ქვარაია ვალერი
ვალერი ლავრენტის ძე ქვარაია – ( დ. 8 ნოემბერი 1950) ქართველი გენერალ-მაიორი.
დაიბადა 1950 წლის 8 ნოემბერს ქალაქ გალში (აფხაზეთის ასსრ). 1967 წელს დაამთავრა სოფელ ჭუბურხინჯის საშუალო სკოლა.
1971 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი და 1984 წელს – ლენინგრადის კალინინის სახელობის საარტილერიო აკადემია.
1971-1973 წლებში მსახურობდა საცეცხლე ოცეულის მეთაურად, ხოლო 1973-1974 წლებში – ბატარეის მეთაურად შუა აზიის სამხედრო ოლქში.
1974-1979 წლებში მსახურობდა საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილედ.
1979-1979 წლებში იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე – შტაბის უფროსი საბჭოთა ჯარების გერმანიის დაჯგუფებაში და საარტილერიო დივიზიონის მეთაური ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში.
1981-1985 წლებში მსახურობდა საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად.
1985-1987 წლებში მსახურობდა საარტილერიო პოლკის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1987- 1991 წლებში – მოტომსროლელი პოლკის მეთაურად.
1991-1992 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი დივიზიის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსი.
1992 წლიდან საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების რიგებშია, სადაც დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსად.
1992-1993 წლებში მსახურობდა II საარმიო კორპუსის სარდლის პირველ მოადგილედ, შემდეგ – სარდლად.
1993-1994 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არტილერიის სამმართველოს უფროსად.
1998 წელს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის სარდლის პირველი მოადგილე, ხოლო
1999 წლის დასაწყისში დაინიშნა განსაკუთრებულ დავალებათა გენერლად.
არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ- საქართველოს ომებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის“ III ხარისხის ორდენით.