ქვითხუროობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვითხუროობა – ქვის დამუშავების ხელოვნება. მას საქართველოში მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რასაც ხელს უწყობდა სამშენებლო და მოსაჩუქურთმებელი ქვების საუკეთესო ხარისხის საბადოები. ქვითხუროობის მაღალი ხელოვნება სრულყოფილად გამოვლინდა როგორც საერო, ისე საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში.

მნიშვნელოვანია ქვითხუროობის დარგი ისტორიული თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ X ს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების – ოშკის სამონასტრო კომპლექსისა და ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის (მთიულეთი, ხადას ხეობა) წარწერებსა და ბარელიეფებში დოკუმენტურადაა ასახული ქვის დამუშავების ეტაპები და სამშენებლო საქმიანობის პროცესები.

ქვითხუროობის მშენებელთა ორგანიზაციას სათავეში ედგა ხუროთმოძღვარი და „ზედამდგომელი“, რომლებსაც ევალებოდათ მშენებლობის ზოგადი პროცესების წარმართვა. ხუროთმოძღვარს თანაშემწედ ჰყავდა „კალატოზი“, ხოლო დიდი მშენებლობის დროს – „კალატოზთუხუცესი“, რომელიც უშუალოდ განაგებდა შენების ტექნიკურ მხარეს. შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ „საქმის მოქმედნი“, ანუ „მუშაკნი“ – დღევანდელი გაგებით მშენებლობის ფიზიკურად შემსრულებელნი, რომელთა სამუშაო პროცესს წარმართავდნენ კალატოზთა და ქვითხუროთა „ზედამხედველნი“. ქვის უშუალო დამამუშავებელთ ეწოდებოდათ „ხურონი ქვათა“, სადაც ერთიანდებოდნენ: „ქვის მხდელები“ (ლოდთა მომტეხნი), „ქვის გამომკვრელნი“, „ქვის მომჭრელნი“, „ქვის მომჩუქურთმებლები“. ქვითხუროობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვის დასამუშავებელ იარაღებს, რომელთა მაღალხარისხოვანი ნიმუშების შექმნას ხელს უწყობდა, როგორც სამთამადნო წარმოების შესაბამისი ბაზა, ასევე ლითონის დამუშავების უძველესი ტრადიციები, რომლის ჩამოყალიბების სათავეში იდგნენ ქართველური მოდგმის ტომები: ქართები, თუბალები, ხალიბები, მოსინიკები.

სხვადასხვა სახის ქვის დამუშავება მოითხოვდა შესაფერის რკინის იარაღს, რომელიც თავისი ფუნქციის მიხედვით იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:
1. ქვის გასაპობი და გამოსატეხი;
2. ქვის საწვერ-სათლელი და საჩუქურთმებელი;
3. ქვის სამართ-საზომი და ასაწევ-გადასაბრუნებელი;
4. ქვის გადასაადგილებელი.

ქვითხუროობა საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო განვითარებული. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო იმერეთში, მესხეთში, ქართლში, მთიულეთში. ქვითხუროობამ თავის განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია სასულიერო არქიტექტურაში, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ეკლესიები, ტაძრები, ციხეები, საფლავის ძეგლები, წისქვილის ქვები და გვიმები, ბუხრები, წყარო-ნაგებობანი, ჭები, ჭიშკრის მასიური სვეტები, ყორენაგებობანი, ქვაფენილები, სანიაღვრე ღარები, ქვის კეცები, ჯამები, წყლის როფები, მაგიდები და სხვ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები