ქართული კვირეულის დღეთა სახელწოდებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული კვირეულის დღეთა სახელწოდებები – მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა დროს კვირეული დღეთა განსხვავებული რაოდენობისაგან შედგებოდა. მაგ. კელტებს ჰქონდათ სამდღიანი, რომაელებსა და ეტრუსკებს – რვა-, ინდოელებს – ცხრა-, ეგვიპტელებსა და ბერძნებს – ათდღიანი დროის ერთეულები, ცენტრალური ამერიკასა და მექსიკაში შემოღებული იყო 3-, 4-, 5-, 6-, 8-, 10-დღიანი კვირეულები. ამჟამად ფართოდ გავრცელებული შვიდდღიანი კვირა ებრაულიდან გადავიდა მრავალ სხვა, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ ერთა ენებში და მთლიანად (ან ნაწილობრივ) შეცვალა ადრინდელი, პლანეტარული სისტემის, სახელწოდებები. იგი შუმერულ-ბაბილონური წარმოშობისად ითვლება.

ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ (1904) ლურსმულ წარწერაში წარმოდგენილია თვის დღეთა სახელწოდებები, რომლებიც რაოდენობითი რიცხვითი სახელებითაა გადმოცემული. ჩამოთვლილ დღეთა შორის მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს აქეს სპეციალური სახელი შაფათ šapattu (შაბათუ), რომელიც ამავე დროს „სავსე მთვარესაც“ ნიშნავს. ითვლება, რომ ეს სახელი იხმარება აგრეთვე ნახევარმთვარისა და მთვარის ყოველი ფაზის ან პერიოდულად განმეორებადი მეშვიდე დღის აღსანიშნავადაც, რამდენადაც ბაბილონურ ჰემეროლოგიაში ამ დღეს განსაკუთრებული, სადღესასწაულო მნიშვნელობა ჰქონდა (ჰ. ციმერნი). ამდენად, ლურსმული წარწერების šapattu გაგებულია როგორც დასვენების დღე (ე. შრადერი). სხვა მოსაზრებით, ეს არის დამთავრების, აღსრულების დღე, ხოლო „დასვენება“ შემდეგ განვითარებული მნიშვნელობაა (ე. მარლერი). ივარაუდება, რომ იუდეველებმა šapattu–ს ინსტიტუტიცა და მისი აღმნიშვნელი ტერმინიც სამხრეთ ბაბილონში ყოფნისას გადმოიღეს და მათი ძირითადი სარწმუნოებრივი კანონით ნიშნავს „შრომის შეწყვეტას“, „დასვენებას“.

როგორც სარწმუნოებრივად მთავარმა დღემ, „შაბათმა“ შემდეგ კვირეულის მნიშვნელობაც შეიძინა. ეს მნიშვნელობაც ისესხეს არა მარტო სემიტურმა, არამედ ბაბილონის გავლენით სხვა ენებმაც. ასეთი ვითარება დამოწმებულია ძველ ქართულშიც, სადაც მთელ კვირას შაბათი ეწოდებოდა (ლევიტ. 20,260; ლუკა 18).

შვიდეულისა და შვიდეულის დღეთა აღსანიშნავად შაბათის სისტემის სახელთა გამოყენება ქართულშიც ქრისტიანობას უკავშირდება და IV-V სს-ში ეს სახელები გაბატონებული ჩანს (ი. ჯავახიშვილი). „შაბათი“, როგორც კვირეულის აღმნიშვნელი ერთეული, ასახულია კვირის დღეებშიც: „ორშაბათი“, „სამშაბათი“, „ოთხშაბათი“, „ხუთშაბათი“. ებრაულის მოდელის მსგავსად შაბათის შემდგომი დღე, ანუ პირველი დღე „კვირაა“, რაც შესაბამისად (სხვა ენათა მსგავსად) აისახა ქართულშიც („ხოლო მწუხრი შაბათისა, რომელიც განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი“, მ. 281). სახელწოდება „კვირა“ ქართულში (ისევე, როგორც მრავალ სხვა ენაშიც), ბერძნულის გავლენითაა შემოტანილი და მთელი კვირეულის აღმნიშვნელი „შაბათის“ მსგავსად kuriake-ც („ღვთის დღე“) მსგეფსის აღმნიშვნელადაც იქცა. რაც შეეხება „პარასკევს“, რომელიც აგრეთვე ბერძნულიდანაა ნასესხები, სპეციალური ტერმინია და ისევ იუდეველთა გავლენითაა განპირობებული: ნიშნავს „მომზადებას“, „სამზადისს“ ებრაული წმინდა შაბათისათვის.

ქართული კვირეულის სახელთა აღნიშვნაში, გარდა ებრაულისა და ბერძნულისა, აშკარად გამოიყოფა აგრეთვე მესამე შრეც – სირიული, რაც სირიელებისა და ქართველების ინტენსიური კულტურულ-ისტორიული კონტაქტების ფონზე მოულოდნელი არ არის. ამიტომ არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ შაბათის სისტემის დღეთა აღმნიშვნელი ქართული ტერმინები წარმოადგენდეს სირიული ტერმინების კალკირების შედეგს. საქმე ისაა, რომ ებრაულ და ბერძნულ ტერმინოლოგიურ შესატყვისებში რიგობითი რიცხვითი სახელები იხმარება (შდრ. აგრეთვე რუს. вторник „მეორე“), მაშინ როდესაც ქართულში (და სომხურშიც) სირიულის მსგავსად გამოყენებულია რაოდენობითი რიცხვითი სახელები.

სირიულმა, ისესხა რა შაბათის სისტემის ებრაული მოდელი, თავის მიკროსისტემაში შეიტანა გარკვეული ცვლილებები – რიგობითი რიცხვითი სახელების ნაცვლად გამოიყენა რაოდენობითი რიცხვითი სახელები. ამიტომ შემთხვევითი არ უნდა იყოს სირიულ და ქართულ ტერმინებში ტიპოლოგიური ადეკვატურობის არსებობა: სირ. „ერთი კვირაში“, „ორი კვირაში“. „სამი კვირაში“, „ოთხი კვირაში“, „ხუთი კვირაში“ – ქართ. „ორშაბათი“, „სამშაბათი, „ოთხშაბათი“, „ხუთშაბათი“ (რომლებიც შაბათი სიტყვის ნათესაობითი ბრუნვის შეკვეცილ ფორმებს უნდა წარმოადგენდეს: „ორშაბათისა“, „სამშაბათისა“…).

მ. ნედოსპასოვა


ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები