ქარონი
ქარონი – (ბერძნ.) მითოსური მენავე, რომელსაც თავისი ნავით გადაჰყავს მიცვალებულები ჰადესის სამეფოში. ერებოსისა და ნიქსის (ან სტიქსის) ვაჟი.
ძველი ბერძნების რწმენით, ჰადესში რამდენიმე მდინარე მიედინება: აქერონი, სტიქსი, ლეთე და სხვა. სწორედ ეს მდინარეები უნდა გადალახოს მიცვალებულის სულმა, აჩრდილთა სამეფოს რომ მიაღწიოს. მაგრამ მირიადი წელიც რომ იცუროს, მარტო ამის გაკეთებას მაინც ვერ შეძლებს. ამიტომ უნდა მიმართოს ქარონს. უშნო, უგვანი ბერიკაცი, ბუზღუნა, ჯმუხი, ღამის ნაშობი, დგას შავ ნავში და გრძელი ძელით იგერიებს გარსშემოხვეულ სულებს. ნავზე ამოსვლის უფლებას აძლევს მხოლოდ მათ, ვინც გადაიხდის ერთ ობოლოსს. ეს არის სულ პატარა სპილენძის ფული, მაგრამ უმისოდ არ შეიძლება, რადგანაც უმოწყალოა მექრთამე ქარონი. იგი სტიქსის ნაპირთან ტოვებს უობოლოსო სულს, რომელიც იქ უაზროდ იხეტიალებს სამარადჟამოდ. ამიტომ ძველად ბერძნები მიცვალებულს დაკრძალვის წინ პირში უდებდნენ ერთ ობოლოსს. ამ ფულს სხვაგვარად ნავლონსაც უწოდებდნენ.
ქარონის მითოსი ეტრუსკებშიც ყოფილა გავრცელებული. იგი მიიღეს რომაელებმაც. ვერგილიუსი მას ბინძურ და თმათეთრ ბერიკაცად წარმოგვიდგენს, ანთებული თვალებით, რომელსაც ხელში ჭოკი უჭირავს. დანტე მას ჭინკას ამსგავსებდა.