ქარიშხალასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარიშხალასნაირნი (ლათ. Procellariiformes) − ფრინველთა რიგი. ქარიშხალასნაირთა რიგში გაერთიანებულია საშუალო და დიდი ზომის ფრინველები, რომლებიც შეგუებული არიან გაშლილ ზღვაზე ცხოვრებას. გარეგნულად ემსგავსებიან თოლიებსა და თევზიყლაპიებს, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაცაა. ისინი დროის უმეტეს ნაწილს ფრენაში ატარებენ და კარგადაც აქვთ განვითარებული საფრენი აპარატი. დამახასიათებელია გრძელი და ვიწრო, ბოლოში წამახვილებული ფრთები, ბუმბულით სქლად დაფარული სხეული. ნისკარტზედას ქედზე ნესტოები განსაკუთრებულ მილაკებში იხსნებიან. ნისკარტზედას წვერო ქვემოთ მოხრილი კაუჭით ბოლოვდება. წინა თითები ერთმანეთთან შეერთებული არიან საცურავი აპკით. უკანა თითი ძალიან პატარაა ან ზოგიერთ სახეობას სრულიად არა აქვს. კარგად აქვთ განვითარებული კუდუსუნის ჯირკვლები, რომლებიც დაფარული არიან ბუმბულით. მამალი და დედალი შეფერილობით ერთნაირია. შეფერილობა არ იცვლება სეზონურადაც. პირველი რიგის მომქნევები თერთმეტია, ხოლო საჭის ბუმბულები − 12. ქარიშხალასნაირნი კარგად ცურავენ. ხმელეთზე სიარული კი, გარდა ალბატროსისა, ყველა სხვა სახეობის ფრინველებს უჭირთ. ყნოსვა განვითარებული აქვთ უკეთ, ვიდრე სხვა ფრინველებს.

მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ კოლონიებად ზღვების სანაპიროებთან, ხმელეთზე, კლდეებზე ან სოროებში. დებენ ჩვეულებრივად ერთ კვერცხს. ბუდობის პერიოდში ფრინველები უმთავრესად მეღამურ ცხოვრებას ეწევიან. მართვეები იჩეკებიან საკმაოდ შემოსილნი, მაგრამ თვალებაუხილველნი. განვითარება მიმდინარეობს ნელა და გრძელდება 24 თვემდე. ბუდეს ტოვებენ მხოლოდ სრული განვითარების შემდეგ. ბუდეში ყოფნის ბოლო ხანს მშობლებს საკვები აღარ მოაქვთ და მართვეები არსებობენ ცხიმოვანი მარაგის ხარჯზე.

ქარიშხალასნაირთა წარმომადგენლები ფართოდ არიან გავრცელებული ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებზე, მაგრამ სახეობების უმრავლესობა მაინც სამხრეთის ზომიერ სარტყელში მოიპოვება.

ქარიშხალასნაირთა რიგში მხოლოდ ერთი ოჯახია − ქარიშხალასებრნი (ლათ. Procellariidae) ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ქარიშხალასებრთ ოჯახი აერთიანებს 24 გვარს. საქართველოში გვხვდება ერთი გვარი − ქარიშხალა (ლათ. Puffinus) ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა − მცირე ქარიშხალა


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები