ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება – მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1912 „ქართული კულტურის მოყვარულთა წრის” ბაზაზე გიორგი ჟორდანიას ინიციატივით. მასვე ეკუთვნის წესდების პროექტი, რომელიც 29 ოქტომბერს დაამტკიცა თბილისის საგუბერნიო საკრებულომ. დამფუძნებელი წევრები: გ. ჟორდანია, მ. მაჩაბელი, მ. კავსაძე, ლ. გაბაშვილი, ს. გაბუნია, ქ. ჯავახიშვილი, ვ. კარბელაშვილი. პირველ კრებაზე (20 ოქტ.) ხუთი წლის ვადით აირჩიეს საბჭო (1916-იდან ეწოდა გამგეობა): გ. ჟორდანია (თავმჯდომარე), ს. გაბუნია (თავმჯდომარის ამხანაგი), დ. კასრაძე (მდივანი), დ. წითლანაძე, ლ. გაბაშვილი, ვ. კარბელაშვილი (წიგნთმცველი და ხაზინადარი). საზოგადოებაში გაერთიანდა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია: თავდაპირველად 12 წევრი, 1917 – 318, 1927 – 609. გარდა ნამდვილი წევრებისა (ვ. აბაშიძე, ე. გუნია, პ. მირიანაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, ა. წუწუნავა. შ. დადიანი, ა. ახმეტელი, ი. გომართელი, კ. ცინცაძე, ექიმი მ. ზანდუკელი, თ. სახოკია, ზ. ფალიაშვილი, ლ. ბოცვაძე, ი. ზურაბიშვილი, ი. გრიშაშვილი, ვ. ბარნოვი, ა. ჯანდიერი ა. კლდიაშვილი, მ. კელენჯერიძე, მ. ჯანაშვილი, შ. მირიანაშვილი), საზოგადოების მუშაობაში მონაწილეობდნენ დამხმარე წევრები (პ. ინგოროყვა, ი. მჭედლიშვილი, ი. გოგოლაშვილი, მ. ხერხეულიძე…) და საპატიო წევრები (ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ე. თაყაიშვილი, ა. ხახანაშვილი, თ. ჟორდანია, მ. ჯანაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი, მარჯორი უორდროპი, კ. ბალმონტი, ა. სუმბათაშვილ-იუჟინი, ე. აქსიონოვი, ა. იაბლოჩკინი, ე. გოგოლევა, მ. გორკი…).

საზოგადოების მიზანი იყო „საქართველოს ძველი და ახალი კულტურის შესწავლა და მისი პოპულარიზაცია ქართველთა მასაში და მოსწავლე ახალგაზრდობაში, ქონებრივი და იდეური ხელმძღვანელობა ქართული კულტურის შესწავლის მსურველთათვის“. თავის არსებობის მანძილზე (1912–28) საზოგადოებამ ბევრი მნიშვნელოვანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი საქმის გაკეთება შეძლო: კრებებზე იკითხებოდა მეცნიერული-პოპულარული მოხსენებები საქართველოს წარსულიდან, ქართული კულტურის ისტორიიდან, ქართველთა ადათ-ჩვევების, ადათობრივი სამართლის, ქართ. ლიტერატურის, ხალხური ზეპირმეტყველების, მუსიკის, თეატრის… შესახებ, იმართებოდა ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეთა იუბილეები, ხსოვნის საღამოები, შეხვედრები თვალსაჩინო რუს მეცნიერებსა და კულტურის მოღვაწეებთან. ეწყობოდა ქართული მატერიალური კულტურის ნიმუშთა გამოფენები (თბილისში, მოსკოვსა და პეტერბურგში), ზრუნავდნენ ისტორიული ძეგლების დაცვაზე, ხელს უწყობდნენ ქართული ხალხური გალობის გუნდების ჩამოყალიბებას, საოპერო კულტურის განვითარებას (პ. მირიანაშვილმა პირველად აქ წაიკითხა „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტო, ზ. ფალიაშვილმა კი შეასრულა ნაწყვეტები ოპერიდან); მეურვეობდნენ ქართულ დასს და ზრუნავდნენ თეატრის აშენებაზე, კრებდნენ ქართულ სიმღერებს, სალექსიკონო მასალას, გამოსცემდნენ ბროშურებსა და წიგნებს, დახმარებას უწევდნენ ხელმოკლე მწერლებსა და მოღვაწეებს. ნ. ლომოურის პატივსაცემად დააწესეს პრემია (100 მან.) საუკეთესო ახალი ნაშრომისათვის ქართული კულტურის ამა თუ იმ დარგში; სადეპუტატო საკრებულოს მიერ ნიჭიერი ახალგაზრდების დასახმარებლად გამოყოფილ სტიპენდიაზე წარადგინეს ზ. ფაშალიშვილი და მ. ჭიაურელი; ააგეს მწერალთა დასასვენებელი სახლი-თავშესაფარი წაღვერში; ომის დროს წიგნებსა და გაზეთებს აწვდიდნენ ჯარისკაცებს; საზოგადოების მატერიალურად გაძლიერების მიზნით მართავდნენ საღამოებს, სახალხო სეირნობებს, სალიტერატურო-სამუსიკო ხასიათის კრებებს.

საზოგადოება იღვწოდა ქართული ენის როლისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად, მისი ფუნქციების განსამტკიცებლად და მონოლითურობის შესანარჩუნებლად. გარდა წმინდა სამეცნიერო საქმიანობისა, საზოგადოებას თავის დანიშნულებად მიაჩნდა ისიც, რომ ქართველ საზოგადოება პრაქტიკულად შესჩვეოდა ქართულად ლაპარაკსა და აზროვნებას. საზოგადოების ყოველგვარი კრებები, კრების ოქმები, მიწერ-მოწერა მხოლოდ ქართულ ენაზე წარმოებდა; აუცილებლად მიაჩნდათ, რომ ქართული პრესის სათავეში ყოფილიყვნენ „ქართული ენის კარგი მცოდნენი. ქართულად ნაკითხნი და ქართულ მწერლობაზე გაზრდილნი“, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს ჰყოლოდათ სტილისტები და მათ პერიოდულად ჩაეტარებინათ თათბირი რედაქტორებთან პრესაში გამოსაქვეყნებელ. ტერმინთა დასადგენად: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სკოლაში ქართული ენის დაცვას. 1915-16 საზოგადოების საჯარო კრებებზე აქტიურად განიხილებოდა ქართული მართლწერის სადავო საკითხები.

კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისას ბევრი პრინციპული თუ ორგანიზაციული საკითხი იყო წამოჭრილი: უფლებამოსილია თუ არა საზოგადოების კრება საბოლოოდ გადაჭრას სადავო საკითხები, თუ ეს უნდა მიენდოს სპეციალისტთა ყრილობას? შესაძლებელია თუ არა გრამატიკული საკითხების დადგენა დიდ ყრილობაზე, თუ ეს საკაბინეტო საქმეა? ენაში ანარქიის აღსაკვეთად აუცილებელია თუ არა კანონების შემუშავება, ნორმის დადგენა, თუ ერთი რომელიმე ფორმის დაკანონება შემოქმედისა და ცოცხალი მეტყველების შეზღუდვა იქნება? რა უნდა იყოს საყრდენი ნორმის დასადგენად –ცოცხალი მეტყველება, ფონეტიკა. ძველი ქართული, თუ ყველაფერი ერთად? სჭირდება თუ არა ქართულს ორთოგრაფია?.. წამოიჭრა საგრამატიკო ტერმინოლოგიის შემუშავებისა (მ. კელენჯერიძე) და მართლწერის ლექსიკონის შედგენის (ი. იმედაშვილი) საკითხი. გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ დაეწყოთ კრებაზე მართლწერის საკითხებზე მსჯელობა, წარმოდგენილი ყოფილიყო მეცნიერულად დასაბუთებული მოხსენებები, წინასწარ განხილული სპეციალურ კომისიაში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი მოეწვიათ ქართული ენის სპეციალისტთა ყრილობა. ამ საკითხებისათვის შეიქმნა ორი კომისია: „საგრამატიკო (პ. მირიანაშვილი, ს. გორგაძე. კეკელიძე, თ, ჟორდანია, ი. მაჭავარიანი, გ. ყიფშიძე, დ. კარიჭაშვილი, ე. ბარნოვი, კ. ყიფიანი, ი. რატიშვილი) და „სალექსიკონო“ (ც. ყიფიანი, იუსტ. აბულაძე, მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა, ი. რატიშვილი. შემდეგ კრებაზე პ. მირიანაშვილმა წარმოადგინა გეგმა ლექსიკონის შესადგენად და სანიმუშო კითხვითი ფურცელი მასალის შესაგროვებლად.

1917 ყრილობის მოწვევა ვერ მოხერხდა, 1918-იდან კი ქართული კულტურის მეცნიერული შესწავლა ახალდაარსებულ უნივერსიტეტს დაეკისრა. საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა 1928.

ლ. ლეჟავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები