ქემერი (ბუხრის ქვა)
ქემერი − ბუხრის ქვა, ბუხრის ფასადის მხარეს არსებული, თაღისებურად გამოთლილი ქვა, რომელიც ორივე ბოლოთი ბუხრის ფეხებს ეყრდნობოდა. იგი მთავარი კონსტრუქციული ელემენტი იყო.
აჭარაში „თავსაფარის” სახით ქემერის შესატყვისი ტერმინიც დასტურდება. ქემერი ორივე ბოლოთი ბუხრის ფეხებს ეყრდნობოდა და კონსტრუქციულად ბუხრის თაროსა და საკვამურის საყრდენს წარმოადგენდა. ქემერი ბუხრის ფეხებზე ერთგვარ კამარას კრავდა და მის ზემოთ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას იძლეოდა, ისე როგორც ეს, ზოგადად, კარისა თუ სარკმლის ღიობის შემთხვევებში ხდებოდა. გარდა ამისა ბუხრის ძირითადი ესთეტიკური თუ საკულტო დატვირთვაც ქემერზე მოდიოდა. იგი ყოველთვის კარგად დამუშავებული და ორნამენტირებული იყო. ქემერზე ძირითადად გეომეტრიული ჩუქურთმა გვხვდებოდა, თუმცა ფართოდ იყო გავრცელებული მცენარეული ორნამენტიც, განსაკუთრებით, სიცოცხლის ხის მოტივი. ცალკეული შემთხვევის სახით დადასტურებულია ქემერის ორნამენტის მცენარეული საღებავით შეღებვის ფაქტიც.
აჭარაში ძირითადად გათლილი ქვის ქემერი იყო წარმოდგენილი, თუმცა ზოგჯერ ხის ქემერსაც შეხვდებოდით. ქემერის თაღს სხვადასხვა ფორმა და მოყვანილობა ჰქონდა. აჭარაში ბუხრის ქემერის სხვა ვარიანტიც არსებობდა, რომლის მიხედვით ბუხრის ქემერი − შედარებით დიდი ზომის თაღი ბუხრის ფეხებზე კი არ იდგა, არამედ იატაკიდან იწყებოდა და კედელში ერთიანი ნახევარრკალის მსგავს ღიობს ქმნიდა. აჭარაში ძველი ბუხრის მოშლის შემთხვევაში, ბუხრის ქვებს სხვადასხვა სამშენებლო თუ კონსტრუქციული დანიშნულებით იყენებდნენ ანდა შეიძლება ამ ქვებით ყორეც აეშენებინათ, თუმცა ქემერს სახლის ანდა ნალიის ქვეშ საგანგებოდაც ინახავდნენ. მას არ ამტვრევდნენ და უვლიდნენ.