუთარი ასო-ნიშანი აქვს. ქართული როგორც იწერება, ისე გამოითქმის და როგორც გამოითქმის, ისე იწერება. ინგლისელმა მეცნიერმა დავიდ ალენმა ქართული დამწერლობის შესახებ თქვა: „ქართული ანბანი ამ ენის ნაირგვარ ბგერათა მთელი სიმდიდრის გადმომცემი უაღრესად სრულყოფილი იარაღია: ასოები ზუსტად და ცხადად გამოხატავენ ყოველ ცალკეულ ბგერას და ამ მხრივ ქართულ ანბანს ვერც ერთი სხვა ანბანი ვერ შეედრება“.

ბოლნისის სიონის წარწერა

ქართულმა დამწერლობამ განვითარების ხანგრძლივი, მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო. დროთა მანძილზე ტრანსფორმაციის შედეგად ქართული დამწერლობის სამი გრაფიკული სახეობა შეიქმნა: 1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი; 2. ნუსხური; 3. მხედრული. XIX საუკუნის დამდეგამდე ხმარებაში იყო ქართული დამწერლობის სამივე სახეობა. თანდათანობით, ბეჭდური საქმის დამკვიდრების შედეგად, ქართულმა მხედრულმა დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა და ერთადერთ ქართულ დამწერლობად იქცა.

მხედრული დამწერლობა თანდათანობით იქმნებოდა უფრო ადრეული — ნუსხური დამწერლობის საფუძველზე. XI საუკუნიდან მხედრული დამწერლობა საბოლოოდ გამოეყო ნუსხურს და გრაფიკულად დამწერლობის დამოუკიდებელ სახეობად იქცა. ქართული მხედრული დამწერლობა ოთხხაზოვანი სისტემის მრგვლოვანი მოხაზულობის დამწერლობაა. ქართული ნუსხური დამწერლობა თანდათანობით იქმნებოდა უფრო ადრეული — ასომთავრული ანუ მრგვლოვანი დამწერლობის საფუძველზე ნუსხური დამწერლობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში. ნუსხური დამწერლობა ოთხხაზოვანი სისტემის კუთხოვანი მოხაზულობის დამწერლობაა. ქართული ასომთავრული ანუ მრგვლოვანი დამწერლობა ქართული დამწერლობის უძველესი სახეობაა. გრაფიკულად ასომთავრული კაპიტალური ანუ მონუმენტური სახის დამწერლობაა მსგავსად ბერძნული კაპიტალური და ლათინური მონუმენტური დამწერლობისა, მაგრამ მოხაზულობით ძლიერ განსხვავდება ორივე დამწერლობისგან.

ქართული დამწერლობის თავისთავადს გრაფიკულ სისტემას საკუთარი სათავე და განვითარების საკუთარი გზა აქვს გამოვლილი. ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ცნობები დაცულია როგორც ქართულ, ისე სომხურ ისტორიულ წყაროებში.

XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი, რომელიც გაცილებით ადრეული წერილობითი ცნობებით სარგებლობდა, წერს: „ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. ესე იგი, ლეონტი მროველის ცნობით, ქართული მწიგნობრობა უკვე არსებობდა მეფე ფარნავაზის დროს, ძვ. წ. IV- III სს. მიჯნაზე.

არსებობს ქართული ტრადიციული ცნობაც ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ეს ცნობა დაცული იყო ხელნაწერ წიგნში „მატიანე შემეცნებათა“. იგი გვაუწყებს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა, ე. ი. ქურუმთა წერილითა, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ. იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა“. ტრადიციული ცნობის თანახმად, ქართული დამწერლობა შემუშავებულია ქართველ ქურუმთა მიერ სემურ დამწერლობათა საფუძველზე წარმართულ ხანაში.

ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ დაცულია სომხურ ისტორიულ წყაროებშიც. კერძოდ, XIII ს. ცნობილი სომეხი მემატიანე მხითარ აირივანეცი თავის „ქრონოგრაფიულ ისტორიაში“ წერს: „პირველმა ქართველმა მეფემ ფარნავაზმა ექვსი ენისაგან შექმნა ქართული ენა, მანვე შეუქმნა დამწერლობა ამ ხალხს“.

ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ სომხურ წყაროებში შემონახულია კიდევ ერთი ცნობა, რომელიც დღეს მეცნიერულ ნდობას აღარ იმსახურებს. ეს ცნობა (V ს. სომეხ მწერალს კორიუნს მიეწერებოდა, მაგრამ სინამდვილეში გვიანდელი შეთხზული აღმოჩნდა. ამ გვიან შეთხზული ვერსიის თანახმად IV-V სს. სომეხ მოღვაწეს მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები მესროპ მაშტოცს სომხური ანბანის შექმნის შემდგომ თითქოს ქართული ანბანი შეუქმნია. როგორც მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, ეს ცნობა X საუკუნეზე ადრინდელი არ არის.

ქართული დამწერლობის მეცნიერულ კვლევას, ქართული დამწერლობის წარმოშობის პრობლემის შესწავლას თავისი ისტორია აქვს. გასარკვევი იყო საკითხი, თუ რომელი დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა, ქართული ანბანი, ქართული ასომთავრული დამწერლობა. ამ საკითხის თაობაზე მეცნიერები სხვადასხვა თვალსაზრისს გამოთქვამდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქართული ანბანის წარმომავლობის ორი თეორია დაუპირისპირდა ერთმანეთს: „ბერძნული“ და „სემური“.

ქართული დამწერლობა

ქართული ანბანის წარმოშობის „ბერძნული“ თეორიის თვალსაზრისისა იყო გერმანელი მეცნიერი ვ. გარდჰაუზენი; ამ თვალსაზრისს ემხრობოდნენ ქართველი მეცნიერები დიმიტრი ბაქრაძე, დავით კარიჭაშვილი; ბერძნული თეორიის სასარგებლოდ გამოუთქვამთ თავისი შეხედულება ა. შანიძეს, პ. ინგოროყვასა და სხვებს. რამდენადმე განსხვავებული თეორია წამოაყენა კ. კეკელიძემ. მისი თვალსაზრისით, ქართული ანბანი ბერძნული და ნაწილობრივ სომხური ანბანის საფუძველზე შეიქმნა ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით 420-422 წლებში. არც „ბერძნული“ თეორიის მიმდევართა შორის იყო თანხმობა. ზოგს ქართული ანბანის პირველწყაროდ არქაული ბერძნული მიაჩნდა, ზოგს კლასიკური ბერძნული, ხოლო ზოგიერთს — ბიზანტიური ხანის ბერძნული.

ქართული ანბანის წარმოშობის „სემური“ თეორიის მომხრენი იყვნენ გერმანელი მეცნიერი ფრ. მიულერი, გ. დეეტერსი, ქართველი მეცნიერები მ. ჯანაშვილი, ს. გორგაძე, გ. წერეთელი.

მაგრამ ქართული დამწერლობის წარმოშობის სხვადასხვა თეორიის მიმდევრებს ქართული დამწერლობის კვლევა მეცნიერულ საფუძვლებზე არ უწარმოებიათ. მათ მიერ წამოყენებული თეორიები ვარაუდების სფეროს არ გასცილებია.

ქართული დამწერლობის კვლევის მეცნიერული საფუძვლები ივანე ჯავახიშვილმა შეიმუშავა. 1926 წ. გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის „ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართული პალეოგრაფიის მეცნიერულ დარგს, ქართული დამწერლობის წარმოშობის მეცნიერულ კვლევას. ი. ჯავახიშვილმა პალეოგრაფიული კვლევის სახელმძღვანელო მეთოდები და პრინციპები შეიმუშავა, დასახა ის გეზი, რომლითაც უნდა წარიმართოს ქართული დამწერლობის შესწავლა.

ი. ჯავახიშვილის მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენების საფუძველზე სომხურ-ქართული ისტორიული წყაროების კრიტიკულმა ანალიზმა (ზ. ალექსიძე) და ქართულ-სომხური დამწერლობის პალეოგრაფიულმა შესწავლამ (რ. პატარიძე) გაარკვია სომხურ-ქართულ დამწერლობათა ურთიერთმიმართების საკითხი, ხოლო ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ რ. პატარიძემ შეიმუშავა ახალი ჰიპოთეზა, რომლის ძირითადი დებულებები შემდეგია: ქართული დამწერლობის უძველესი სახეობა — ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია ქართველ ქურუმთა მიერ სემურ-ფინიკიური დედაანბანური დამწერლობის საფუძველზე ძველი წელთაღრიცხვის 410 წელს.

ფინიკიური ანბანი, როგორც ცნობილია, საერთოდ ანბანური დამწერლობის სათავე და პირველწყაროა. ფინიკიურ ანბანურ დამწერლობას სამი განშტოება აქვს. უშუალოდ ფინიკიური დამწერლობიდან იღებთავეს აღმოსავლური ანბანური განშტოება, აღმოსავლური ანბანური სამყარო. ფინიკიურიდან იღებს სათავეს ბერძნული დამწერლობა, ირომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო დასავლურ ანბანურ განშტოებას — დასავლურ ანბანურ სამყაროს. ფინიკიური დამწერლობის მესამე განშტოებაა ქართული დამწერლობა. ანბანური დამწერლობის გავრცელების ზოგადი სქემა ამგვარია:

სარჩევი

ფინიკიური დამწერლობა

Finikiuri damwerloba.png


უშუალოდ ფინიკიური ანბანის საფუძველზე ორად-ორი დამწერლობა შეიქმნა: ბერძნული და ქართული. გრაფიკის თვალსაზრისით ფინიკიურის საფუძველზე დამწერლობის ორად-ორი თავისთავადი გრაფიკული სისტემა შეიქმნა: ბერძნული და ქართული. დასავლეთის ცივილიზაციის არც ერთ ერს ანბანური დამწერლობის საკუთარი გრაფიკული სისტემა არ შეუქმნია — ყველა ერი დამწერლობის ბერძნული გრაფიკული სისტემით სარგებლობს.

დამწერლობის ქართული გრაფიკული სისტემა ყველაზე უკეთ ასახავს ფინიკიური ანბანური დამწერლობის არსებას. ქართულ ასომთავულ ანბანში ასო-ნიშნებს არა მხოლოდ ფონეტიკური, არამედ იდეოგრაფიული, მათემატიკური, ასტრონომიული და კალენდარული მნიშნელობაც აქვს.

ამიტომ შექმნისთანავე ქართული ასომთავრული ანბანი ქართველ ქურუმთა საიდუმლო დამწერლობა უნდა ყოფილიყო. ყოველგვარი მათემატიკურ-ასტრონომიული და კალენდარული გაანგარიშება უთუოდ ქართული ასომთავრული ანბანის მეშვეობით ხდებოდა. საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდგომ ფარნავაზ მეფემ ქართული ასომთავრული ანბანი საყოველთაო ქართულ დამწერლობად აქცია. სრულიად-ქართული სახელმწიფო დამწერალობა შემოღებულ იქნა ფარნავაზ მეფის მიერ ძვ. წ. 284 წელს. ეს თარიღი საფუძვლად დაედო ქართულ ეროვნულ წელთაღრიცხვას.

ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 1949;
  • ზ. ალექსიძე, ეპისტოლეთა წიგნი, 1968;
  • ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, 1975;
  • რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები, „მაცნე“, 1970, N3;
  • მისივე, ქართული ასომთავრული, „მნათობი“, 1972, N1-3, 6-9; მისივე ქართული წელთაღრიცხვა, „განთიადი“, 1975, N6;
  • მისივე, ქართული წარმართული კალენდარი, „მნათობი“, 1976, N2-4, N6-7.

იხილე აგრეთვე

ფარნავაზი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები